ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ რეკორდებით მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი მოწინავე სამეულის დამაჯერებელი გამარჯვებებით განახლდა. ‘ლელომ’, რუსთავის ‘ხარებს’ სამნიშნა ციფრით მოუგო და ქულებით ტოლ-სწორად მყოფ ‘აიასთან’ ჭიდილში ცხრილის პირველი საფეხური უკეთესი პირისპირ ბალანსით შეინარჩუნა. ‘ბათუმმა’ 2 შეხვედრა გამართა (მათ შორის  ‘აკადემიასთან’ გადადებული), სადაც ქულათა მაქსიმუმი აიღო და სატურნირო ცხრილში ადგილი ვადამდე დაიბევა.

‘ხვამლმა’ მიჯრით მესამე მოგებით ელიტაში დარჩენის გარკვეული შანსი შეინარჩუნა. მართალია, მუხიანელებმა ცხრილში ჩამორჩენა პლეი ოფის ბოლო, მე-6 ადგილზე მყოფ ‘ხარებთან’ 3-ქულამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ 2 ტურში მეტოქეებად ‘ლელო’ და ‘ბათუმი’ ეყოლებათ, ქვემო ქართლელებს კი ბოლო ტურში ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილ აუტსაიდერ ‘არმაზსთან’ მოუწევთ დაპირისპირება. ისიც აღსანიშნავია, რომ ‘ხარები’ ცხრილის მეოთხე საფეხურზე მყოფ ‘ყოჩებს’ 4 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ ‘ყოჩებმა’ აღებული ნუგეშ-ქულით მდევარ ‘აკადემიასთან’ უპირატესობა 3-ქულამდე გაზარდა.

პირველობის ლიდერი ‘ლელო’ რუსთავის ‘ხარებს’ მესამე მასივში დაუხვდა და ბრინჯაოსმედალოსანი ქვემო ქართლელები უთანასწორო ბრძოლაში სეზონის რამდენიმე რეკორდის თანხლებით დაამარცხა. ‘ლელო’ მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში საგრძნობლად აღემატებოდა და შეხვედრამაც ლიდერისთვის პრაქტიკულად ვარჯიშის ხასიათი მიიღო. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა მატჩი სამნიშნა ციფრით მოიგეს, გაიტანეს ყველაზე მეტი, 16 ლელო და თან შეხვედრაში ყველაზე სოლიდური სხვაობაც დააფიქსირეს. ‘ლელოს’ ფრთა ლუკა ხორბალაძემ „პოკერი“ გაახერხა, მგეზავმა ლუკა ჭინჭარაულმა კი შესრულებულ „დუბლს“, 12 გარდასახვაც დაურთო – 104:0.

ჩემპიონმა ‘აიამ’ ‘აკადემიას’ „აია არენაზე“ უმასპინძლა და მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა. რიონისპირელთა კვაჭ გივი ჭუმბურიძის შესრულებული „ჰეთ-თრიკის“ წყალობით მასპინძლები შესვენებაზე 33-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მატჩის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ‘აია’ დიდ უპირატესობას ფლობდა და სტუმრებს მთლიანობაში 10 ლელო დაუდო. შუამარბი გივი კაშია მეორე ნახევარში „დუბლით“ გამოირჩა. „მხატვართა“ მარცხს წერტილი ბოლო წუთებზე მასპინძელთა კაპიტან და მგეზავ ელგუჯა მახარეიშვილის გატანილმა ლელომ დაუსვა. ‘აკადემიას’ მხრიდან პრესტიჟის ლელოს დადება მეორე ნახევარში მარქაფადან ჩართულმა მარბიელმა გიორგი ჭანტურიამ მოახერხა – 58:10.

პირველობის განახლებიდან ‘ბათუმმა“ მიჯრით 2 შეხვედრა ჩაატარა. თენგიზ გოგიბერიძის ბიჭებმა ჯერ ჩემპიონატის სადებიუტო გადავადებულ შეხვედრაში ‘აკადემიას’ აჭარის დედაქალაქში – 47:7 მოუგეს. პირველ ნახევარში ბათუმელთა ფრთა გიორგი გორგილაძემ „დუბლი“ შეასრულა, მეორე ტაიმში კი ასევე წყვილი ლელოს გატანა მასპინძელთა კვაჭმა და კაპიტანმა თორნიკე გაბელაიამ მოახერხა. ბათუმელთა მგეზავმა ბუბა ნოზაძემ 6 გარდასახვა გამოიყენა. „მხატვრები“ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს პირველ ტაიმში ბურჯ ერეკლე ონიკაშვილის დადებული ეული ლელოთი გადაურჩნენ.

,ბათუმს’, პრობლემები არც აუტსაიდერ მარნეულის ‘არმაზსთან’ გასვლით შეხვედრაში შექმნია. აჭარლებმა ქვემო ქართლელები ბურჯ ნიკა ბეროშვილის ერთადერთ ლელოს დააჯერეს, საკუთრივ კი მასპინძლებს 14 ლელო დაუდეს. შუამარბი კონსტანტინე კეშელავა და ფრთა ზურა ნოზაძე „დუბლით“ გამოირჩნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტუმართა კვაჭ გიორგი პაიჭაძის გატანილი ლელო. მარქაფადან ჩართულმა პაიჭაძემ მოედნის ცენტრიდან, სისწრაფეზე ინდივიდუალური გარღვევით 5 მეტოქე ფინტების კასკადით ჩამოიცილა და მარნეულელებს ულამაზესი ლელო დაუდო – 88:5.

ტურში ყველაზე დაძაბული, „ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლისა’ და ‘ყოჩების’ დაპირისირება გამოდგა. „ოქროს“ ჯგუფში დასარჩენად და პლეი ოფში მოსახვედრად მასპინძლებს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა. მართალია, მატჩის დიდი ნაწილი უპირატესობას მუხიანელები ფლობდნენ და მთლიანობაში მეტოქეზე 2-ით მეტი, 5 ლელოს გატანაც მოახერხეს, მაგრამ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ‘ხვამლმა’ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლო. ‘ყოჩების’ კვაჭ ლუკა ავეტიანის დადებულმა ლელომ ‘ხვამლის’ ანგარიშში უპირატესობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ბოლო წუთებზე მარქაფადან ჩართულმა მუხიანელთა ჰავბეკმა მამუკა ნადარაიამ ჯარიმა ზუსტად დაარტყა და საკუთარი გუნდის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც დააფიქსირა – 32:28.