ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ რეგულარული სეზონი ტრიუმფით ჩაამთავრა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. 14-ე ტურის საკულტო შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი და უპირობო ლიდერი ‘ლელო’ ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლს’ დაუპირისპირდა. მართალია, ჩემპიონს პირველი ადგილი უკვე განაღდებული ქონდა, თუმცა თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები მოტივაცის, თავიანთი ფეიერული 4-წლიანი აღმასვლის გაგრძელებით ინარჩუნებდნენ. მუხიანელებს კი ბრძოლის ჟინს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსთან ერთად, პირველ წრეში განცდილი პირწმინდა მარცხის სიმწარეც (3:61) უორმაგებდათ.

მუხიანელთა დიდი მონდომების მიუხედავად ბრძოლა ამჯერზეც არ შედგა. ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მორაგბის არყოლის მიუხედავად (‘ლელოს’ თავკაცობა შემადგენლობის როტაციას ყველა შეხვედრაში მიმართავს), ჩემპიონი მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდა, რაზეც თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდთა მიერ გატანილი 9 უპასუხო ლელო და მატჩის „მშრალი“ ანგარიშით მოგებაც მეტყველებს – 55:0. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე შეხვედრის დებიუტში ბურჯ ბადრი ციხისთავის ლელომ დაუდო. ციხისთავი ერთადერთი მორაგბე გამოდგა, ვინაც „დუბლი“ შეასრულა. მუხიანელთა მარცხს კი წერტილი ‘ლელოს’ მგეზავმა და კაპიტანმა პეტრე ხუციშვილმა დაუსვა, რომელმაც გატანილი ლელოს გარდა, ძლიერ ქარში 5 გარდასახვაც გამოიყენა.

‘ლელომ’ რეგულარული სეზონი 100 %-იანი შედეგით დაასრულა. ჩემპიონმა 14-ივე შეხვედრა ბონუსის თანხლებით მოიგო და მაქსიმალურ 70 საცხრილო ქულას მოუყარა თავი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ბუბუტეიშვილის ბიჭები თამაშში საშუალოდ 58 ქულას აგროვებდნენ და მეტოქეებს საშუალოდ 5 ქულის აღების შესაძლებლობას აძლევდნენ. ისიც აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული ‘ლელომ’ 58-ივე გამართული ოფიციალური შეხვედრა მოიგო და  პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 2 მატჩში ვერ მოახერხა. „ოქროს“ პლეი ოფის პირველ ეტაპზე ‘ლელოს’ მეტოქე „ვერცხლის“ ჯგუფის მეორეადგილოსანი ‘ყოჩები’ იქნება. ‘ხვამლმა’ სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და პლეი ოფში მეტოქედ ‘აკადემია’ ირგუნა. მართალია, ‘აკადემია’ და ‘ხვამლი’ საცხრილო ქულების მხრივ ტოლ-სწორად არიან, თუმცა „მხატვრები“ მუხიანელებს  უკეთესი პირისპირ ბალანსით აღემატებიან და ‘არმაზსთან’ გადადებული შეხვედრის შედეგის მიუხედავად, ცხრილში მეოთხე ადგილს შეინარჩუნებენ.

პლეი ოფის დასკვნითი, მერვე მონაწილე ქვემო ქართლის დედაქალაქში გაირკვა. რეგიონულ დერბიში, მასპინძელ ‘ხარებს’ მეტად მოტივირებულმა მარნეულის ‘არმაზმა’ აჯობა – 20:15. დავით კიკნაძის ბიჭებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, მდევარ ‘ლოკომოტივისთვის’ მიუწვდომელნი გახდნენ და პლეი ოფში თამაშის უფლებაც დაიბევეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ‘არმაზის’ კარნახით წარიმართა. შუამარბების: ნიკა გოგუასა და გიორგი ლომიას გატანილ ლელოთა წყალობით სტუმრები შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მართალია, მეორე ტაიმში ‘ხარები’ გააქტიურდა, თუმცა მასპინძლებს ვერც ფრთების: გიორგი გელაშვილისა და ალექს ზაზაძის დადებულმა ლელოებმა უშველა. ნიკა გოგუამ „დუბლის“ შესრულება მოახერხა და საკუთარ გუნდს პლეი ოფის დარჩენილი, ვაკანტური საგზურიც მოუტანა. ‘ხარებმა’ სეზონი მესამე ადგილზე ჩაამთავრა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე დაპირისპირება კვლავ ‘არმაზსთან’ მოუწევთ. მარნეულელებმა პირველობა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.

„ავჭალა არენაზე“ ‘აკადემია’-‘აიას’ შეხვედრა ოდენ პრესტიჟის ხასიათს ატარებდა. ამის მიუხედავად ‘აია’ მოედანზე სრული საბრძოლო განწყობით გავიდა და მასპინძელი „მხატვრები“ უშანსოდ დატოვა – 50:7. ‘აია’ სწრაფად, უნარიანად შლიდა ოვალს და ‘აკადემიას’ სტატიკაშიც აღემატებოდა. რიონისპირელებმა 8 ლელოს გატანა მოახერხეს, რომელთა დიდი ნაწილი ხელდახელ თამაშით იქნა დადებული. ‘აიას’ ფრთა ლუკა ბრეგაძემ პირველივე ტაიმში „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, კვაჭმა კახა ჩიხლაძემ კი პირად აქტივს „დუბლი“ შემატა. „მხატვართა“ მხრიდან პრესტიჟის ლელოს გატანა პირველ ნახევარში შუამარბმა რატი პაპაშვილმა მოახერხა. მეორე ადგილზე გასული რიონისპირელების მეტოქე პლეი ოფში „ვერცხლის“ ჯგუფის გამარჯვებული ‘ბათუმი’ იქნება.

‘იუნკერები’-‘ლოკომოტივის’ შეხვედრაც სატურნირო ცხრილის მხრივ აღარაფერს წყვეტდა. პირველობის ორივე ხელმოცარული გუნდი მომავალ სეზონში რანგით დაბალ, „ვერცხლის“ ლიგაში იასპარეზებს. მიმდინარე ჩემპიონატში უქულოდ მყოფი კიკეთელები „კარის გაჯახუნებას“ ლამობდნენ და საწადელთან ახლოსაც იყვნენ…

„რკინიგზელებმა“ ტაიმი ფულბეკ ხარება ფასურიშვილის ლელოთი მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ორივე გუნდის ტექნიკურ წუნს, ‘ლოკომოტივის’ მხრიდან აღებული უხვი ჯარიმებიც დაერთო. კიკეთელებმა აღნიშნული გარემოებით კარგად ისარგებლეს. მარბიელ გიორგი ახობაძის დადებული ლელო მგეზავმა ირაკლი ბარნაბიშვილმა გარდასახა, რამაც ‘იუნკერები’ პირველ გამარჯვებას მიუახლოვა. ‘ლოკომოტივმა’ მატჩის დასკვნით მონაკვეთში მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და ბოლო წუთზე ჰავბეკ საბა მაჩიტიძის გატანილი ჯარიმით სეზონში მესამე გამარჯვება გაიფორმა – 8:7 და პირველობა მეშვიდე ადგილზე ჩაამთავრა. აღებული ნუგეში კი აუტსაიდერ კიკეთელთათვის სეზონში ერთადერთი სამატჩო ქულა გამოდგა.

„ოქროს“ პლეი ოფის პირველ ეტაპზე (2-მატჩიანი 1/4-ფინალები) ითამაშებენ:

ლელო (1) – ყოჩები (8)

აია (2) – ბათუმი (7)

ხარები (3) – არმაზი (6)

აკადემია (4) – ხვამლი (5)

პლეი ოფის პირველი მატჩები უარესნომრიანი გუნდების არენებზე გაიმართება