ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ მოგებათა რეკორდული სერია გაზარდა

ჭაბუკთა ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეცხრე ტურმა მოულოდნელი შედეგების გარეშე ჩაიარა. მორიგი წარმატების შემდეგ ‘ლელომ’ მოგებათა რეკორდული სერია გაიღრმავა. ჩემპიონმა გასული სეზონის სადებიუტო შეხვედრიდან მოყოლებული დღემდე გამართული 23-ივე მატჩი ბონუსის თანხლებით მოიგო. თორნიკე კალანდარიშვილის შეგირდები ტიტულს წარმატებით მიჯრით მეხუთედ იცავენ და მიმდინარე სეზონში ჩემპიონს მეტოქენი ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევენ.

მეცხრე ტურში, ‘ლელო’ დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიას’ „რაგბი პლატოზე“ დაუპირისპირდა და მასპინძლები რაგბის ყველა კომპონენტში პირწმინდად დაჩაგრა. ფავორიტი ლაღად, სისწრაფეზე, კომბინაციურ სტილში მოქმედებდა და ლელოთა დიდი ნაწილი ეფექტური და საამო საცქერი გახლდათ.

ჩემპიონმა მთლიანობაში 9 ლელო გაიტანა. ჰეთ-თრიკით კვაჭი ნიკოლოზ ბაბუნაშვილი გამოირჩა. მხტომელმა ჯაბა ოდიშარიამ, ბურჯმა გიორგი მამიაშვილმა და ფულბეკმა საბა არჩვაძემ „დუბლი“ გაიფორმეს. გუნდის კაპიტან და მგეზავ პეტრე ხუციშვილს 9-დან მხოლოდ 1 გარდასახვა გაუცუდდა. „მხატვრებმა“ კლასში არსებული საგრძნობი სხვაობის მიუხედავად ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წუთზე კვაჭ საბა ჯელიას მოლით დადებული ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი დააღწიეს – 61:7. ‘ლელო’ ლიდერობას მაქსიმალური შედეგით, 45 ქულით აგრძელებს და მდევარ ‘აიას’ 9 ქულით უსწრებს. ‘აკადემიას’ კი სეზონში მეხუთე მარცხი მეექვსე პოზიციამდე დაქვეითების ფასად დაუჯდა.

2014 წლიდან მოყოლებული ‘აია’ უმედლოდ არ დარჩენილა და საქმეს ისეთი პირი უჩანს რომ, ხსენებულ ტრადიციას რიონისპირელები მიმდინარე სეზონშიც შეინარჩუნებენ. ‘აია’ განვლილ ტურში „ხვამლი არენაზე“ ‘ლოკომოტივს’ სტუმრობდა და 7 უპასუხო ლელოს მეშვეობით „რკინიგზელებს“ „მშრალი“ ანგარიშით – 39:0 მოუგო. „რკინიგზელები“ მოწინავე ექვსეულს უკვე 12 ქულით დაშორდნენ და პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსიღა შერჩათ.

‘აიას’ წარმატებას სათავე მატჩის დებიუტში მღლეტელ ლუკა კიკვაძის ლელომ დაუდო. რიონისპირელები სიჩქარეზე, ხელდახელ თამაშს ეძალებოდნენ, ოვალს კარგად შლიდნენ და შვიდივე გატანილი ლელო ხაზის მოთამაშეთა აქტიურობის შედეგი გახლავთ. მატჩის გამორჩეულმა მოთამაშე მიხეილ ჟორჟოლიანმა „დუბლი“ შეასრულა. ‘აიას’ ფულბეკმა თავისი მეორე და იმავდროულად მატჩის ბოლო ლელო საკუთარი ნახევარიდან, ფინტების კასკადითა და მეტოქის ნახევარი გუნდის მოტყუებით გაიტანა. ‘აიამ’ სეზონში მოგებულ შვიდივე შეხვედრაში მოახერხა ბონუსის აღება და სატურნირო ცხრილში ლიდერ ‘ლელოს’ კვლავინდებურად 9 ქულით ჩამორჩება, მდევარ ‘ხარებთან’ კი რიონისპირელებმა უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდეს.

ტურის გამორჩეული შეხვედრა რუსთავში გაიმართა. ერთმანეთს მოწინავე კვარტეტში მყოფნი, ადგილობრივი ‘ხარები’ და ‘ხვამლი’ დაუპირისპირდნენ. ქომაგმა ლაღი, შემტევი რაგბი და ჯამში დადებული 10 ლელო იხილა. მართალია, მუხიანელებმა ფავორიტ მასპინძლებს ტოლი არ დაუდეს და დიდი ბრძოლაც გაუმართეს, პირველი ტაიმი 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა ‘ხარებმა’ მთლიანობაში მეტოქეზე 2-ით მეტი ლელოს გატანა და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს – 40:26.

მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა უკანახაზელთა ჩაუქობის ხარჯზე მოიპოვეს. ქვემო ქართლელები დროული ოფლოუდების თანხლებით, სისწრაფეზე ხაზს კარგად ჭრიდნენ და 5 ლელო ბეკების აქტიურობას მოყვა. ‘ხარების’ რიგებში „დუბლით“ მარბიელი თამაზ ჭამიაშვილი გამოირჩა. მასპინძელთა  შუამარბმა ალექს ზაზაძემ კი 5 გარდასახვას 1 გატანილი ჯარიმაც დაურთო. ‘ხვამლის’ მხრიდან აღნიშვნის ღირსია ირაკლი ბეგლარიშვილის კარგი თამაში. მუხიანელთა მღლეტელმა „დუბლი“ გაახერხა და თან ორივე ტაიმში საკუთარი გუნდის ანგარიშში დაწინაურებაც შეძლო.

ვაზისუბანში, ‘არმაზმა’ პირველობის აუტსაიდერ ‘იუნკერებთან’ სათანადო მობილიზება მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა. ცხრილში უქულოდ მყოფი კიკეთელები კი მედგრად იბრძოდნენ და მეორე ნახევრის დებიუტში ფრთა მიხეილ მამულაშვილის გატანილი ლელოთი ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურებაც მოახერხეს.

ქვემო ქართლელებმა ტემპს უმატეს და დარჩენილ დროში აუტსაიდერს 4 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘არმაზის’ კვაჭმა გიორგი მექვაბიშვილმა და მარბიელმა ნიკოლოზ კუჭავამ „დუბლი“ შეასრულეს. ბოლო წუთზე კი შუამარბ ზურაბ ონიანის ლელომ დავით კიკნაძის ბიჭებს მატჩი საშური ბონუსით მოაგებინა – 31:13. სწორედ აღნიშნულმა პრემიალურმა ქულამ ‘არმაზს’ ცხრილში ‘ხვამლთან’ გატოლების შესაძლებლობა მისცა, თუმცა უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე მუხიანელები მეოთხე პოზიციას ინარჩუნებენ.

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში წლეულს კიდევ ერთი ტური გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს ‘ლელოსა’ და ხარების’ შეხვედრა იწვევს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე