ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ პირველი წრე რეკორდების ცვენით მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში პირველი წრე ‘ლელომ’ მაქსიმალური შედეგითა და რამდენიმე უნიკალური მიღწევის თანხლებით მოიგო. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა განვლილ 7 ტურში ყველა მეტოქესთან აიღეს ბონუსი, გასული სეზონიდან მოყოლებული კი მოგებათა სერია 21 მატჩამდე დააგრძელეს. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში ჩემპიონს ლელო მხოლოდ ‘აკადემიამ’ დაუდო. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ‘ლელო’ თამაშში საშუალოდ 60 ქულაზე მეტს აგროვებდა, როდესაც მეტოქეები საშუალოდ 4 ქულის აღებასაც ვერ ახერხებდნენ.  ‘ა’ ლიგის ისტორიაში ‘ლელოს’ ხსენებული მაჩვენებლები რეკორდის ტოლფასი გახლავთ. ბუბუტეიშვილის ბიჭებმა მთლიანობაში 35 მაქსიმალური საცხრილო ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე მყოფ რუსთავის ‘ხარებს’ 7 ქულით უსწრებენ.

პირველი წრის დასკვნითი ტურის გამორჩეული შეხვედრაში, ‘ლელო’ მუხიანში ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლს’ ესტუმრა. მუხიანელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართეს და ჩემპიონი ფრთა შალვა აფციაურისა და შუამარბ დიტო ბერაიას ლელოებს დააჯერეს. ტაიმის მიწურულს კი ‘ხვამლის’ მგეზავმა’ გიორგი ბურდულმა ჯარიმაც გაიტანა, რაც მუხიანელთა ერთადერთი შედეგიანი ქმედება გამოდგა.

მეორე ნახევარში ჩემპიონმა სისწრაფეს უმატა, მეტოქეს სათამაშო სივრცე მეტად შეუზღუდა, ხაზიც იოლად გაუჭრა და  პირველი ნახევრის მონაგარს კიდევ 7 ლელო წაუმატა. აფციაურმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო ბერაიმ „დუბლი“ მიითვალა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა პეტრე ხუციშვილმა გატანილ ლელოს, 9-დან 8 ზუსტად შესრლებლი გარდასახვაც დაურთო-61:3.

წინა ტურში, ‘ლელოსთან’ მტკივნეული მარცხის შემდეგ ‘აიამ’ მობილიზება სრულად მოახერხა და ‘აკადემიასთან’ საშინაო შეხვედრის მეორე ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. „მხატვრებმა“ პირველ ტაიმში ფავორიტს ბევრი არაფერი დაუთმეს. ბესიკ ჩინჩალაძის ბიჭები მასპინძლებს ხაზს ხშირად უჭრიდნენ, თუმცა რიონისპირელთა დაცვა პრაქტიკულად შეუცდომლად მოქმედებდა, გადამწყვეტ მომენტში ოვალს კარგად ხურავდა და სტუმრები შუამარბ ლუკა კობაურის ეულ ჯარიმას დააჯერა. საკუთრივ კი რიონისპირელებმა მგეზავ მიშა ჟორჟოლიანის ჯარიმას, ცქვიტად გარჯილი ჰავბეკის ზურაბ ხურციძის ლელო დაურთეს და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ-8:3.

მეორე ნახევარში ‘აიას’ უპირატესობა გამოიკვეთა. მასპინძლები ლაღად, სისწრაფეზე მოქმედებდნენ, „მხატვრებს“ ხაზსსაც კარგად უჭრიდნენ და თან არაერთი მახვილგონივრული კომბინაციის შესრულებაც მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ „მხატვრებმა“ ტრავმების გამო 2 მორკინალთან ერთად, ჰავბეკის გამოკლებით ძირითადის ღერძი სრულად მოისაკლისეს. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, რიონისპირელთა ხსენებული უპირატესობა 4 უპასუხო ლელოში აისახა-34:3. თავი, ფრთა სოლომონ რაზმაძემ, მღლეტელმა კაპიტანმა დათო ვარდანიძემ და მარქაფადან ჩართულებმა: ჰავბეკმა ლადო ტყაბლაძემ და ფრთა ლუკა ბრეგაძემ გამოიჩინეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვახტანგ შარვაშიძის საუცხოო თამაში. ‘აიას’ მღლეტელი დერეფანში, ბოჭვებში, დროულ გადაცემებსა და შებრუნებულ პასებში შეუდარებელი გახლდათ.

‘არმაზი’-‘ხარების’ ქვემო ქართლული დერბი ვაზისუბანში გაიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილი მეტად დაძაბული გამოდგა და ერთი ხანობა ‘არმაზის’ ბურჯმა გიორგი დანელიამ ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა, რის შემდეგ თავი იჩინა მარნეულელთა რამდენიმე წამყვანი მორაგბის არყოლამ და მწირმა მარქაფამ.

‘ხარები’ ოვალს კარგად შლიდნენ, სივრცეზე ძალუმად უტევდნენ და თანარეგიონელებს ფიზიკური კონდიციებითაც აღემატებოდნენ. რუსთაველებმა მთლიანობაში 7 ლელოს გატანა მოახერხეს. მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, ‘ხარების’ მარბიელმა ნიკა ლომიძემ თანაგუნდელთა მონაგარიდან საწყისი 4 ლელო პირად აქტივში მიითვალა-41:5. ბონუს-ქულათა თანხლებით, მიჯრით მეოთხე მოგებამ ‘ხარებს’ ცხრილში მეორე პოზიცია შეუნარჩუნა და ქუთაისში, ‘აია’-ხარების’ დაპირისპირება მეორე წრის გამორჩეული სადებიუტო შეხვედრის სტატუსს იძენს. რიონისპირელებს ქვემო ქართლელებამდე ცხრილში სულ 2 ქულა აშორებს.

პირველობაზე მოუგებლად მყოფი აუტსაიდერების, ‘ლოკომოტივისა’ და ‘იუნკერების’ შეხვედრას „ხვამლი არენამ“ უმასპინძლა. მართალია, მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა „რკინიგზელები“  სიჩქარეზე, უფრო სწრაფად მოქმედებდნენ და მათი შეტევებიც უფრო მწვავე ხასიათს ატარებდა.

‘ლოკომოტივის’ მღლეტელ ლუკა ონიანის ლელოს, მეორე ნახევარში „რკინიგზელთა“ მარქაფადან ჩართული ფულბეკის ხარება ფასურიშვილის ლელოც წაემატა. მგეზავმა ლუკა სახელაშვილმა კი 1 გარდასახვას 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო, რამაც ‘ლოკომოტივს’ სეზონში პირველი გამარჯვება არგუნა და პლეი ოფში მოხვედრის გარკვეული შანსიც დაუტოვა-18:10. ‘იუნკერების’ მხრიდან „დუბლით“ მღლეტელი ავთო ნიკოლაძე გამოირჩა, თუმცა ორივე გაცუდებულმა გარდასახვამ კიკეთელები ნუგეშის გარეშე დატოვა. „რკინიგზელებმა“ მეექვსე ადგილზე მყოფ ‘არმაზსთან’ ჩამორჩენა 5-ქულამდე შეამცირეს და მომდევნო ტურში სწორედ მოწინავე ექვსეულში მოხვედრის უშუალო კონკურენტს დაუპირისპირდებიან. მონაწილეთა შორის ერთადერთი მოუგებლად დარჩენილი ‘იუნკერები’ კი კინკილა ნუგეშ-ქულით ცხრილის ბოლო საფეხურს იკავებენ.