ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ ჩემპიონობა დაიბრუნა!

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის დიდ ფინალს „ავჭალა არენამ“ უმასპინძლა. რეგულარული სეზონის გამარჯვებული ‘ლელო’ და მოქმედი ჩემპიონი ‘აია’ გადამწყვეტ შეხვედრაში ტიტულის მფლობელს, ბოლო 7 ჩემპიონატიდან, მეექვსედ არკვევდნენ. დიდ დიღმელთა ჰეგემონიის შეჩერება რიონისპირელებმა გასულ წელს, დრამატულ ფინალში მხოლოდ 1-ით ნაკლები მიღებული ყვითელი ბარათის ხარჯზე მოახერხეს.

წინა სეზონების მსგავსად, ლელომ რეგულარული სეზონი დამაჯერებლად მოიგო და პირველობის ორივე შეხვედრაში უშუალო კონკურენტი ‘აია’ უშანსოდ დატოვა. თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდებმა რიონისპირელებს შინ 38:10, სტუმრად კი 45:0 მოუგეს და სეზონის მანძილზე ერთადერთი მარცხი ‘ბათუმთან’ გასვლით შეხვედრაში იწვნიეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ფინალამდე, პლეი ოფის ორივე ეტაპზე ‘ლელომ’ „მშრალი“ ანგარიშით“ იმარჯვა და 25 გატანილ ლელოსთან ერთად, ჯამში 168 სამატჩო ქულა დააგროვა.

‘ლელო’ ფინალში უპირატესობას მატჩის დებიუტშივე დაეუფლა და მარბიელმა ანდრო დვალმა თანაგუნდელთა პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. დვალი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მორკინალიც გახლდათ. ‘აია’ რაქში კარგად გაისარჯა და მასპინძელთა 5-მეტრიანს რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალუმად უტია, თუმცა მეტოქის ჩაბეტონებულ დაცვას ვერაფერი დააკლო. დარჩენილ დროში ‘ლელო’ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და რიონისპირელებმა მხოლოდ ერთხელ, პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს ლელოს გატანა. რიცხობრივი უპირატესობა ‘აიას’ ფრთა ლუკა მინდიაშვილმა გამოიყენა.

თორნიკე ბუბუტეიშვილის შეგირდები მეტოქეს სისწრაფეში, სწრაფად გადაწყობასა და მიყოლაში, დერეფანში, ხშირ და ეფექტურ ბოჭვებსა და თამაშის ორგანიზაციაში მკვეთრად აღემატებოდნენ. ‘ლელომ’, რიონისპირელებს ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილა. ნამდვილი ბენეფისი მოიწყო ‘ლელოს’ მარცხენა ფრთა ლუკა ცირეკიძემ, ვინაც „პოკერი“ გაახერხა. კიდევ ერთი ლელო სტუმრებს შუამარბმა საბა ციხელაშვილმა გაუტანა. გუნდის კაპიტან ლუკა ხორბალაძესთან ერთად დიდებულად გაისარჯა ლუკა ჭინჭარაული. ‘ლელოს’ მგეზავი ფეხით უზადოდ და მახვილგონივრულად ურტყამდა და რამდენიმე ლელოც მისი უშუალო მონაწილეობით დაიდო. ‘ლელომ’ დამაჯერებელი რევანში აიღო – 43:7 და 2016 წლიდან ჩატარებული 7 ჩემპიონატიდან, ტიტული მეექვსედ მოიპოვა!

‘ლელოს’ 27 წლის დამრიგებელმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა სამწვრთნელო კარიერაში უკვე მე-6 ტიტული მოიხვეჭა (4-ჯერ ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში, 2-გზის კი ჭაბუკთა ‘ა’ ლიგაში). ახალგაზრდა, ნიჭიერ სპეციალისტს ტიტულის დაბრუნების საქმეში დიდი სამსახური მისმა თანაშემწეებმა: რატი შანიძემ და ნიკა მამისაშვილმა გაუწიეს. სარაგბო სკოლისა და აკადემიის სულისჩამდგმელ, ღვაწლმოსილ დირექტორ ბათუ კევლიშვილის თაოსნობით ‘ლელოს’ ამჟამინდელი თაობის არაერთ მორაგბეს სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მიმდინარე სეზონში ‘ლელოს’ რამდენიმე მოთამაშე ევროპის ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა. რამდენიმე მათგანი კი ამ სეზონშივე უფროსი გუნდის, დიდი 10-ის რეგულარული სეზონის გამარჯვებულ ‘ლელოს’ ძირითადს გაუშინაურდა. საქართველოს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებ გუნდებში ‘ლელოს’ მოთამაშეები მრავლად არიან წარმოდგენილნი, ზოგი მათგანი კი სულაც ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის თვალთახედვის არეში იმყოფება.

2022/23 წლების ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ ‘ლელოს’ კაპიტანი და მარჯვენა ფრთა ლუკა ხორბალაძე დასახელდა. ფინალური შეხვედრაში კი ჟიურიმ ლუკა ცირეკიძე გამოარჩია. წარმატებული მორაგბეები სრკ-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრე ხვედელიძემ დააჯილდოვა. საჩემპიონო თასი კი ლუკა ხორბალაძემ სრკ-ს აღმასრულებელ დირექტორ თორნიკე გოგებაშვილის ხელიდან ჩაიბარა.

ბათუმელთა ისტორიული პოდიუმი

‘ბათუმი’-‘აკადემიას’ შეხვედრამ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გამოავლინა. რეგულარულ სეზონში დაკავებული მესამე ადგილის გამო თენგიზ გოგიბერიძის ბიჭები „მხატვრებს“ აჭარის დედაქალაქში დაუხვდნენ და სეზონის მესამე დაპირისპირებაშიც მეტოქე უშანსოდ დატოვეს. რეგულარულში ‘ბათუმს’ შინ 47:7, დედაქალაქში კი 36:0 ქონდა მოგებული. გუნდების მესამე რკენამაც საერთო სურათი უცვლელი დატოვა.

მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ. აჭარელთა ხაზმა იჩაუქა და ლელოს გატანა ფრთა ზურა ნინიძემ და ჰავბეკმა ირაკლი მახარაძემ მოახერხეს. ტაიმის მიწურულს ბათუმელებმა უპირატესობა მარბიელ გიორგი ირემაძის დადებული ლელოთი გაიმყარეს. მეორე ნახევარში აჭარელთა კვაჭმა თორნიკე გაბელაიამ 2 ძალისმიერი ლელო გაიტანა. ზურა ნინიძემ მთლიანობაში 4 გარდასახვა გამოიყენა. ‘აკადემიამ’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი ბოლო წუთებზე მღლეტელ გიორგი ჭანტურიას გატანილი ლელოთი დააღწია – 33:5.

‘ბათუმმა’, ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ისტორიაში პირველი პოდიუმი გაახერხა. 6-წლიან პერიოდში, ბათუმელთა აღნიშნული თაობის წვრთნა-დაოსტატების საქმეში დიდი წვლილი გუნდის დამრიგებელ თენგიზ გოგიბერიძეს მიუძღვის, ვისაც ნაყოფიერ ასისტენტობას ახალგაზრდა სპეციალისტი დავით დოლიძე უწევს. აღსანიშნავია, დიდი 10-ის ბინადარ ‘ბათუმის’ რიგებს მომავალ სეზონიდან გოგიბერიძის რამდენიმე შეგირდი შეავსებს. მატჩის მონაწილე გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებით სრკ-ს აჭარის რეგიონის თავკაცმა ილია ვერძაძემ დააჯილდოვა.