ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ რეგულარულში დამაჯერებლად იპირველა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონი ‘ლელომ’ მოიგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ 1-მატჩა პლეი ოფის ყველა ეტაპზე (ფინალური შეხვედრის ჩათვლით) თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭები მოედნის უპირატესობით ისარგებლებენ. ‘ლელომ’ სეზონის განმავლობაში 1 მატჩი დათმო, პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხა და ტიტულის მთავარ მოცილე ‘აიას’ ცხრილში 6 ქულით გაუსწრო. გარდა ამისა, ‘ლელო’ სხვა დანარჩენი მაჩვენებელითაც (სამატჩო ქულები, ბურთების საერთო სხვაობა, გატანილი და მიღებული ლელოები) მეტოქეებს მკვეთრად აღემატება.

‘ხვამლი’ და ‘არმაზი’ პლეი ოფის მიღმა დარჩნენ და შესაბამისად მომავალ სეზონს „ვერცხლის“ ლიგაში დაიწყებენ, მათ ადგილს კი ელიტაში „ვერცხლის“ ჩემპიონი ‘არმია’ და მეორე ადგილოსანი ‘აია 2’ დაიკავებენ. ამავდროულად „არმიელებიც“ და რიონისპირელებიც მონაწილეობას დამდეგ „ოქროს“ პლეი ოფშიც მიიღებენ.

„აია არენაზე“, ‘აია’-‘ლელოს’ საკულტო შეხვედრა ჯგუფური ეტაპის ფინალის ტოლფასი გამოდგა. მატჩში წარმატებული გუნდი რეგულარულ სეზონს პირველ ადგილზე ასრულებდა. მოქმედი ჩემპიონი ‘აია’, ლიდერს ცხრილში 1 ქულით ჩამორჩებოდა და თან პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშსაც ეშურებოდა. მართალია, წვიმანარევმა ძლიერმა ქარმა მატჩის სანახაობრივ მხარეზე უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა უკეთ ორგანიზებული და მობილიზებული სტუმრები პირველი ნახევარის შუაწელიდან მოპოვებულ უპირატესობას მეთოდურად ავითარებდნენ.

‘ლელომ’ რიონისპირელებს 7 უპასუხო ლელო დაუდო და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 45:0 მოიგო. სტუმრებმა სტატიკური ფაზები შედეგიანად გამოიყენეს, დერეფანშიც უკეთ გაისარჯნენ და მეორე ტაიმში ხაზის მოთამაშეთა საუცხოო თამაშის წყალობით ანგარიშში სხვაობა ზესოლიდური გახადეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ‘ლელოს’ ფრთა ლუკა ხორბალაძის კარგი თამაში. ხორბალაძემ „დუბლი“ შეასრულა და თანაგუნდელთა მიერ გატანილ რამდენიმე ლელოშიც უშუალო მონაწილეობა მიიღო. ‘ლელოს’ წარმატებას სათავე კვაჭ მიხეილ ხახუბიას მოლით დადებულმა ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული ფრთის ლუკა ცირეკიძის გატანილმა ლელომ დაუსვა.

„რაგბი პლატოზე“, ‘ყოჩები’-‘აკადემიას’ დაპირისპირება მეოთხე ადგილოსანს არკვევდა. ქომაგმა უაღრესად დაძაბული თამაში და 2 დიამეტრალურად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ‘ყოჩები’ სრულ უპირატესობას ფლობდა, რაც გიორგი ჭინჭარაულის შეგირდთა აღებულ 15 უპასუხო ქულაში აისახა. ფრთა მიხეილ მალაციძისა და შუამარბ ალექსანდრე ტატიშვილის დადებულ ლელოებს, ჰავბეკ დაჩი ზამბახიძის გატანილი ჯარიმა-გარდასახვაც მოჰყვა.

მეორე ტაიმში ‘აკადემიამ’ თამაში დაალაგა. დაცვაში ხისტ და საიმედო თამაშთან ერთად, „მხატვრები“ ორგანიზებულად, სწრაფად მოქმედებდნენ და „ქამბექამდე“ მცირედი დააკლდათ. ფრთა თომა იმედაშვილისა და კვაჭ ლუკა ნარსიას გატანილი ლელოებითა და ფულბეკ გიორგი ბოლქვაძის ზუსტი გარდასახვით ‘აკადემიამ’ ანგარიშში ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა და მატჩის დასკვნითი ნაწილი მეტოქის 5-მეტრიანთან გაატარა, თუმცა სველმა მოედანმა და „მხატვართა“ რამდენიმე ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ ‘ყოჩებს’ სასურველი უპირატესობა შეუნარჩუნა – 15:12.

ვაზისუბანში, მოუგებლად და უქულოდ მყოფმა მარნეულის ‘არმაზმა’ რეგიონულ დერბიში რუსთავის ‘ხარებს’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. აუტსაიდერი პირველ ნახევარში მგეზავ სულიკო მუჩიაშვილის გატანილ ეულ ჯარიმას დაჯერდა, ‘ხარებმა’ კი 7 გატანილი ლელოთი, 6-მატჩიანი მარცხიანი სერია დაასრულა, თუმცა ცხრილში მეექვსე ადგილს ვერ ასცდა. ‘ხარების’ მარბიელმა ნიკა ლომიძემ პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, ‘არმაზის’ მარცხს კი წერტილი რუსთაველთა ჰავბეკისა და კაპიტნის ცოტნე უსენაშვილის დადებულმა ლელომ დაუსვა – 45:3.

მართალია, ‘ხარების’ მოგებამ ‘ხვამლი’ მესამე ადგილოსან ‘ბათუმი 1’-თან საშინაო შეხვედრამდე „ვერცხლის“ ლიგაში დააქვეითა, თუმცა გიორგი მეტრეველის შეგირდებმა „კარის გაჯახუნება“ სცადეს და „ხვამლი არენაზე“, აჭარლებს ღირსეული ბრძოლა გაუმართეს. ბათუმელთა ფრთა გიორგი ირემაძის გარდასახულ ლელოს, ‘ხვამლმა’ კვაჭ ბექა ნეფარიძის გატანილი ლელო დაუპირისპირა და შესვენების წინ ფავორიტი 2-ქულიან უპირატესობას დააჯერა.

კარგად ორგანიზებული თამაშის წყალობით ‘ბათუმმა’ მეორე ტაიმში თავი კარგად დაიცვა და შუამარბ ზურაბ ნინიძის დადებული ლელოთი უპირატესობა გაიმყარა. ნინიძემ 2-ივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 14:5. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აჭარელთა კვაჭისა და კაპიტან თორნიკე გაბელაიას კარგი თამაში. თენგიზ გოგიბერიძის ბიჭებმა მიმდინარე წელს 4-ივე გამართულ შეხვედრაში იმარჯვეს და მეოთხე ადგილზე გასული ‘ყოჩები’ სოლიდური, 18 ქულის სხვაობით ჩამოიტოვეს.

„ოქროს“ პლეი ოფის 1/4-ში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ლელო (1) – აია 2 (8)

აია (2) – არმია (7)

ბათუმი 1 (3) – ხარები (6)

ყოჩები (4) – აკადემია (5)

შეხვედრები დამდეგ უქმეებზე უკეთეს ნომრიანი გუნდების მოედნებზე გაიმართება.