ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘არმაზის’ და ‘ლოკომოტივის’ სიურპრიზები

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ‘ოქროს’ ჯგუფის პირველობა უცვლელი ფორმატით ტარდება. პირველ ეტაპზე 8 მონაწილე გუნდი 2 წრედ ითამაშებს, წარმატებული ექვსეული პლეი-ოფში გადაინაცვლებს, 2 აუტსაიდერი კი ‘ვერცხლის’ ჯგუფის გუნდებთან პაექრობაში ელიტაში ადგილის შენარჩუნებას ეცდება.

გაისად, გაზაფხულზე ტიტულისა და პოდიუმისთვის მებრძოლ ექვსეულს ‘ვერცხლის’ ჯგუფის 2 მოწინავე კოლექტივი შეურთდება და  გუნდები 1/4-ფინალში, ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდებიან. ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი კი, დიდი ფინალის ჩათვლით, წყვილებსაც და მოედნის მასპინძლებსაც განსაზღვრავს.

პირველობაზე, მხოლოდ 2002/03 წლებში დაბადებული ჭაბუკი მორაგბეები მონაწილეობენ. მას შემდეგ, რაც ‘აკადემიამ’ საკუთარი სურვილით ‘ვერცხლის’ ლიგაში თამაში არჩია, ჭაბუკი ‘მხატვრები’ ელიტაში ‘ბათუმმა’ ჩაანაცვლა.

ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში ‘არესმა’ ქუთაისის ხელოვნუსაფარიან მოედანზე ‘ხვამლს’ უმასპინძლა. ‘ომის მრისხანე ღმერთიც’ და მუხიანელებიც პირველობას გადახალისებული შემადგენლობებით შეხვდნენ. ‘ხვამლის’  დამრიგებელ რატი ურუშაძის, პირველ ლიგაში აღზევებული მუხიანელთა ძირითადი გუნდის დონორის ფუნქციის შესრულება დაეკისრა, რის გამოც გამოჩენილ ბორჯღალოსანს მიმდინარე სეზონში დაყრდნობა უპირატესად ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგიდან დაწინაურებულ მოთამაშეებზე  მოუწევს.

შეხვედრა დინამიური და თვალსასეირო გამოდგა. მართალია, მასპინძლებმა მეტოქეს ტოლი არ დაუდეს, თუმცა უკეთ შეთამაშებულმა და ფიზიკურად კარგად მომზადებულმა მუხიანელებმა, მყარი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე, ოვალზე კონტროლი თავიდანვე დაამყარეს და მატჩი ‘მშრალი’ ანგარიშით, 24:0 მოიგეს. ფრთა გიგი დევდარიანის ლელოს, მეორე ტაიმში მოლის ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელო მოჰყვა, რასაც ფულბეკ ალეკო ზირაქიშვილის 4 გატანილი ჯარიმაც დაერთო.

ჩემპიონატის მთავარმა ფავორიტმა ‘ლელომ’ სტაფი იცვალა. მოქმედ ჩემპიონს  სათავეში თორნიკე ბუბუტეიშვილი ჩაუდგა, ვისი სადებიუტო შეხვედრა ‘ბათუმთან’ დამაჯერებელი გამარჯვებითა და დაგეგმილი პრემიის აღებით დასრულდა – 54:0.  მასპინძლები აჭარლებს თამაშის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, რაც 8 უპასუხო ლელოში გამოიხატა. უპირატესად აღსანიშნავია გოგიტა რიკაძისა და ნიკა სუთიძის კარგი თამაში. მარბიელმა სუთიძემ უნარიან თამაშთან ერთად ლელოს დადებაც შეძლო, მგეზავმა რიკაძემ კი 7 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

 

 

პირველი ტურის გამორჩეული შეხვედრა კი მოულოდნელი შედეგით დასრულა. ვაზისუბანში ‘არმაზმა’ ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ პრემიის თანხლებით, 29:7 დაამარცხა. დავით კიკნაძის შეგირდები პირველობას კარგად მომზადებულნი შეხვდნენ, სტუმრებს სტატიკასა და სათამაშო დისციპლინაში აშკარად აღემატებოდნენ და ტაქტიკურადაც უკეთ ირჯებოდნენ. მართალია, მატჩის დებიუტში ჰუქერ ბასა ხონელიძის ლელოთი რიონისპირელები დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში ქვემოქართლელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. ‘არმაზის’ მარბიელმა რატი ზაზაძემ რაქიდან ტყუპისცალივით წყვილი ლელო გაიტანა, მგეზავმა ნიკა ჭიკაიძემ თავისივე შეცურებული ოვალი ეფექტურ ლელოდ აქცია, ფულბეკ ოთარ მეტრეველის ლელომ კი, ვაზისუბნელებს დამსახურებულ გამარჯვებასთან ერთად ბონუსი ‘ლელოსთან’ თანალიდერობაც არგუნა.

პირველი ტური ‘შევარდენზე’, ‘ლოკომოტივისა’ და რუსთავის ‘ხარების’ დაპირისპირებით დასრულდა. ‘რკინიგზილებმა’ მთავარი მწვრთნელი იცვალეს და შემადგენლობაც საგრძნობლად გადაახალისეს. ‘ლოკომოტივს’, რკინიგზელთა დიდი გუნდის კაპიტანი ვახტანგ  კავთიძე თავკაცობს, ვისაც ასისტენტობას გიორგი ზაბახიძე უწევს. ხსენებულმა დუეტმა უმოკლეს პერიოდში ფიზიკურეად კარგად მომზადებული, ბრძოლისუნარიანი კოლექტივის შექმნა შეძლო. რკინიგეზლთა ბირთვს უპირატესად ‘ბ’ ლიგიდან დაწინაურები მოთამაშეები შეადგენენ. მართალია, წინა სეზონის ბრინჯაოსმედალოსან ‘ხარებს’ დიდი მიზნები აქვთ დასახული და მიმდინარე სეზონში თემურ ლობჟანიძის შეგირდები ხსენებული შედეგის გაუმჯობესებას გეგმავენ, თუმცა პირველობის სადებიუტო შეხვედრას ქვემოქართლელები არცთუ კარგ ფორმაში შეხვდნენ.

‘ლოკომოტივის’ მგეზავმა ამირან ყურაშვილმა, ‘ხარების’ მხტომელ დათო კაპანაძის ლელოს 3 ჯარიმა შეაგება და ‘რკინიგზელებმა’ ტაიმი 9:5 მოიგეს. შეხვედრის მეორე ნახევარში ვახტანგ კავთიძის შეგირდთა უპირატესობა გამოიკვეთა, რაც ფრთა დათო ქავთარაძისა და ჰავბეკ ნოდარ დოლიძის დადებულ ლელოებში აისახა. ყურაშვილმა პირად მონაგარს კიდევ თითო გარდასახვა და ჯარიმა შემატა – 21:5, რაც პირველი ტურის კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი გახლავთ.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე