ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘აია’ ლიდერობას უდანაკარგოდ აგრძელებს

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეხუთე ტურში მხოლოდ 3 შეხვედრა გაიმართა. მარნეულის ‘არმაზმა’ ბათუმში ჩასვლა ვერ მოახერხა, რის გამოც დებულების თანახმად ‘ბათუმი’-1-ს ტექნიკური ანგარიშით – 30:0 მოგება პრემიალური ქულის თანხლებით გაუფორმდა. აჭარლებს 10 საცხრილო ქულა დაუგროვდათ და ‘აკადემიასთან’ ზიარად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს ერთურთში პირველი ტურის გადავადებული შეხვედრაც აქვთ ჩასატარებელი. ‘ყოჩებმა’ ცხრილში ადგილი ‘ხვამლს’ გაუცვალა, პლეი ოფის ზონაში აინაცვლა და თან მოწინავე კვინტეტთან ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.

მართალია, ‘აკადემიამ’ მიჯრით მეორე შეხვედრა დათმო, თუმცა „მხატვრები“ გასულ სეზონზე უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებენ და თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებენ. გუნდის ახალბედა დამრიგებლმა ზურაბ თათარაშვილმა თავისი წინამორბედის, ბესიკ ჩინჩალაძის დაწყებული ნაყოფიერი და სწორად მიმართული მუშაობა წარმატებით განაგრძო. ‘აკადემია’ სასურველ სათამაშო ფიზიკურ კონდიციას უახლოვდება, რაც გუნდის თავკაცობას პოდიუმზე მოხვედრის რეალურ პერსპექტივას უქმნის.

‘აკადემიამ’ პირველობის ლიდერ ‘აიას’ მშობლიურ „რაგბი პლატოზე“ დიდი ბრძოლა გაუმართა და შეხვედრის პოზიტიური შედეგით დასრულების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. მატჩის დებიუტში „მხატვრები“ შუამარბ გიორგი ქარჩხაძის ლელოთი ანგარიშში 5-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა ჩემპიონმა ტაქტიკურ მონახაზში დროული კორექტივები შეიტანა. პაატა ტყაბლაძის ბიჭებმა დაცვაში თამაში გაამკაცრეს, სტატიკურ სიმძლავრეს, დინამიკაში სწრაფი ქმედებები და ეფექტური გადაწყვეტილებები კარგად შეუხამეს, რაც რიონისპირელთა 5 გატანილ ლელოში აისახა – 31:20.

‘აიას’ რიგებში, პირველ ტაიმში მოლით დადებული წყვილი ლელოთი კვაჭი გივი ჭუმბურიძე გამოირჩა. მეორე ნახევარში კი სტუმართა გამორჩეულ მოთამაშედ ჩაუქი ჰავბეკი ლადო ტყაბლაძე იქცა. რიონისპირელთა მთავარი მწვრთნელის ვაჟი თამაშში მარქაფადან ჩაერთო და სწრაფი, არაორდინალური ქმედებებით მასპინძლებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. უმცროსმა ტყაბლაძემ „დუბლიც“ შეასრულა, მისმა მეორე გატანილმა ლელომ კი ‘აიას’ ბონუსი არგუნა და პირველობაზე ქულათა მაქსიმუმიც შეუნარჩუნა.

ტიტულის კიდევ ერთი მთავარი მაძიებელი ‘ლელო’ ცხრილში ტოლ-სწორად მყოფ რუსთავის ‘ხარებს’ ქვემო ქართლის დედაქალაქში სტუმრობდა. ‘ლელოს’ მთავარი მწვრთნელი თორნიკე ბუბუტეიშვილი მიმდინარე სეზონში ოპტიმალურ შემადგენლობის თავმოყრას ობიექტურ მიზეზთა გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რაც მრისხანე მეტოქესთან ჯგუფის მონაწილეებს წარმატების გარკვეულ იმედს უსახავს. „ხარები არენაზე“, სანამ ‘ლელო’ თამაშს სრულად დაალაგებდა, გიორგი ზირაქაშვილის გუნდი კვაჭ ნიკო გომიაშვილის გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. ‘ლელომ’ ანგარიში ჰავბეკ მიხეილ ყაჩლავაშვილის ლელოთი გაათანაბრა, რომლის ზუსტ გარდასახვას ფულბეკმა გელა ხელაძემ 2 გატანილი ჯარიმაც მიაყოლა და ფავორიტი შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ნახევარში ‘ლელო’ ჩვეულ სისწრაფეზე ამოქმედდა, ოვალი კარგად გაშალა, დაცვაშიც თამაში გაამკაცრა და ‘ხარებს’ 5 ლელო დაუდო. ფრთა ლუკა ცირეკიძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო ბოლო წუთებზე სტუმართა მარბიელმა ნიკა აბესაძემ თანაგუნდელთა დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 49:14. ‘ლელო’ 19 ქულით ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა და ლიდერ ‘აიას’ კვლავინდებურად 6 ქულით ჩამორჩება. მესამე პოზიციაზე დარჩენილ ‘ხარებს’ კი მომდევნო ტურში რიონისპირელებთან ურთულესი გასვლითი შეხვედრის ჩატარება უწევთ.

„რაგბი პლატოზე“, ბოლნისის ‘ყოჩებისა’ და ‘ხვამლის’ შეხვედრაში ქვემო ქართლელები საგრძნობ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ. გიორგი ჭინჭარაულის შეგირდები მუხიანელებს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, სტუმრებს ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილეს, მუხიანელები კი 2 გატანილ ლელოს დააჯერეს და მატჩი საშური პრემიით მოიგეს – 44:12.

‘ყოჩების’ სეზონში მეორე გამარჯვებას სათავე ფულბეკ გოჩა თავართქილაძის ლელომ დაუდო. შუამარბმა ნიკა თავართქილაძემ „დუბლი“ შეასრულა. მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ კი მასპინძელთა კიდევ ერთი შუამარბი ნიკა შველიძე იქცა, ვინაც დადებული ლელოთი, 4 გარდასახვითა და 2 გატანილი ჯარიმით თანაგუნდელების ქულათა საერთო მონაგარის ლამის ნახევარს მოუყარა თავი. ‘ხვამლმა’ გასავარდნ ზონაში, მეშვიდე ადგილზე ჩაინაცვლა და მხოლოდ მოუგებლად მყოფ ‘არმაზს’ უსწრებს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე