ჭაბუკთა „ა“ ლიგა | ‘აიამ’ ლიდერობა განიმტკიცა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ‘ოქროს’ ჯგუფის მეცხრე ტური ‘შევარდენზე’, ‘ლოკომოტივი ხულიგანასა’ და ვიცე-ჩემპიონ ‘აიას’ დაპირისპირებით დაიწყო. მატჩის პირველ ტაიმში გია კურატაშვილისა და გიორგი ბერიაშვილის შეგირდებმა ფავორიტს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, 2 ლელოს გატანაც მოახერხეს, თუმცა შემდგომში თავი ‘რკინიგზელთა’ არასაკმარისმა ფიზიკურმა მომზადებამ იჩინა…

მეტოქეები უპირატესობას სწრაფ, ლაღ და ხელდახელ თამაშს ანიჭებდნენ და კარში დასარტყამი ჯარიმების დიდი ნაწილით ლელოს დადებას ეშურებოდნენ. ‘აიამ’ პირველ ნახევარში 4 ლელო გაიტანა (იაგო ხაბულიანი; გიორგი შარაშენიძე; ბექა შვანგირაძე; პაატა გალდავა), თუმცა მხოლოდ 12-ქულიან უპირატესობას დასჯერდა, რამეთუ საკუთრივ 2 ლელო მიიღო. ‘რკინიგზელთა მხრიდან თავი ჰუქერმა ბაჩუკი ჭუმბაძემ და მარბიელმა ზურა ფრუიძემ გამოიჩინეს. მეორე ნახევარში ‘რკინიგზელებს’ დაღლა დაეტყოთ, რამაც გაგა გურეშიძის შეგირდებს ხაზის იოლად გაჭრა, მასპინძელთა 22-მეტრიან ზონაში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვება გაუიოლა. სტუმრებმა პირველი ნახევრის მონაგარს კიდევ 5 ლელო წაუმატეს  49:15. რიონიპირელთა მარცხენა ფრთა გიორგი პატარიძემ ‘დუბლი’ შეასრულა. ‘ლოკომოტივი ხულიგანამ’ ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს ლაშა შერგელაშვილის ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა მცირედით შეამცირა. ‘აიამ’ აღებული პრემიით ლიდერობა განიმტკიცა და მდევარ ‘ლელოს’  2  ქულით გაუსწრო.

ქუთაისში, არესისა’ და რუსთავის ხარების’ დაპირისპირება ჯერჯერობით პირველობის ყველაზე მწირქულიან შეხვედრად იქცა. ახალგაზრდა დამრიგებლების, ნიკა სირაძისა და ზურა შვანგირაძის ხელში ‘ომის მრისხანე ღმერთმა’ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა. ამაღლებულ სათამაშო დისციპლინასთან ერთად, ‘არესის’ დაცვა  მობილური და ხისტი თამაშით გამოირჩა, რამაც ქვემო ქართლელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

‘ხარები’ მოედანზე თავდაჯერებულნი გავიდნენ და მასპინძელთა მედგარმა წინააღმდეგობამ თემურ ლობჟანიძის გუნდი გარკვეული წნეხის ქვეშ მოაქცია. სტუმრები შეტევაში უჩვეულოდ ბევრს სცოდავდნენ და მეტოქეთა მხრიდან უამრავი უნებლიე შეცდომის შედეგად ქომაგმა მხოლოდ ერთი შედეგიანი შეტევა იხილა. მეორე ტაიმის შუაწელს ქვემო ქართლელთა კაპიტანმა, შუამარბმა დათო ლომიძემ საკუთარ 22-მეტრიანთან გაჭრა ხაზი და ინდივიდუალური გარღვევით, მაღალ სიჩქარეზე გამარჯვების მომტანი ლელოც გაიტანა  5:0. მართალია, ხარებმა მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგეს, თუმცა ბრინჯაოსმედალოსნები დაგეგმილ პრემიას ვერ შესწვდნენ, რის გამოც სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უარესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო პრინციპულ მეტოქე ‘ხვამლს’ დაუთმეს. ‘არესმა’ კი აღებული ნუგეშით პლეი ოფისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მდევარ ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ 5  ქულით გაუსწრო.

მუხიანში, ‘ხვამლმა’ უქულოდ მყოფ, პირველობის აუტსაიდერ ‘აკადემიას’ უმასპინძლა. სუბიექტურ მიზეზთა გამო ‘მხატვრებმა’ საბრძოლო შემადგენლობის თავმოყრა ამჯერზეც ვერ მოახერხეს. მეტიც, გიორგი ნებულიშვილის გუნდი მოედანზე კაცნაკლული გავიდა და შეხვედრა სულაც 13 კაცის ამარა ჩაამთავრა. სრული შემადგენლობით მყოფ მუხიანელებს ხსენებულ მდგომარეობაში მყოფი ‘აკადემიას’ სოლიდური სხვაობით ძლევა არ გაჭირვებიათ. რატი ურუშაძის შეგირდებმა პირველ ტაიმში გატანილ 8 ლელოს, მეორე ნახევარში 6 ლელო წაუმატეს და  88:5 იმარჯვეს. ფრთა გიორგი ჯობავამ, მარბიელმა საბა კურტანიძემ და შუამარბმა ლუკა ცხვედიანმა ‘დუბლი’ შეასრულეს. ‘აკადემიამ’ მეორე ტაიმის დასაწყისში მარბიელ ლუკა გლუნჩაძის გატანილი ლელოთი მხოლოდ ‘მშრალი’ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხა.

ტურის დასკვნითი და გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა. ‘არმაზმა’  ჩემპიონ ‘ლელოს’ უმასპინძლა და ფავორიტს დიდი ბრძოლაც გაუმართა. ‘ლელოს’ 21 მოთამაშე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა რეგულარული წვრთნის პროცესშია ჩართული.  ჩემპიონის დამრიგებელ პაატა მაისურაძეს გუნდის სრულ შემადგენლობასთან ვარჯიში კვირაში მხოლოდ 2-ჯერ უწევს, რის გამოც შეუთამაშებელ ჩემპიონს მრავალი ხელოვნური ბარიერი ექმნება. ‘ლელოს’ ხსენებულმა პრობლემებმა ‘არმაზსთან’ შეხვედრაშიც იჩინა თავი.

მატჩის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. სანამ ჩემპიონი თამაშს დაალაგებდა, დათო კიკნაძის შეგირდებს რამდენიმე სალელოვე მომენტი გაუცუდდათ. მეტოქის 5-მეტრიანში მყოფი ქვემო ქართლელები ბოლო მომენტში ტექნიკურმა წუნმა დააღალატა. ‘ლელომ’ კი თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეტოქის 22-მეტრიანში საკუთარი დერეფანიდან აგორებული მოლი ლელოდ, ჩემპიონის ჰუქერმა ნიკა ქათამაძემ აქცია. რეალიზაცია კი ფულბეკ კობა ირემაშვილს არ გაჭირვებია  7:0. მეორე ნახევარი კი ‘ლელოს’ კარნახით წარიმართა. ინდივიდუალური გარღვევებით ლელოს გატანა პირველობის საუკეთესო მელელოვე, მარბიელმა გიორგი ქობალიამ და მხტომელმა გიორგი ტერენტიევმა მოახერხეს. ‘ლელოს’, დაცვაში დაშვებული პრატიკულად ერთადერთი უხეში შეცდომა პრემიის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ‘არმაზის’ მხრიდან ლელო მხტომელმა რომეო გოგიამ დადო  19:5.

ზამთრის არდადეგების წინ, ლიდერები მეათე ტურის მატჩებს საკუთარ არენებზე გამართავენ და ორივე შეხვედრას დერბის ხასიათი ექნება. ‘ლელო’, მესამე მასივში ‘ლოკომოტივი ხულიგანას’ დაუხვდება. ქუთაისში კი ‘აია’ და ‘არესი’ შეიყრებიან.