ცეზარ დარჩიას სამძიმარი

ცეზარ დარჩიას დაბადებიდან 75 წლის იუბილემდე მცირედი დააკლდა. ქართულმა სარაგბო თემმა და სრულიად სპორტულმა საზოგადოებამ ცნობილი მორაგბე და დიდი პიროვნული თვისებებით გამორჩეული ამაგდარი სპეციალისტი მოისაკლისა…

გასული საუკუნის 60-იანი წლების შუაწელს, გურიადან ვერაზე გადმოსახლებული ცეზარ დარჩია რაგბით სტუდენტობის ხანაში დაკავდა. 19 წლის მკვირცხლი და ენაკვიმატი ჭაბუკი გოგი ტონიას თვალთახედვის არეში მალევე მოექცა. ქართული რაგბის ლეგენდამ დარჩიას ‘ლოკომოტივში’ უხმო, სადაც ცეზარმა 5 ნაყოფიერი სეზონის შემდეგ თამაში დედაქალაქის კიდევ ერთ კლუბ ‘სპარტაკში’ განაგრძო.

იმხანად ქართული რაგბის აპრიორ გუნდებთან, ‘ლოკომოტივთან’ და ‘დინამოსთან’ ჭიდილსა და ღირსეულ პაექრობებში დარჩიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რაშიც ლომის წილი ‘სპარტაკის’ სულისჩამდგმელსა და დამრიგებელ ბათუ კევლიშვილს მიუძღვის. სწორედ  „დიმიტრიჩის“  ძალისხმევით მოახერხა ცეზარ დარჩიამ დედაქალაქთან უმტკივნეულოდ შერწყმა და მორაგბის ოსტატობის ამაღლება. დარჩია უნივერსალური თვისებების მორაგბე გახლდათ, ვისაც ერთნაირი წარმატებით ხელეწიფებოდა მარბიელისა და მღლეტელის პოზიციებზე თამაში და პერიოდულად, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე არც ხაზში გამოიყურებოდა ურიგოდ.

ფიზიკური აღზრდისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, მწვრთნელ-პედაგოგის სპეციალობა დაუფლებულმა დარჩიამ  მოქმედი სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ მოღვაწეობა ქალაქის განათლების სამინისტროს ქალ კალათბურთელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად განაგრძო. სწორედ ცეზარ დარჩიას სახელს უკავშირდება იმ ხანად ჩვენი „ტონოელი“ ქალი კალათბურთელების არაერთი წარმატება, როგორც შიდა, ასევე საბჭოეთის სარბიელზე. დარჩიას თავკაცობით ქალთა ხსენებულ გუნდს წლების გამნავლობაში საქართველოს ჩემპიონატში ჯეროვან წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა.

ცეზარ დარჩიამ მთელი ცხოვრება ქართული სპორტის განვითარებასა და ჩვენი საზოგადოების წინსვლასა და კეთილდღეობის საქმეს მიუძღვნა.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი ცეზარ დარჩიას ოჯახს, მის ახლობლებს უთანაგრძნობს და სამძიმარს უცხადებს.