შიო ვასაძის სამძიმარი

ქართული რაგბის თემმა უდიდესი დანაკლისი განიცადა. 73 წლის ასაკში გამოჩენილი მორაგბე და ამაგდარი მამულიშვილი შიო ვასაძე გარდაიცვალა.

ვერელი ინტელიგენტების (მამა, ეპიფანე ვასაძე – გამოჩენილი პროფესორი. დედა, თამარ ყიფიანი – ცნობილი თარჯიმანი) ოჯახში აღზდილი შიო ვასაძე რაგბით 17 წლის ასაკში მოიხიბლა. ჩაუქმა, გამჭრიახი გონების პატრონმა შიო ვასაძემ 1966 წელს ‘ლოკომოტივის’ კვართი მოირგო და მორაგბის კარიერაში თავის პირველ წარმატებას სწორედ „რკინიგზელთა“ რიგებში მიაღწია. მგეზავის პოზიციაზე მოთამაშე შიო ვასაძემ იმხანად საბჭოეთის ჩემპიონის ტიტულის ტოლფასი, ‘ლოკომოტივის’ ცენტრალური საბჭოს პირველობა მოიგო.

1968 წლიდან შიო ვასაძემ, თავისი სიყრმის მეგობრის, ქართული რაგბის ბერმუხა ბათუ კევლიშვილის რჩევით ‘სპარტაკში’ გადაინაცვლა და მორაგბეობის ხანაში, ორივე დედაქალაქური გუნდის რიგებში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი გახდა.

მართალია, შიო ვასაძემ მორაგბის კარიერა ნაადრევად დაასრულა (ნიჭიერმა  გეოფიზიკოსმა პროფილით მოღვაწეობა უცხოეთში განაგრძო), თუმცა ვასაძეების დიდ სარაგბო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. შიო ვასაძის ძალისხმევით, მისი უფროსი ვაჟი ლევანი რაგბში აქტიურად ჩაება და წარმატებულ ბიზნესმენს ქართული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ‘სპარტაკის’, ‘ლელოსა’ და ‘ლოკომოტივის’ ყოფილმა მორაგბემ კიკეთში სარაგბო კლუბი ‘იუნკერები’ დააფუძნა, რომლის არაერთმა აღზრდილმა ბორჯღალოსანის სტატუსიც შეიძინა. ლევან ვასაძემ (სრკ-ს გამგეობის ყოფილმა წევრმა ქართული რაგბის განვითარების საქმეს პირადი მატერიალური რესურსიც უხვად მოახმარა) კიკეთშივე „იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართულ სასწავლებელსაც“ ჩაუყარა საფუძველი, რომელიც მოზარდ და ჭაბუკ ქართველ მორაგბეთა პიროვნული და მოქალაქეობრივი ზრდის პროცესში დიდ როლს თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ ვასაძეების მდიდარ სარაგბო ტრადიციას ამჟამად შიო ვასაძის შვილიშვილები დიდი ენთუზიაზმითა და წარმატებით აგრძელებენ.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს შიო ვასაძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ვასაძეების ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.