‘შავი ლომი’ რუმინული „მგლების“ წინააღმდეგ

ხვალ, 25 სექტემბერს, ‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში რუმინულ ‘ვულვზს’ (მგლები) ქუთაისში, „აია არენაზე“ 16 საათზე უმასპინძლებს.

განვლილ ორ ტურში ჩვენმა მეტოქემ ისრაელის ‘ჰითთან’ 20:25 წააგო, ‘ბათუმს’ კი 37:25 სძლია და 5 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. ‘შავმა ლომმა’ ‘ბათუმს’ ბონუსით, 29:3 მოუგო, ‘ჰითს’ 25:25 დაუზავდა და 7 ქულით პირველ ადგილზეა.

ქართულ ფრენჩაიზს ტრავმების გამო პრობლემები შეექმნა, განსაკუთრებით მეორე ხაზში და დამატებით ორი მოთამაშის გამოძახება გახდა საჭირო. ‘ვულვზთან’ სასტარტო შემადგენლობაშია სანდრო ქოიავა, რომელიც ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება, მარქაფაში კი გიგა ჯულუხაძეს ვიხილავთ. 23-კაციან განაცხადში, მარქაფაში 6 მორკინალი და 2 ხაზის მოთამაშეა.

‘ჰითთან’ მატჩის შემდეგ ხაზში სამი ცვლილებაა. ცენტრში ბრუნდება მერაბ შარიქაძისა და დემე თაფლაძის წყვილი, ხოლო ფრთაზე სანდრო თოდუა. მეორე ფრთაზე, ფულბეკის პიზიციაზე და ღერძზე ადგილი შეინარჩუნეს აკა ტაბუცაძემ, მირიან მოდებაძემ, თენგიზ პერანიძემ და ლუკა მატკავამ.

შერკინების პირველ ხაზში ორი ცვლილებაა. კვაჭის პოზიციაზე ბრუნდება შალვა მამუკაშვილი, მარცხენა ბურჯად კი  დათო აბდუშელიშვილი. მარჯვენა ბურჯმა ნიკა პატარაიამ წინა თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა. უცვლელია მესამე ხაზი – მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

მარქაფაში არიან კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, ბურჯები გოგა ქადარია და გიორგი ჩხარტიშვილი, მეორეხაზელი გიგა ჯულუხაძე და მესამე ხაზში პაატა გალდავა და გიორგი ჭყოიძე. ხაზში შეცვლაზე შევლენ გიორგი ბაბუნაშვილი და თორნიკე კახოიძე.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. III ტური
25 სექტემბერი. ქუთაისი. „აია არენა“. 16:00
შავი ლომი (საქართველო) ვულვზი (რუმინეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. პაატა გალდავა, 20. გიორგი ჭყოიძე; 21. გიგა ჯულუხაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. თორნიკე კახოიძე.