‘შავი ლომი’ ‘ბულდოგსს’ მოერია

ქარის თასზე დაბრუნებულმა ‘შავმა ლომმა’ მე-7 ტურში ‘ბორდერ ბულდოგსი’ 35:5 დაამარცხა და ოთხი ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღო.

ისთ ლონდონში თამაში ატალახებულ მოედანზე გაიმართა და ამან სანახაობრივი მხარე დააკნინა. ქართველებმა აქცენტი ძლიერ მხარეზე, ძალისმიერ თამაშზე გააკეთეს და ხუთივე ლელო ამ სტილში გაიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ გარდასახვა ყველა ჯერზე რთული პოზიციიდან შესრულდა, ლაშა ლომიძეს 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა.

ანგარიში მატჩის დებიუტში მიხეილ ორაგველიძემ გახსნა, რომელმაც მოლი დააგვირგვინა. პერიოდულად, ‘შავ ლომს’ ხელდახელ შეტევები კარგად გამოსდიოდა და მე-18 წუთზე ამას მეორე ლელო მოყვა. მირიან მოდებაძემ კონტრშეტევა საკუთარი 22-იდან წამოიწყო, კოკი თხილაიშვილმა ხაზი გაჭრა და ხელდახელ შეტევით 22-ში შევედით. იქ მეტოქე დაჯარიმდა, რასაც 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი და თენგიზ ზამთარაძის ლელო მოყვა.

25-ე წუთზე ‘ბულდოგსმა’ მოლი წესების დარღვევით ჩააქცია, ბურთი გიორგი ბეგაძემ გიორგი პერტაიას გამოუტანა და მისი მიძალება ვერავინ შეაჩერა. ტაიმის ბოლოს მოლი უკვე მარჯვენა ფრთაზე ავაგორეთ და ზამთარაძემ დუბლი შეასრულა – 28:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლებმა სწრაფი ხელდახელ შეტევის შემდეგ ფრთაზე მეტობა შექმნეს და ერთი ლელო გაიტანეს. ‘შავმა ლომმა’ 66-ე წუთზე ნაცად ხერხს მიმართა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენა, რომელსაც თორნიკე აქუბარდია მოწყდა და ანგარიში 35:5 გახდა. გაწითლებულ დროზე ჩვენი ლელოდან დაწყებული ხელდახელ კონტრშეტევა მეტოქის ლელოში ლუკა ივანიშვილმა დაასრულა, თუმცა მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა და მატჩიც დასრულდა.

‘შავი ლომი’ ქარის თასის მე-8 ტურში 28 მაისს ველინგტონში, ‘ბოლანდ კავალიერსს’ შეხვდება, რომელიც 17 ქულით მე-6 ადგილზეა და ორით ჩამორჩება ქართულ ფრენჩაიზს.

ქარის თასი. VII ტური. 21 მაისი
ისთ ლონდონი. პოლის პარკი.
ბულდოგსი – შავი ლომი 5:35 (0:28)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. გურამ ქანდაურიშვილი, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი ბეგაძე (კაპ.);

შერკინება: 1. მიხეილ ორაგველიძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. იოსებ გუშარაშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. მიხეილ წიკლაური; 19. ლაშა ჯაიანი, 20. ლუკა ივანიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. დავით მოძღვრიშვილი, 23. დემურ თაფლაძე.

5 ლელო: ორაგველიძე, ზამთარაძე (2, 4), პერტაია, აქუბარდია

5 გარდასახვა: ლომიძე