ქუჩის რაგბი სამეგრელოში

საქართველოს რაგბის კავშირის პროექტი „ქუჩის რაგბი“ დიდი ხანია დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და ზესტაფონი, თელავი და შიდა ქართლი მოიარა, ამ უქმეებზე კი სამეგრელოს ეწვევა.

შაბათს, 21 დეკემბერს, მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები, მათ შორის ბორჯღალოსნები ხობს ეწვევიან და ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, ადგილობრივებს ქუჩის რაგბს აზიარებენ.

ტრადიციულად, თავდაპირველად გამოცდილი მორაგბეები იბურთავებენ, წესების გაცნობის შემდეგ კი, თამაშში ადგილობრივებიც ჩაერთვებიან. იმისათვის, რომ ქუჩის რაგბი ხობშიც ტრადიციად იქცეს, ადგილობრივებს საჩუქრად გადაეცემათ ბურთები და ქუჩის რაგბის წესები.