ქარის თასი | ‘შავმა ლომმა’ სასურველი ბონუსით მოიგო

ქარის თასის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურში, ‘შავმა ლომმა’ უშუალო კონკურენტი ‘იგლზი’ სასურველი ბონუსით, 42:27 დაამარცხა და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მე-8 ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ გაიმართება და შესაძლოა, 24-ქულიანმა ‘შავმა ლომმა’ ამჟამინდელი მე-3 ადგილი დათმოს, მაგრამ, დასკვნით ტურში ‘ლეოპარდსთან’ ბონუსით მოგების შემთხვევაში, ქართულ გუნდს ფლეი ოფში თამაში გარანტირებული ექნება.

ტურნირში აქამდე ჩატარებულ 5 თამაშს შორის, ‘შავი ლომისთვის’ ეს ყოველმხრივ საუკეთესო იყო. ეს გარკვეულწილად ‘იგლზმაც’ განაპირობა, რომელიც ასევე ყველაზე ძლიერი იყო აქამდელ მეტოქეებს შორის. ქართულ ფრენჩაიზს ხარისხიანი დაცვის ვარჯიში გამოუვიდა ძლიერ მოწინააღმდეგესთან და შეტევაშიც წარმატებით აკინძა ფაზები, რის შედეგადაც 6 ლელო გაიტანა და ლუკა მატკავამაც ყველა გარდასახა.

‘იგლზი’ ჯარიმით მე-6 წუთზე დაწინაურდა, თუმცა საქართველომ იქვე შეძლო მეტოქის წნეხში მოქცევა, ჯარიმა აუტში გადაიტანა, მოლის შემდეგ ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა ძალისმიერი იერიში მესამე მიძალებით ნოდარ ჭეიშვილმა დაასრულა. მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ მე-16 წუთზე ჯარიმით არ ვუპასუხეთ, დერეფნის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიტანეთ და რამდენიმე დარტყმის შემდეგ მიხეილ ბაბუნაშვილმა ლელო გაიტანა.

‘შავი ლომი’ ძალისმიერ თამაშში დომინირებდა, დერეფანშიც უშეცდომოდ თამაშობდა და სუფთად მოგებული ბურთის შემდეგ, 26-ე წუთზე აგორებული მოლი შალვა მამუკაშვილის ლელოთი დასრულდა. აფრიკელები გააქტიურდნენ და სახიფათო შეტევების სერია მოაწყეს, მაგრამ დაცვა მედგრად დადგა, 35-ე წუთზე ხელდახელ, 13-ფაზიანი შეტევა განახორციელა, რომლის დროსაც 45 მეტრი დაფარა. შეტევაში თითქმის მთელმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მერაბ შარიქაძემ, მიხეილ ბაბუნაშვილმა და თორნიკე აქუბარდიამ დაცვის ზღუდეები გაარღვიეს, 5-მეტრიანთან კი, გამოცდილმა გიორგი ბეგაძემ აქუბარდიას ზურგსუკან პასი გაუკეთა და მანაც ლამაზი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა.

ეს ‘შავი ლომისთვის’ მეოთხე, ბინუსის მომტანი ლელო იყო. ტაიმი 22-ქულიანი უპირატესობით უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ დასკვნით წუთებში დაშვებულ შეცდომას ჯერ შარიქაძე შეეწირა სინბინით, მერე კი აფრიკელებმა ფრთაზე მეტობა გაითამაშეს და ლელო გაიტანეს – 28:13.

მიუხედავად კაცნაკლულობისა სტუმრებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. ფორვარდებმა მოკლე დარტყმების სერია აკინძეს და ლუკა ივანიშვილმა ლელო გაიტანა. ‘იგლზმა’ გააფთრებით შემოგვიტია და 56-ე წუთზე მოედანზე ჩხუბი აგვიტეხა, რასაც სანდრო მამამთავრიშვილის წითელი ბარათი მოყვა. ‘იგლზმა’ მეტობით ამჯერადაც ისარგებლა, ორი ლელოს გატანა მოახერხა, ორივე გარდასახა და სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანა. შეხვედრის მიწურულს ‘შავმა ლომმა’ შეძლო ბურთზე კონტროლის აღდგენა, მეტოქის ლელოს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდა და მოლი თენგიზ ზამთარაძის ლელოთი დასრულდა, მატკავამ კი კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა – 42:27.

რეგულარული გათამაშების დასკვნით მატჩს ჩვენი გუნდი 11 ივნისს გამართავს.

ქარის თასი. IX ტური. 3 ივნისი
ჯორჯი. აუთენიქვა პარკ
შავი ლომი იგლზი 42:27 (28:13)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ლუკა ივანიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ლაშა ჯაიანი, 20. კოკი თხილაიშვილი; 21. გიორგი ბაბუნაშვილი, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

6 ლელო: ჭეიშვილი, მ. ბაბუნაშვილი, მამუკაშვილი, აქუბარდია, ივანიშვილი, ზამთარაძე

6 გარდასახვა: მატკავა

1 წითელი: მამამთავრიშვილი

1 სინბინი: შარიქაძე