ქართულ რაგბიში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა გრძელდება

რაგბის კავშირი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA და მისი ბენეფიციარი, წარმატებული ქართული სტარტაპი „ნეიროპილოტი“ რაგბიში ქართული მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას იწყებენ.

თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა, GITA-ს ხელძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ და „ნეიროპილოტის“ დამფუძნებელმა მაია ცქიტიშვილმა მოაწერეს ხელი.

რაგბი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობაა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ მეთოდებს აქტიურად იყენებს მოთამაშეთა კეთილდღეობისთვის, შესაბამისად, ქართული რაგბისა და GITA-ს თანამშრომლობა ბუნებრივი და საქმიანი ინიციატივაა.

„ნეიროპილოტი“ სააგენტოს ერთ-ერთი წარმატებული ბენეფიციარია. ვირტუალურ რეალობაზე დაყრდნობილი მისი ტექნოლოგია სპორტსმენებს მენტალური და ფსიქოლოგიური მოკლე ინტერაქტიული სეანსების საშუალებით უხსნის დაძაბულობას, ტრავმის და პოსტ-ტრავმულ შიშებს, უმაღლებს მოტივაციას და სპორტულ მზაობას. ინოვაციურმა მეთოდმა წარმატებით გაიარა ტესტირება და ფსიქოლოგიური განწყობის ამაღლების გზით, სპორტული მაჩვენებლების გაუმჯობესების შესაძლებლობა მკაფიოდ დაადასტურა.

რაგბის კავშირისთვის საპატიო და მნიშვნელოვანია ინოვაციებზე დაფუძნებული ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა და ამ პრაქტიკას მომავალშიც განაგრძობს.