ქართული ღვინო და ქართული რაგბი საერთო გამარჯვებისთვის

საქართველოს ორი უდიდესი ბრენდი – ქართული ღვინო და ქართული რაგბი პარტნიორობაზე თანხმდებიან, რომლის მიზანი რაგბის ინდუსტრიისთვის, რომელიც 1.1 მილიარდ მომხმარებელს მოიცავს, ქართული სპორტის და ღვინის წარდგენაა. პირველი პრეზენტაცია-დეგუსტაცია და კონცერტები მსოფლიო ჩემპიონატის პარალელურად საფრანგეთში სექტემბერში გაიმართება და შემდეგ სხვა მსხვილ ტურნირებსაც მოიცავს. მემორანდუმს რაგბის კავშირსა და ღვინის სააგენტოს შორის ხელი დღეს ღვინის მუზეუმში მოეწერა.

„ჩვენ მზად ვარ ქართულ ღვინოს რაგბის მსოფლიო არენაზე გავუწიოთ პოპულარიზაცია. რაგბიც და ღვინოც საქართველოს ძირძველი კულტურის ნაწილია; თავისი სამკურნალო თვისებებით ერთი ჭიქა ღვინო სპორტისთვისაც მარგებელია, და, ვფიქრობ, ბორჯღალოსნებსაც დამატებით ენერგიას შემატებს – ხოლო ეს პარტნიორობა მარკეტინგის კუთხით ქვეყნის ეკონომიკასაც მისცემს ბიძგს, – ღვინოსა და სპორტს გარდა, ტურიზმის ინდუსტრიასაც“ – თქვა იოსებ ტყემალაძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

მსოფლიო წარმატებას გარდა, ქართულ რაგბისა და ღვინოს ლელობურთიც აერთიანებს, უძველესი ქართული თამაში, რომელსაც ღვინოში დასველებული 16 კილოგრამიანი ბურთით თამაშობენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ. ბორჯღალოსანთა კვართებს ვაზის რტოს გამოსახულებაც ამშვენებს უძველესი ლეგენდის პატივსაცემად, რომლის თანახმად ქართველ მეომრებს ზურგზე ვაზის რტო ემაგრათ რომ ბრძოლაში დაცემის შემთხვევაში მათი ცხედრები ვაზს აღმოცენებაში დახმარებოდა და ბრძოლის ველი ვენახად ქცეულიყო. ღვინის მუზეუმში დღეს ყოფილი მორაგბისა და პოლიტიკოსის, ირაკლი ტრიპოლსკის ფილმის პრემიერაც გაიმართა, რომელიც მრავალსაუკუნოვან ქართულ თამაშში რაგბის ფესვებს იკვლევს და ასევე მის კავშირს დიდ ბრიტანეთში ლელოს მსგავსი თამაშის ტრადიციასთან.