ფონდი ქართუ მუდმივად ჩვენი ქვეყნისა და სამეგრელოს გვერდში

ქართულ რაგბის მალე კიდევ ერთი სარაგბო კერა შეემატება. საქველმოქმედო ფონდი ქართუ ზუგდიდში უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს შეეჭიდა. ფონდის დაფინანსებით ზუგდიდელებს მალე ორმოედნიანი თანამედროვე სტანდარტების სარაგბო კომპლექსი ექნებათ, რომელიც ჯამში 5000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

სამეგრელოში ეს მეორე პროექტია ფოთის სარაგბო სტადიონის შემდეგ, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი ქართუ განახორციელებს, რაც რეგიონში რაგბის განვითარებას უცილობლად შეუწყობს ხელს. წარმოუდგენელია ამ კუთხის შვილების გარეშე სპორტის ნებისმიერ სახეობაში და, მით უფრო რაგბიში საერთაშორისო ასპარეზზე რაიმე ხელშესახები შედეგის ჩვენება. აქ გაიზარდნენ რაგბის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც იყვნენ დათო კილასონია, ირაკლი კიზირია, ალექსანდრე გრიგალავა, დიმიტრი ბასილაია და სხვები.

მშენებლობის პროცესი საქართველოს რაგბის კავშირის, საქველმოქმედო ფონდ ქართუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოინახულეს.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

„რაგბის განვითარებისთვის ზრუნვა გრძელდება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ 14 საუცხოო სარაგბო ბაზა ააშენა. მათ შორის ერთი ქალაქ ფოთში.

ახლა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზის მშენებლობა ზუგდიდში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ცოტა დაგვიანებულიც კია. ზუგდიდს აუცილებლად უნდა ქონდეს გამართული სარაგბო ინფრქასტრუქტურა, რადგან ამ რეგიონმა ბევრი სახელოვანი მორაგბე აღუზარდა ქართულ რაგბის“.

„ბაზას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა მიეცემა, რადგან აფხაზეთის სიახლოვეს გვექნება შესანიშნავი სარაგბო კომპლექსი. მეზობელი სოფლებიდან ბავშვები შეძლებენ რაგბში ჩაერთონ. იმ ამბიციური გეგმების განხორციელებას კი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, სამეგრელოსა და ჩვენი აფხაზი ძმების გარეშე ვერ შევძლებთ.

დღეს ჩვენ მოვიარეთ, დავათვალიერეთ, ვნახეთ სამშენებლო პროცესი და, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვები უკვე შეძლებენ ვარჯიშს. ველით, რომ მათგანაც მივიღებთ მაღალი დონის მორაგბეებს“.

„მომდევნო წლები გამორჩეული იქნება სარაგბო აქტივობით. ახლახანს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და გარწმუნებთ, წინ დიდი გამარჯვებები გველოდება“.

ნიკოლოზ ჩხეტიანი, სქაველმოქმედო ფონდ ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თაბმჯდომარე:

„საქველმოქმედო ფონდი ქართუ განაგრძობს რაგბის მხარდაჭერის პროგრამას. ჯამში ჩვენ თოთხმეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო ბაზა ავაშენეთ. დავიწყეთ ზუგდიდში მორიგი ბაზის მშენებლობა. ეს ბაზა ოთხ ჰექტარზე იქება განთავსებული. ორი მოედნიდან ერთი ხელოვნურსაფარიანი იქნება, მეორეზე კი, ბუნებრივი საფარი დაიგება“.

„აშენდება სასტუმრო, სადაც საწვრთნელი შეკრებებისას შეიძლება დაბინავდნენ კლუბები, ასაკობრივი ნაკრებები. ეს პროექტი ზუგდიდისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი სპორტის განვითარების კუთხით, ასევე მთელი რეგიონისთვის, ვინაიდან აფხაზეთიდანაც შეძლებენ მსურველები რაგბიში ჩაბმას. ვფიქრობ, ამით ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო საქმე გაკეთდება“.