უმცროსი ბორჯღალოსნები | წუთნახევარი ისტორიამდე

უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისთან ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში გამოცდილება არ ეყოთ, მღელვარებას ვერ სძლიეს და დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო გაუშვეს – 36:41.

15-კაცა რაგბიში ინგლისის ნაკრები აქამდე არცერთ ასაკობრივ დონეზე არ დაგვიმარცხებია, თუმცა 20-წლამდელთა დონეზე მათ წინააღმდეგ აქამდე არც არასდროს გვითამაშია. პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, ინგლისელები საქართველოს პირველად ეწვივნენ და 20-წლამდელთა პირველი კვეთაც „ავჭალაზე“ შედგა.

უმცროსი ბორჯღალოსნებისა და მათი ინგლისელი თანატოლებისთვის, ეს იყო მოსამზადებელი მატჩი 2023 წლის 20-წლამდელთა ჩემპიოონატის წინ, რომელიც სტარტს 24 ივნისს, სამხრეთ აფრიკაში აიღებს. ქართველმა მორაგბეებმა სახელოვან მეტოქეს არაფერი დაუთმეს, ადრეული ორი ლელოს შემდეგ, თამაშის სადავეები ხელთ იპყრეს და 75-ე წუთამდე დამაჯერებლადაც ლიდერობდნენ.

ლადო კილასონიას შეგირდებს კარგად გამოსდიოდათ როგორც ძალისმიერი, ასევე ხელდახელ იერიშები და ექვსი ლელო გაიტანეს. სათამაშო ეპიზოდების გარდა, მწვრთნელებმა საქმეში კანდიდატებიც მრავლად იხილეს და შემადგენლობა რამდენჯერმე დაატრიალეს. რადგან თამაში მოსამზადებელი ხასიათის იყო, მოედანზე უკვე შეცვლილი მორაგბეებიც ბრუნდებოდნენ.

გუნდი კარგად ირჯებოდა დაცვაშიც და „ავჭალის“ ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივარმა დომინანტური ბოჭვა რამდენჯერმე იხილა. მთლიანობაში, მატჩის მსვლელობისას ხშირი იყო პაუზები, სათამაშო ეპიზოდებში კი უმცროსი ბორჯღალოსნები კარგად ყვებოდნენ ტემპს და თავდაუზოგავი თამაშით რამდენჯერმე შეძლეს საკუთარი ლელოს დაცვა.

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ჩვენს 20-წლამდელებს სამხრეთ აფრიკაში წამსვლელ კანდიდატებიდან 10-მდე მოთამაშე აკლდა, ისინი, რომელთა კლუბები საფრანგეთის ჩემპიონატებში ფლეი ოფებში გავიდნენ.

ინგლისი ვანერვიულეთ

თამაში თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აგრესიული დაცვით მეტოქე წნეხში მოაქციეს და 22-ს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ, თუმცა რაქში ბურთის შენარჩუნება გვიჭირდა. მეტოქემ მოლითა და ხაზით რამდენჯერმე მოგვისინჯა დაცვა და ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. მე-16 წუთზე ვაჟა მიქაძემ გარისკა, ჩაჭრაზე ითამაშა, რითაც მეტოქემ მყისვე ისარგებლა და ლელოთი ანგარიში გახსნა. მალევე ანგარიში გაიზარდა. ინგლისმა ცენტრში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, რასაც ფეხით თამაში და ნაი თომასის მეორე ლელო მოყვა. გარდასახვები არაზუსტი იყო.

ამის შემდეგ საქართველო სრულად დაეუფლა უპირატესობას და მაყურებელს საუკეთესო 15 წუთი შესთავაზა. ლუკა ცირეკიძემ მეტოქის რაქში ჯარიმა მოიპოვა, პეტრე ხუციშვილმა ბურთი 5-მეტრიან წყვეტილთან ჩააგდო, ხოლო დერეფნიდან აგორებული მოლი მეტოქემ ზედიზედ ორჯერ ჩააქცია და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.

29-ე წუთზე დაცვაში კარგი გარჯით ისევ მოვიპოვეთ ოვალი. ამჯერად მოლმა დაახლოებით 10 მეტრი იარა, რასაც ფორვარდების მოკლე დარტყმები მოყვა, მერე ბურთი დავით ხუროშვილმა მოკლე ფრთაზე დააბრუნა, სადაც ლუკა სახელაშვილი ვეღარავინ შეაჩერა და საქართველო 12:10 დაწინაურდა.

ამის შემდეგ ლუკა ცირეკიძის დრო დადგა. თამაში რომ განახლდა მასპინძლებმა ხელდახელ კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს, აქტიურმა გიორგი შველიძემ მცველი აიყვანა და ცირეკიძე სივრცეში შეუშვა, რომელმაც ბოლო მცველი ერთი-ერთზე ლამაზად ჩამოიშორა. ინგლისელებს ნერვებმა უმტყუნა და ჩხუბი წამოიწყო, რასაც დავით მჭედლიშვილის სინბინი მოყვა. კაცნაკლულმა საქართველომ 35-ე წუთზე კიდევ ერთი ლამაზი შეტევა წამოიწყო, პეტრე ხუციშვილის მოზომილი გადაკიდების შემდეგ, ბურთი ცირეკიძის ხელებში აღმოჩნდა, რომელმაც მცველი ცრუმოძრაობით ისევ უსაქმოდ დატოვა და ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. ხუციშვილის გარდასახვა ამჯერად ზუსტი იყო – 24:10.

ლელოები მორიგეობით

პირველი ტაიმის ბოლოს ინგლისმა კარგი მოლის შედეგად თავისი მესამე ლელო გაიტანა და ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა. მეორე ტაიმი საქართველოსთვის უიღბლოდ დაიწყო. შეცვლაზე შესული მორაგბეებიდან ორი მალევე შესაცვლელი შეიქმნა. ამას 50-ე წუთზე ინგლისის მორიგი მოლი და ლელო მოყვა, რომელიც ვიდეო რეფერიმ დაადასტურა. სტუმართა გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო.

საქართველომ პასუხი არ დააყოვნა. 58-ე წუთზე დერეფნიდან მოლით თავად შეუტია და მურთაზ ცხადაძემ 9-ქულიანი უპირატესობა დაგვიბრუნა. სტუმრებს მორიგი ლელოს გასატანად 7 წუთი დასჭირდათ, ამჯერად გარდასახვაც ზუსტი იყო და სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. 71-ე წუთზე უმცროსი ბორჯღალოსნების ჯერი დადგა. ბასა ხონელიძის ლელო ამჯერადაც მოლს მოყვა, ზურაბ ფირცხალაიშვილმა კი გარდასახა – 36:27.

დარჩენილ დროში ინგლისმა სათამაშო ტემპი მაქსიმალურად აწია და ფაზებიც კარგად აკინძა. ბურთი რაქიდან წამის მეასედში გადიოდა და თავიდან უმცროსი ბორჯღალოსნებიც აყვნენ ტემპს, მაგრამ უფრო გამოცდილმა მეტოქემ ორჯერ იპოვნა სივრცე ჩვენს დაცვის ხარჯზე, ორივე ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა და სერიის პირველი ჯახი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 41:36.

უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ინგლისის 20-წლამდელების მეორე მატჩი „ავჭალაზე“, 1 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც გუნდი საბოლოო სახეს მიიღებს და 13 ივნისს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება.

თბილისი. ავჭალა. 2000 მაყურებელი
საქართველო U20 – ინგლისი U20 36:41
საქართველო

ხაზი: 15. ვაჟა მიქაძე (ლელო), 14. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. დავით მჭედლიშვილი (ლელო), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. ლუკა სულუაშვილი (ხვამლი), 7. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), 8. ნიკა ლომიძე (ხარები).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 17. ლუკა უნგიაძე (არწივები), 18. ბექა ბერიძე (ბათუმი), 19. დავით ვარდანიძე (აია), 20. ანდრო დვალი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. გიორგი ხაინდრავა (ლელო); 24. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 25. ლუკა კობაური (პერპინიანი), 26. ლუკა კეშელავა (არმია), 27. მურთაზ ცხადაძე (არესი), 28. ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), 29. დავით ბერიძე (ლელო), 30. საბა არჩვაძე (ლელო).

6 ლელო: საჯარიმო (7-ქულიანი), სახელაშვილი, ცირეკიძე (2), ცხადაძე, ხონელიძე

2 გარდასახვა: ხუციშვილი, ფირცხალაიშვილი