უელსი 12:13 საქართველო | ბორჯღალოსნები ტიერ1-ს გაუშინაურდნენ – ისტორიული გამარჯვება კარდიფში!

ბორჯღალოსნებმა 2022 წელი აღმატებულ ნოტაზე დაამთავრეს. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მათ ტიერ1-ის გუნდი უელსი სტუმრად, კარდიფში დაამარცხეს.

საქართველო უელსს 2017 წლიდან მეოთხედ ეთამაშა და მეტოქე პირველად დაამარცხა. „დრაკონები“ ექვსი ერის მეორე გუნდია, რომელსაც წელს ბორჯღალოსნებმა მოუგეს (იტალიას ზაფხულში 28:19). „ფრინციფალითიზე“ შექმნილ ზღაპრულ გარემოში, ლევან მაისაშვილის შეგირდებმა მასპინძლებს მეორე ტაიმში პირწმინდად აჯობეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს.

ნოემბრის ტესტებზე საქართველოსთვის ხარისხობრივად ეს საუკეთესო თამაში იყო. გუნდის თითოეული წევრის მობილიზაცია პიკზე იყო მისული და მოედნის ნებისმიერ წერტილში ფიცხელი ბრძოლები იმართებოდა. სტუმრები ახერხებდნენ ფაზების აკინძვას და რიგ შემთხვევებში საინტერესო შეტევები ქონდათ.

თამაშში ბურთი საქართველომ შეიყვანა, მეტოქე იქვე შეავიწროვა, ჯარიმა გამოიმუშავა და თედო აბჟანდაძემ ანგარიში გახსნა. მალევე დავით ნინიაშვილმა თავის 22-ში გაჭრა ხაზი და კონტრშეტევა წამოიწყო, მაგრამ არაზუსტი პასის გამო შანსი გამოუყენებელი დარჩა. ორივე გუნდი ხშირად იყენებდა ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს და უმეტეს შემთხვევაში უელსი გამარჯვებული რჩებოდა. ტაიმის შუაში მასპინძლებმა შეძლეს საქართველოს 22-ში ფეხის მოკიდება, დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, მოკლე ფრთაზე შეუტიეს და მორგანმა ლელო გაიტანა. რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ფრთაზე ერთხელაც შექმნეს მეტობა და მორგანმა დუბლი შეასრულა, პრისტლენდმა კი ერთი გარდასახა. შესვენებამდე უელსმა კიდევ განახორციელა ფაზური შეტევები, მაგრამ საქართველომ შეძლო თავის დაცვა – 3:12.

მეორე ტაიმში ბორჯღალოსნები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას, მეტოქეზე წნეხი მეთოდურად გააძლიერეს და ქულების დაგროვება დაიწყეს. საწყის წუთებში თორნიკე ჯალაღონიამ ცენტრში გაჭრა ხაზი და სალელოვე შანსი გაჩნდა, მაგრამ მეტოქის 22-ში დავჯარიმდით. მალე უელსი მოედანზე კაცნაკლული დარჩა, საქართველომ ჯარიმა კარში არ დაარტყა, დერეფნის შემდეგ მოკლე ფრთაზე ბექა გორგაძემ შეუტია, თუმცა ფეხი დაუცდა…

59-ე წუთზე რაქიდან გამოვარდნილ ბურთს ვასილ ლობჟანიძემ ორჯერ წაკრა ფეხი, მაგრამ მცველმა დაასწრო და შეტანილი ბურთი დაამიწა, რასაც 5-მეტრიანი შერკინება მოყვა. იქიდან გატანილი ბურთი აბჟანდაძემ სანდრო თოდუას ფრთაზე მოზომილად გადაუკიდა და მანაც ლამაზი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. აბჟანდაძე გარდასახვიდან ზუსტი იყო.


თამაში კვლავ ჩვენი იერიშებით გაგრძელდა და 64-ე წუთზე აბჟანდაძემ გასატანი პოზიციიდან ჯარიმა დაარტყა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. ამასობაში დასკვნითი 5 წუთის დრო დადგა და ჩვენმა შერკინებამ ორი უმნიშვნელოვანესი ჯარიმა გამოიმუშავა, ორივე მეტოქის შეგორებისას. პირველ შემთხვევაში ლუკა მატკავამ 42 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საქართველო დააწინაურა, მეორე ჯერზე კი ჯარიმით მეტოქეს ბურთი ავართვით და საფინალო სასტვენმა საქართველოს ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა – 13:12.

19 ნოემბერი. კარდიფი. „ფრინციფალითი“
უელსი – საქართველო 12:13
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. გურამ პაპიძე, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. ბექა გორგაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. ალექსანდრე ქუნთელია; 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ლაშა ხმალაძე, 23. ლაშა ლომიძე.