ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში

საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის მე-7 ტურში, შვიდიდან ხუთი თამაში გაიმართა და ოთხ მათგანში ჯამში 10-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

ხუთმა ქართველმა ითამაშა ‘ბრივის’ შემადგენლობაში ‘კლერმონის’ წინააღმდეგ და სამი მათგანი სასტარტოში იყო. ვასილ ლობჟანიძემ მოედანზე 64 წუთი გაატარა. ოთარ გიორგაძე შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 73-ე წუთზე მოედანზე მოუწია დაბრუნება. ლუკა ჯაფარიძე 32-ე წუთზე სოსო ბეკოშვილმა შეცვალა, 69-ე წუთზე ჯაფარიძე თამაშში დაბრუნდა და 76-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა ბადრი ალხაზაშვილი.

‘კლერმონმა’ მასპინძლებს სამის წილ ექვსი ლელო გაუტანა და ბონუსით, 43:21 დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ‘ბრივის’ პირველი ლელო ლობჟანიძის ფეხით თამაშს მოყვა.

 

 

‘ბორდომ’ ‘აჟენს’ 10 ლელო გაუტანა და 71:5 გაანადგურა. ჟირონდელთა შორის 49-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა რიგებში თამაშში ჩართვა 25-ე წუთიდან მოუხდა გიორგი თეთრაშვილს. მან 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

‘რასინგ 92’ ‘კასტრს’ ეწვია, 26:28 დამარცხდა და ბონუს ქულას დასჯერდა. პარიზელთა მარქაფაში ორი ქართველი ბურჯი იყო. გია ხარაიშვილს ტრავმირებული თანაგუნდელის შეცვლა მე-3 წუთზე მოუწია და თითქმის სრულად ითამაშა. გურამ გოგიჩაშვილი მოედანზე 48-ე წუთზე გამოჩნდა.

‘სტად ფრანსემ’ ‘ტულუზს’ უმასპინძლა, 48:14 დაამარცხა და ბონუს-ქულაც ჩაიწერა. მასპინძელთა შორის 55-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

 

ფოტო: cabrive