სუპერ თასი | ‘ შავი ლომი’ პორტუგალიაში გაემგზავრა

დღეს გამთენიისას ‘შავი ლომი’ პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც 7 მაისს, ჩვენი დროით 18 საათზე, ლისაბონში ‘ლუზიტანუშს’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში შეერკინება.

‘შავი ლომის’ მსგავსად, პორტუგალიური ფრენჩაიზი ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ‘ლუზიტანუშმა’ სუპერ თასი დაუმარცხებლად განვლო და ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო, მათ შორის ესპანურ ‘იბერიანსთან’ ორი – 34:19 და 20:13, ნახევარფინალში კი ‘თელავივ ჰითს’ 42:26 სძლია. ჩვენმა გუნდმა ნახევარფინალში ‘იბერიანსი’ 43:40 დაამარცხა.

პორტუგალიაში გამგზავრებამდე ‘შავმა ლომმა’ „შევარდენზე“ სამდღიანი შეკრება გაიარა, ხვალ კაპიტნის ვარჯიშია, ზეგ კი გადამწყვეტი ბრძოლა.

ლევან მაისაშვილი: „დანაკლისი არ გვაქვს. არის მიკრო ტრავმები და მატჩის წინ გადაწყდება ვინ შეძლებს თამაშს. ფინალს ფსიქოლოგიურად განსხვავებული დატვირთვა აქვს და მზადებაც შესაბამისია. გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და ეს ბიჭებს კარგად აქვთ გააზრებული. მოწინააღმდეგე სწრაფი გუნდია. ისინი ეცდებიან თამაში ააჩქარონ და თავისი შანსი გამოიყენონ. ამისთვის ვემზადებით და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ მათ ჩვენი თამაში დავუპირისპიროთ“.

მერაბ შარიქაძე: „მოწინააღმდეგემ დასავლეთ კონფერენციაში ყველა თამაში მოიგო. თითქმის პორტუგალიის ნაკრებია, სწრაფ და ხარისხიან რაგბს თამაშობს. ვვარჯიშობთ და ჩვენის მხრივ ვეცდებით, ასევე სწრაფი და ხარისხიანი რაგბი დავუპირისპიროთ და თასი თბილისში წამოვიღოთ. ეს ტურნირი პირველად ტარდება და გვსურს, რომ მისი გამარჯვებულები გავხდეთ“.