სუპერ თასი | ოპტიმალური შემადგენლობით ‘იბერიანსთან’

‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში, ესპანურ ‘იბერიანსთან’ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

ძირითად შემადგენლობაში მყოფი 15 მორაგბიდან 13-ს, ბორჯღალოსნებში თამაშის გამოცდილება აქვს. სანაკრებო კეპი არ მოუხვეჭიათ თენგიზ პერანიძეს და ნიკა აბულაძეს, რომელიც გაფართოებული შემადგენლობის გარდა, ერთხელ განაცხადშიც იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.

სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ, გუნდს დაუბრუნდნენ ლაშა ხმალაძე, აკაკი ტაბუცაძე, მერაბ შარიქაძე, შალვა მამუკაშვილი და ნიკა ხატიაშვილი. ხუთივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაშია.

მომავალ შეხვედრაში ღერძს თენგიზ პერანიძე და გიორგი ბაბუნაშვილი წარმოადგენენ, ცენტრში მერაბ შარიქაძე დემე თაფლაძეს შეუწყვილდება, ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა. ‘შავმა ლომმა’ ასეთი ხაზით ‘ენისეის’ წინააღმდეგ ითამაშა. სანაკრებო თამაშების გამოცდილება აქვს მარქაფაში მყოფ ხაზის სამივე მორაგბეს – გიორგი ბეგაძე, ლაშა ლომიძე და მირიან მოდებაძე.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯები – ნიკა აბულაძე და ნიკა ხატიაშვილი იწყებენ. მარქაფაში არიან თენგიზ ზამთარაძე, გოგა ქადარია და გიორგი პერტაია.

მეორე ხაზში გამოცდილი ბორჯღალოსნები, ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი შეწყვილდებიან, შეცვლაზეა მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში ითამაშებენ ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი, რომლებიც ბორჯღალოსნებში ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ. თორნიკე აქუბარდია მარქაფაშია.

‘შავი ლომისა’ და ‘იბერიანსის’ შეხვედრა 17 აპრილს, 18 საათზე „ავჭალაზე“ დაიწყება. კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ქომაგს ტრიბუნების სრულად შევსების (3500 მაყურებელი) საშუალება აქვს.

ამ თამაშის გამარჯვებული სუპერ თასის ფინალში პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშსა’ და ისრაელის ‘ თელავივ ჰითს’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს ნახევარფინალური შეხვედრა ლისაბონში 16 აპრილს, ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება. მთავარი მსაჯი შოთა თევზაძეა. მას კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და სოსო ჯაფარიძე დაეხმარებიან.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალები
17 აპრილი. თბილისი. „ავჭალა“. 18:00
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანზი (ესპანეთი)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.