სუპერ თასის ნახევარფინალი | ‘შავი ლომი’ ‘იბერიანსს’ 17 აპრილს უმასპინძლებს

‘შავი ლომი’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალურ მატჩში, ესპანურ ‘იბერიანზს’ 17 აპრილს უმასპინძლებს.

რაგბი ევროპის სუპერ თასი პირველად ტარდება და მასში 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. ‘შავმა ლომმა’ ხუთიდან ოთხი თამაში მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ რუსული გუნდები ყველა ტურნირიდან მოკვეთა, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი ‘თელავივ ჰითს’ ერგო.

შედეგად, ნახევარფინალში, 16 აპრილს, დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული, პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ ‘ჰითს’ ლისაბონში დაუხვდება, 17 აპრილს კი, ‘შავი ლომი’ დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან ‘იბერიანზს’ მიიღებს.

სუპერ თასის ფინალური შეხვედრა 7, ან 8 მაისს უკეთესი შედეგის მქონე გუნდის მოედანზე გაიმართება.