სოციალური პროექტი სახლი – რაგბის კავშირმა აუტიზმის ეროვნულ ცენტრს პირველი კოტეჯი გადასცა

საქართველოს რაგბის კავშირმა, აუტიზმის ეროვნული კვლევის ცენტრს, სოციალური პროექტი „სახლის“ ფარგლებში აშენებული კოტეჯი გადასცა.

პროექტი შარშან მაისში დაიწყო და მასში ჩართულები იყვნენ საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეები – პირველი კაცთა მსოფლიო თასისთვის, ხოლო მეორე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და ხანგრძლივი შეკრებების პარალელურად, დაიგეგმა შემეცნებითი და სათავგადასავლო ღონისძიებები.

მორაგბეები სხვადასხვა დავალებების ამოხსნით, მშენებლობისთვის საჭირო მასალებს მოიპოვებდნენ. ღონისძიებები პარტნიორი და მხარდამჭერები იყვნენ ბრიკორამა, აჭარა ჯგუფი, ტოიოტა კავკაზუსი, კნაუფი, ლისი დეველოპმენტი, სი ემ დი ფორექს, ასევე დავით მაჭავარიანის სახელსნო და ენთერთეითმენთ ჯორჯია.

„ ‘ფერად ქალაქში’ დასრულდა პირველი კოტეჯის მშენებლობა, რომელსაც დღეს აუტიზმის ეროვნული კვლევის ცენტს გადავცემთ. მიხარია და ვამაყობ, რომ ამ კეთილ საქმეში რაგბის კავშირმა თავისი წვლილი შეიტანა. ასევე უღრმესი მადლობა ყველა იმ კომპანიას და მხარდამჭერს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში. მათ გარეშე მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. პირობას ვდებთ, რომ რაგბის კავშირი ყოველთვის იქნება ჩართული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და მოზარდების მხარდამჭერ აქტივობებში“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გოგებაშვილმა.

აუტიზმის კვლევისა და ხელშწყობის ფონდის თანადამფუძნებელი თათია მელაშვილი ამბობს, რომ ცენტრი რეგიონალური მასშტაბის იქნება და მის დასრულებას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება:

„საქართველოში 16 წელს გადაცილებული აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის არანაირი სერვისი არ არსებობს, რაც ძალიან დიდ სირთულეებს უქმნის ამ ადამიანებს და მათ ოჯახებს. სწორედ აქედან გაჩნდა ამ ცენტრის აშენების იდეა. ეს იქნება კომპლექსი, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები შეისწავლიან დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევებს. ამ ცენტრს ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება და დღეს ჩვენი ფონდისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან რაგბის კავშირი ამ დიდი კომპლექსის პირველ დასრულებულ კოტეჯს გადმოგვცემს. ეს არის ჩვენი შვილების მომავლის შანსი“.

პროექტ „სახლს“ უშუალოდ ხელმძღვანელობდა რაგბის კავშირის სოციალური პროექტებისა და მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ნონო ანდღულაძე:

„ეს იყო სოციალური და ამავდროულად, სახალისო კამპანია დამღლელი მოსამზადებელი ეტაპის პარალელურად, რის შედეგადაც მივიღეთ დასრულებული, შესანიშნავი კოტეჯი. საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრების წევრები, ჩართულნი იყვნენ ცნობადობის ამაღლებაში. ასაშენებელია კიდევ ოთხი კოტეჯი და დარწმუნებული ვარ. ყველანი ერთად შევძლებთ აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდების დახმარებას. პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა პარტნიორი კომპანიების დახმარების გარეშე, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. რაგბის კავშირი სოციალურ აქტივობას მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს“.

საგულისხმოა, რომ თითქმის დასრულებულია მეორე კოტეჯის მშენებლობაც, რომელსაც კომპანია ენ სი სი აშენებს და ის აუტიზმის ეროვნულ ცენტრს გაზაფხულზე გადაეცემა.

„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ნსს-ი მუდმივად ახორციელებს მსგავს სამუშაოებს და ამჯერად გადავწყვიტეთ აუტიზმის კვლევის ცენტრს დავხმარებოდით. კოტეჯის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია, დარჩენილია შიდა სამუშაოები და ის ექსპლუატაციაში გაზაფხულზე შევა. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის აუცილებელია“ – თქვა ნსს-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გეგი გელბახიანმა.

ვრცლად პროექტის შესახებ  

პირველი კოტეჯის მშენებლობისას:

დასრულებული პირველი კოტეჯი და გადაცემა: