სერგო კეშელავა იუბილარია

ქართული რაგბის პირველი თაობის ერთ-ერთ გამოჩენილ წარმომადგენელს – ბაადურ “სერგო” კეშელავას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ხანდაზმულობის მიუხედავად, ბატონი სერგო ჩვეული შემართებით ირჯება და მოძმე ვეტერან მორაგბეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაში დღესაც დიდი წვლილი შეაქვს.

სპორტმა “კეშა” ადრეული ასაკიდან გაიტაცა. მეიდნელი ყმაწვილი სკოლაში წარჩინებით სწავლას ვარჯიშს კარგად უთავსებდა და ძალას ცურვაში, მძლეოსნობაში, კალათბურთსა და ფრენბურთში ცდიდა.

საბჭოეთისათვის ახალი, მანამდე ლამის დაყადაღებული, ბრიტანული ხილით იგი მოგვიანებით, სტუდენტობის დროს მოიხიბლა – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტუტუტის (სპი; ხალხურად “გე-პე-ი”) ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტმა “რეგბი” პირველად 1960 წელს, თავისივე სალექციო აუდიტორიის ფანჯრიდან იხილა და III კორპუსის ეზოში მდებარე მოედანს უყოყმანოდ მიაშურა.

იმხანად “გეპეელებს” თანამედროვე ქართული რაგბის მესაძირკვლე, ჟაკ ასპეკიანი ედგათ სათავეში. “ჟაკომ” ფეხმარდი და სხარტი გონების პატრონი კეშელავა “ჩამკეტად” – 15 ნომრად გაამწესა. ეს პოზიცია ნიჭიერ მორაგბეს კარიერის ბოლომდე არ შეუცვლია.

“სპი”ს რიგებში სტუდენტმა სერგომ დედაქალაქის პირველობა ზედიზედ მოიგო. 1964 წელს კი, როცა სახელოვანმა და შემძლე საზოგადოებამ – “დინამომაც” მოჰკიდა ხელი ჩინოვნიკთაგან კიდევ კარგა ხანს ათვალწუნებული, ოვალურ-ბურთა თამაშის განვითარებას, ამ წამოწყების თაოსნებმა – გივი მრელაშვილმა და ოთარ დოღონაძემ “სპი”ს გუნდის ლამის ნახევარი გადაიბირეს ახალ კოლექტივში.

ასე იქცა სერგო პირველივე თაობის დინამოელად. მაგავე პერიოდში მან მეგობარი და თანაკურსელი, მომავალი პარტიული და სპორტული მუშაკი – ნუგზარ ენდელაძეც აზიარა ოვალურ ბურთს.

1966 წელს, თბილისში გამართულ “საცდელ” პირველობაზე, “დინამო” საბჭოეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაფორმდა საკავშირო ფედერაცია და “რეგბი” სპორტულ კლასიფიკაციაში შეიტანეს, “სპორტის ოსტატის კანდიდატის” წოდება კეშელავასაც მიენიჭა.

სერგომ “დინამოს” კარიერის ბოლომდე უერთგულა. მან ბოლო სეზონი 1972 წელს ჩაატარა. კეშელავამ ფრიადი წვლილი დაიდო უმაღლეს ლიგაში ორჯერ (1970 1972) ასვლაში; იგი სამჯერ (1967 1970 1971) გახდა საქართველოს ჩემპიონი და სამჯერაც (1968 1969 1972) – “დინამოს” ცენტრალური საბჭოს ჩემპიონი.

სერგო მოთამაშეობის პარალელურად მუშურ “განთიადსაც” ავარჯიშებდა. მერე დაოჯახდა და კარგა ხანს პროფესიით მუშაობდა რაიონში. ერთი ხანობა კიდეც მსაჯობდა, 1989 წელს კი ქართველ ვეტერანთა იმ ნაკრების წევრი იყო, პირველი საკავშირო ტურნირი რომ მოიგო.

“კეშა” ქართულ რაგბში ერთადერთია იმით, რომ 53 წლისამ ითამაშა შვიდკაცა! 1994 წელს ორმა სერგომ – რამიშვილმა და კეშელავამ აღადგინა “დინამო” და ეროვნულ პირველობაში ჩააბა, 2016 წელს კი, დინამოელთა უდიდესი წარმატების 50 წლის თავზე, სწორედ რომ სერგო კეშელავამ გადმოგვცა ფასდაუდებელი საბუთი – 1966 წლის ლაშქრობის მატჩობრივი ნუსხა, რაც დაედო კიდეც საფუძვლად ამ საიუბიელო პოსტერს.