„საშუალოდან დიდებულამდე მცირე მანძილია“

გუნდისა თუ სპორტსმენის წარმატებისთვის, აუცილებელია ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება, თუმცა ასევე აუცილებელია მენტალური, ფსიქოლოგიური მზაობა და ამისათვის გუნდები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა აქტივობებს მიმართავენ.

ხშირ შემთხვევაში ამ საკითხების მოგვარებაზე თავად მწვრთნელები თუ მენეჯერები ზრუნავენ, თუმცა დიდ გუნდებში პროფესიონალი ფსიქოლოგების ყოლა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

რა როლს თამაშობს წარმატებაში ფსიქოლოგი და სპორტის ფსიქოლოგია? ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტს, რაგბის კავშირის ფსიქოლოგ ბატონ მალხაზ დავითაშვილს ვესაუბრეთ და არაერთი საინტერესო დეტალი გავიგეთ.

  • გამარჯობათ ბატონო მალხაზ, სანამ უშუალოდ რაგბის თემას შევეხებით, მინდა გკითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელ სპორტში სპორტის ფსიქოლოგიის როლი?
  • მოგესალმებით, დღევანდელ მსოფლიო სპორტში მეცნიერული მიღწევების სულ უფრო მეტი ინტეგრაცია ხდება სპორტსმენთა მზადების პროცესში. ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი უკავია სპორტის ფსიქოლოგიას. უმაღლესი მიღწევების სპორტი წარმოადგენს პიროვნებათაშორის ასპარეზობის სფეროს, რის გამოც დიდი ყურადღება ექცევა ისეთი პიროვნული პარამეტრების ოპტიმიზაციას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია, მოტივაცია, თავდაჯერება, აზროვნება, ემოციური დაძაბვა და ა.შ.

შედეგად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპორტსმენთა სტრესგამძლეობის ამაღლებას. სტრესი სპორტის განუყოფელი ნაწილია, საშეჯიბრო და სავარჯიშო გარემოსთან ინტერაქციის შედეგად წარმოშობილი სტრესული მდგომარეობები იწვევს ემოციურ-ქცევით და შემეცნებითი ხასიათის ცვლილებებს, საქმიანობის ხარისხისა და პროდუქტიულობის დაქვეითებას (დაბნეულობა, მცდარი გადაწყვეტილების მიღება, მუშაობის უნარიანობის დაქვეითება); ემოციური სფეროს დარღვევას (გაღიზიანებადობა, უსაფუძვლო კრიტიკა, კონფლიქტურობა); შემეცნებითი ფუნქციის დარღვევას (ყურადღების კონცენტრაციისა და მენტალური უნარების  გაუარესება); ისეთი მახასიათებლების დაქვეითებას, როგორიცაა ფსიქოლოგიური საიმედოობა, სწრაფმოქმედება და ა.შ.

სპორტში, ისევე როგორც ადამიანის მოღვაწეობის სხვა სფეროში, ფსიქოლოგია მუდმივად არის ჩართული, სპორტსმენის კომუნიკაცია მწვრთნელთან, პარტნიორებთან, გულისხმობს საუბარს, ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, რაც წარმოუდგენელია აზროვნების, აღქმის, მოსმენის გარეშე, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიაა. ეხლა კი უფრო კონკრეტულად: მოგეხსენებათ, სპორტსმენთა მზადება ხდება ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მიმართულებით. ამ კუთხით, როგორც არ უნდა იყოს სპორტსმენი მომზადებული, თუ სათანადო ფსიქოლოგიური მომზადება არ აქვს გავლილი, ვერ ხერხდება მისი ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური არსენალის ბოლომდე გამოყენება, მისი რესურსების, პოტენციალის სრული რეალიზება. დასანანია, როცა ყველა მიმართულებით უკეთესად მომზადებული გუნდი თუ ცალკეული სპორტსმენი, აგებს თავისზე სუსტ მოწინააღმდეგესთან – წყალში იყრება მწვრთნელთა და სპორტსმენთა გაწეული შრომა იმის გამო, რომ სტადიონზე თუ დარბაზში, წინ დახვდა ყველა პარამეტრით ნაკლები, მაგრამ ფსიქოლოგიურად მასზე უკეთ მომზადებული მოწინააღმდეგე.

ეს ყველაფერი კი იმას გამო ხდება, რომ ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი სპორტსმენი, სტრესული აზროვნების გამო, ახდენს საკუთარი წარმატების თვითბლოკირებას, გათავისებული აქვს ნეგატიური როლები და ყალიბები ქცევისა, ფიქრობს უარყოფითად და იზღუდავს თავს, განწყობილია დაცვისათვის და ეძებს შემოვლით გზებს, იქცევა იძულებით თავისუფალი ქცევის ნაცვლად, არაადაპტაციური ფიქრებით თვითონვე ქმნის ფსიქოლოგიურ ბარიერებს, რომლებიც ერთგვარ ფსიქოლოგიურ გალიაში ამწყვდევს მას.

ამ სიტუაციის შეცვლა შეიძლება ფსიქიკური ვარჯიშით. ფსიქიკური ვარჯიში – ეს არის გამოყენება ჩვენი ფსიქიკისა პოზიტიური, ადაპტაციური რეაქციის მისაღწევად სხვადასხვა სტრესფაქტორებზე. ფსიქიკური ვარჯიშით სპორტსმენი შეძლებს გაზარდოს ყურადღების კონცენტრაციის და სწრაფად გადართვის უნარი, მოხსნას მოუსვენრობა და სხვა სტრესული რეაქციები, შეიძინოს თავდაჯერება, ტვინი გადააპროგრამოს პოზიტიურ აზროვნებაზე, გაზარდოს დასვენების ხარისხი, სწრაფად აითვისოს და დახვეწოს ტექნიკური და ტაქტიკური პარამეტრები, მოახდინოს ფიზიკური ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის ხარისხის გაზრდა. სფერო სპორტის ფსიქოლოგიის გამოყენებისა ამოუწურავია. ასე, რომ ჯანმრთელობის შესახებ ნათქვამს პერიფრაზით თუ ვიტყვით – სპორტში ფსიქოლოგია ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი არაფერია მის გარეშე.

  • მიუხედავად თქვენი პასუხისა, არაერთხელ მსმენია ისეთი შემთხვევების შესახებ, როცა მწვრთნელი ან სპორტსმენი არ იჩენს დიდ ენთუზიაზმს სპორტის ფსიქოლოგთან თანამშრომლობის მიმართ.
  • სამწუხაროდ, მართალი ბრძანდებით და ამას აქვს თავისი მიზეზები. ადრე უფრო ხშირი იყო შემთხვევები, როცა სპორტის ფსიქოლოგთან მისულ სპორტსმენს უყურებდნენ როგორც „ფსიქიკური პრობლემების მქონეს“, მაშინ, როცა ამ დროს ხდება მენტალური უნარების განვითარების საგანმანათლებლო პროცესი. ფსიქოლოგიაში არსებობს მცნება „წინააღმდეგობა“ – ეს არის გაუცნობიერებელი წინააღმდეგობა საკუთარი პიროვნული ასპექტების კვლევის მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რასაც ადამიანები აკეთებენ, რათა დაიცვან საკუთარი თავი იმის გაცნობიერებისგან, რაც მათთვის არასასიამოვნოა.

ეს არ ხდება ცნობიერად. ხშირად ხდება, რომ ადამიანი ეწინააღმდეგება თავისი ცხოვრების ყველაზე საინტერესო თემის კვლევას. იმ კვლევას რომლითაც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული. ეს ხდება არამარტო ფიქოლოგიაში, არამედ მედიცინაშიც და სხვა დამხმარე პროფესიებში. სპორტსმენმა შეიძლება იფიქროს: „ჩემი პრობლემები უნიკალურია და ალბათ, ვერ შეძლებს ჩემს დახმარებას სპორტის ფსიქოლოგი“, „ჩემი მეგობარი დადიოდა და ვერ უშველა, არ მინდა მეც ასე დამემართოს“, „სჯობს ჩემი საიდუმლო ჩემთან დარჩეს, არ მინდა ვინმეს გავანდო“, „სპორტის ფსიქოლოგიის სტრატეგიები რთული და ძნელად გასაგებია“, „სპორტის ფსიქოლოგი ვერ დაეხმარება ჩემი დონის სპორტსმენს“ და ა.შ.

იგივე ფიქრები შეიძლება მწვრთნელსაც გაუჩნდეს და ამაში ისინი გულწრფელები არიან. ბუნებრივია რაღაც ახლის უცბად არმიღება, გაუცნობიერებელი ეჭვი ცვლილებისადმი. მთავარია წინ წავიდეთ. აქვე ერთი პარადოქსული სიტუაციაც მინდა ვახსენო. ვისაც არ უნდა ჰკითხო, (ეს იქნება სპორტსმენი, მწვრთნელი, მენეჯერი და ა.შ.), რამდენად მნიშვნელოვანია მენტალური უნარები სპორტში, პასუხი ცალსახად დადებითია, ხშირ შემთხვევაში უფრო წინაც კი აყენებენ, ვიდრე სპორტსმენთა მომზადების სხვა ასპექტებს, მაგრამ კითხვაზე – მუშაობენ თუ არა ამ მიმართულებით, პასუხი დუმილია. ასევე არის აზრი, თითქოს სპორტის ფსიქოლოგი ერევა მწვრთნელის საქმეში, რაც არასწორია. სპორტის ფსიქოლოგს აქვს მუშაობის თავისი არეალი, რაც გამორიცხავს სხვის კომპეტენციაში ჩარევას. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის ფსიქოლოგისგან თხოულობენ ძალიან სწრაფ შედეგს. შეცდომაა, როცა სპორტის ფსიქოლოგთან მიდიან პრობლემის წარმოშობის დროს. სპორტსმენის ფსიქოლოგიური მომზადება არის მუდმივი, დაუღალავი პროცესი, ისევე, როგორც ფიზიკური, ტექნიკური მომზადება. თუმცა ვიმეორებ, ასეთი შემთხვევები ადრე უფრო ხშირად იყო. დღეს სურათი ამ კუთხით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, ამის თამამად თქმის უფლებას მაძლევს ჩემი პრაქტიკული მუშაობა და გამოცდილება.

  • რადგან საუბრის თემამაც მოიტანა, აქვე მოგვახსენეთ თქვენი გამოცდილებისა და იმ  პრობლემების შესახებ, რასაც სპორტსმენებთან მუშაობის დროს აწყდებით.
  • სპორტის მრავალ გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობასთან მქონია შეხება. არ მინდა იმ კონკრეტულ წარმატებებზე და პოზიტიურ გამოცდილებაზე  საუბარი, რაც სპორტსმენებთან მუშაობამ მოიტანა. ბევრ წარმატებულ და სახელოვან სპორტსმენთან ვარ ნამუშევარი, ძალიან პოზიტიური განცდაა, როცა სპორტსმენის წარმატებისგან გამოწვეული სიხარულის თანაზიარი ხდები. რა გრძნობა უნდა შეედაროს ამას. ასეთი სიხარულები ცოტა არ იყო ჩემს პრაქტიკაში, თუმცა ამის აფიშირებას არასოდეს ვახდენდი.

ეხლაც იმიტომ აღვნიშნე, რომ ეს საჭიროა სპორტის ფსიქოლოგიის პიარისთვის, მომავალში კიდევ უფრო კონკრეტული საუბრები იქნება სპორტსმენების, მწვრთნელების თუ ჩემი მხრიდან, რათა სპორტის სხვადასხვა სახეობებში შემორჩენილ სკეპტიკოს მენეჯერებს ნაკლები არგუმენტები ჰქონდეთ ამ არცთუ ახალი ხილის საწინააღმდეგოდ, რასაც სპორტსმენთა მენტალური მომზადება ჰქვია და რაც ასე აუცილებელია სპორტსმენისთვის. მე პირადად ვმუშაობ სპორტსმენებთან და ძალიან კარგად ვიცი რა წინააღმდეგობებთან და შიდა კონფლიქტებთან უწევთ შეჯახება არსებული სოციალური წნეხის ფონზე. სწორედ ამ წინააღმდეგობებით სავსე გზაზე მიწევს სპორტსმენთან ერთად სიარული და ნებისმიერ წარმატებას ამ გზაზე, სპორტსმენი დიდი მადლიერების გრძნობით გამოხატავს.

იმ ფონზე, კი, როცა სპორტის ფსიქოლოგის მომსახურებას „ფუფუნებად“ ნათლავს მავანი, ან სამუშაო პრიორიტეტებში ქვედა დონეზე აქვს გადაადგილებული, აშკარაა, რომ მისი მუშაობა სპორტსმენზე არ არის ცენტრირებული, ან კომპეტენციის დეფიციტთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება სპორტსმენებთან არსებულ პრობლემებს, მათთან  ხშირია თავდაუჯერებლობა. პრობლემა ამბიციის არქონაში კი არა, ამბიციასთან თანდართულ მაღალი დონის ღელვაშია. აზრი არა აქვს ეცადო ცალი ფეხით სვლას, თუ მეორე ფეხით მთელი ძალით ეყრდნობით. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული ტიპია, როცა მაღალ ამბიციასთან ერთად, წაგების შიშის მაღალი დონეა. საუკეთესო ვარიანტია, როცა სპორტსმენს აქვს მაღალი ამბიცია და არ ეშინია წაგების. ამ დროს ყველაზე უკეთ იყენებს თავის პოტენციალს, არ ეშინია რისკის, როცა ეს აუცილებელია.

ჩვენი სამუშაო მდგომარეობს ამ ტიპის შექმნაში, ანუ ამბიციის სტიმულირებაში და შიშების შემცირებაში. თუ სპორტსმენმა წაგების შიში არ დაამარცხა, ძნელია მოგებაზე საუბარი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა წაგების შიშის დამარცხება. არ უნდა გვეშინოდეს წაგების იმისთვის, რომ მოიგო. ვერ უნდა იტანდე დამარცხებას, მაგრამ არც უნდა გეშინოდეს მისი. ხშირად სპორტსმენი იმ მეთოდებით ებრძვის პრობლემას, რაც უფრო ართულებს მას. ფსიქოლოგიური პარამეტრები საოცრადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ამიტომ ძალზე ფრთხილი და კომპეტენტური მიდგომაა საჭირო.

მაგალითისთვის: წარმოიდგინეთ მავნე შინაგანი სპირალი, რომელიც იწყება თავდაუჯერებლობით, გრძელდება უარყოფითი ტიპის აზრებით და მივყავართ მაღალ ფსიქოლოგიურ დაძაბულობამდე და როგორც შედეგი, ყურადღების კონცენტრაციის ნაკლებობამდე. ამ დროს მუშაობა უნდა წარიმართოს არა პირდაპირ ყურადღების კონცენტრაციაზე, არამედ თავდაჯერებაზე. უნდა მოვსპოთ მიზეზი და არა სიმპტომი. ეს არის ერთი მცირე მაგალითი იმისა, თუ რა საინტერესო, ღრმა და აუცილებელი პროცესია სპორტსმენთა ფსიქოლოგიური მომზადება.

ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის ფაქტორი, რადგან ის ქმნის გუნდში ფსიქოლოგიურ კლიმატს. რა თქმა უნდა, კარგი მწვრთნელი, ამავე დროს, კარგი ფსიქოლოგიცაა, მაგრამ მას იმდენი საქმე აქვს, რომ დრო არ რჩება სპორტსმენებთან სათითაოდ განიხილოს მათი ფსიქოლოგიური პრობლემები და აღმოფხვრას ისინი. ამიტომ სასურველია ამ მიმართულებით მუშაობის დელეგირება მოახდინოს სპორტის ფსიქოლოგთან, ისევე, როგორც სამედიცინო პრობლემების მოგვარების დელეგირებას ახდენს სამედიცინო პერსონალთან. სპორტსმენებს კი მინდა ვუთხრა, რომ მოწესრიგებულმა გონებამ უნდა დაუგოს სხეულს გზა გამარჯვებისკენ. ტალანტი არის სიჩქარე პლიუს ტექნიკა, ტექნიკა პლიუს აზროვნება, ერთი სიტყვით ეს არის სიჩქარეების ჯამი – მოძრაობის სიჩქარე, აზროვნების სიჩქარე და ა.შ. თუმცა აქვე დავამატებ, რომ წარმატებას აღწევენ არა ყველაზე ნიჭიერები, არამედ ყველაზე დაჟინებული და მიზანსწრაფულები.

  • ოგორც ფსიქოლოგს, მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროს შექმნა, როგორია ამ მხრივ თქვენი შთაბეჭდილება და რამდენად კმაყოფილი ხართ სპორტის ფსიქოლოგიის მიმართ რაგბის კავშირის ხელმძღანელთა დამოკიდებულებით?
  • ბოლოდან დავიწყებ. ის ფაქტი, რომ დღეს მე რაგბის კავშირში ვმუშაობ, უკვე მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ რაგბის კავშირის უმაღლესი რგოლის მენეჯერებს რაგბის განვითარებაში სპორტის მეცნიერების თანამედროვე მიღწევების გამოყენების მიმართ, რომლის გარეშე დღევანდელი სპორტის განვითარება წარმოუდგენელია. თუმცა, რაგბის კავშირის პრეზიდენტთან პირველი გასაუბრების შემდეგ აღარ გამკვირვებია მისი პოზიტიური დამოკიდებულება სპორტის ფსიქოლოგიის მიმართ. თემის ირგვლივ მისმა კომპეტენტურმა და საინტერესო საუბარმა, მისგან წამოსულმა ზუსტმა და ოპტიმალურმა დაკვეთამ, სასიამოვნოდ გამაოცა.

იგივე შეიძლება ითქვას ყველა იმ რგოლის თანამშრომელზე, ვისთანაც მუშაობა მომიწია: რაგბის აკადემიის, 18-წლამდელთა ნაკრების, რაგბის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელების და თანამშრომლების პროფესიონალიზმი, რაგბის სიყვარული, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა, დიდ იმედს იძლევა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. არ შეიძლება არ აღვნიშნო 20 -წლამდელთა ნაკრების წარმატება. სამი წლის წინ, მისი მწვრთნელების გაცნობამ და მათთან საუბარმა თავიდანვე გამიჩინა წარმატების მოლოდინი. ამ ნიჭიერი პროფესიონალებისგან კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ველოდებით.

რაც შეეხება ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროს შექმნას, გეთანხმებით, მთავარი ფასეულობა ადამიანია და მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა არის მთავარი. მინდა დავადასტურო ჩემი კეთილგანწყობა რაგბის განვითარებაში ჩართული ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კეთილსინდისიერად და დიდი სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს. ვინც ხელს უწყობს საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სამუშაო ატმოსფეროს შექმნას. მე მაქვს ერთგვარი დიფერენციალური დიაგნოზის დასმის უფლება, რადგან არაერთ ფედერაციასთან მქონია შეხება. ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროს შექმნა ამცირებს პროფესიულ სტრესს და ხელს უწყობს როგორც თანამშრომელთა სამუშაო სტრესის შემცირებას, ასევე მათი ცხოვრების ხარისხისა და მუშაობის პროდუქტიულობის გაზრდას.

  • ბატონო მალხაზ, მომსწრე ვარ იმ ფაქტისა, რომ ახალგაზრდა მორაგბეებმა თხოვნით მოგმართეს დახმარებისთვის, აგრეთვე, გამოუხატავთ პოზიტიური ემოციები თქვენს მიერ ჩატარებული სემინარების მიმართ.
  • ეს ჩემი მოვალეობაა. აქ აღსანიშნავია სპორტსმენის ინიციატივა და სურვილი, ძალდატანებით ფსიქოლოგიური დახმარება შეუძლებელია, მონდომება მეორე მხრიდან უნდა მოდიოდეს. ჩვენ მუდამ მზად ვართ მუშაობისთვის. მოკრძალებით ვიტყვი, რომ მსგავსი შემთხვევები ჩემს პრაქტიკაში იშვიათი არ არის. მახსენდება 18-წლამდელთა ნაკრების ერთ ჯგუფთან ჩატარებული ტრენინგ-სემინარის შემდეგ, ახალგაზრდა, უნიჭიერესმა მორაგბე ვანო კარკაძემ ბატონ დავით ჩავლეიშვილს მოკრძალებით სთხოვა სხვა ჯგუფთან ერთად, სემინარზე განმეორებით დასწრება. არის შემთხვევები, როცა დიდი 10-ის კლუბებიდანაც გამოთქვამენ მუშაობის სურვილს მენტალური უნარების განვითარებისა და სხვა პრობლემების დასაძლევად. სპორტსმენის სწრაფვა განვითარებისკენ, პოზიტიურად ახასიათებს მის პიროვნებას და წარმატების მეტ გარანტიას ქმნის.
  • რას გვეტყვით პრობლემებზე და თქვენს სამუშაო გეგმებზე?
  • რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი აჩენს პრობლემებს და მუშაობას ამ პრობლემების გათვალისწინებით წარვმართავთ. ბორჯღალოსნების თამაშში გამოჩნდა მათთან მენტალური უნარების დახვეწის კუთხით მუშაობის აუცილებლობა. მეტი დრო დაეთმობა ბავშვთა რაგბს, მოხდება ნორჩ სპორტსმენთა მშობლების აქტიური ჩართვა მათი მენტალური მომზადების პროცესში. გაღრმავდება და დაიხვეწება კვლევები ფსიქოდიაგნოსტიკური მიმართულებით, უფრო გაფართოვდება თემატური ტრენინგ-სემინარების სპექტრი და ა.შ. სამუშაო ძალიან ბევრია.
  • რას უსურვებდით სპორტსმენებს?
  • ჩემი სამუშაოს მიზანია ადამიანი იყოს ბედნიერი პირად ცხოვრებაში და წარმატებული კარიერაში, რაც სპორტსმენის შემთხვევაში გულისხმობს მაღალი სპორტული შედეგების მიღწევას. პრობლემების დროს, მიზეზების ძებნისას, ვექტორი საკუთარი თავისკენ მიმართეთ. დამარცხება ის გზაა, რომელმაც გამარჯვებასთან უნდა მიგიყვანოთ. სამუშაო პროცესში იყავით მაქსიმალურად ჩართული, პროცესზე იყავით ორიენტირებული და შედეგი აუცილებლად მოვა. როგორც არ უნდა გადაიქცეს ბიზნესის სფეროდ, სპორტი თავისი არსით თამაშია და ის იმარჯვებს, ვინც თამაშით სიხარულსა და სიამოვნებას განიცდის. საშუალოდან დიდებულამდე მცირე მანძილია და ეს მანძილი მხოლოდ შინაგანი სილაღით უნდა გაიაროთ. რაგბის ლექსიკით მეტაფორულად გატყვით: არა მარტო სპორტსმენებს, ყველას გისურვებთ საკუთარ თავთან „შერკინებაში“ გამარჯვებას, ხაზში ლაღ თამაშს და მოწინააღმდეგესთან ურთიერთპატივისცემას.

ბოლოს დავამატებ: პირველი სართულიდან მხოლოდ ნაგვის ბუნკერი ჩანს კარგათ, წარმატების ჰორიზონტები მხოლოდ მაღალი სართულებიდან მოჩანს, სპორტის ფსიქოლოგია კი სწორედ ის კიბეა, რომელიც სპორტსმენს ზემო სართულებისკენ ასვლაში ეხმარება. გისურვებთ წარმატებებს!