საქართველო 49:15 ესპანეთი | ზედიზედ მეხუთედ – საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია!

საქართველომ ესპანეთი „დინამო არენაზე“ ლამაზ სტილში, 49:15 დაამარცხა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ორი მიიღეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო მეორე პოზიციით შეხვდა, თუმცა ფაქტობრივ ფინალში მეტოქეს კითხვის ნიშნების გარეშე სძლია.

საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მე-14-ედ მოიპოვა. სანდრო თოდუასთვის ეს მე-11 ჩემპიონობაა და ამ მაჩვენებლით დავით კაჭარავას გაუტოლდა, შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ხმალაძემ კი ჯილდო მე-10-ედ შემართეს.

ესპანელებს ორი ლელო გაუტანა აკა ტაბუცაძემ და 19 თამაშში 18 მოუგროვდა. ამ უნიკალური მაჩვენებლით, ის მახო ურჯიკაშვილს გაუტოლდა და საუკეთესო მელელოვეთა შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ბრძოლა წვიმაში

უხვი ნალექის მიუხედავად, „დინამო არენას“ გაზონი იდეალურ ფორმაში იყო, რამაც ბორჯღალოსნებს ხელდახელ თამაშის და ლამაზი ლელოების გატანის შესაძლებლობა მისცა. თოვლნარევ წვიმას არც უშუალოდ მატჩის მსვლელობისას გადაუღია, თუმცა სანახაობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ერთადერთი ის იყო, რომ ტრიბუნებზე სასურველი ოდენობის მაყურებელმა ვერ მოიყარა თავი, მაგრამ ვინც მივიდა, მათ საყვარელი გუნდის ქომაგობა არ დაიშურეს და კარგი სანახაობითაც ისიამოვნეს.

თამაში საქართველოს შეტევებით დაიწყო და ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეცურებულ ბურთს მერაბ შარიქაძე მიყვა, მაგრამ ოვალმა კიდითი ხაზი გადაკვეთა. სამაგიეროდ, ესპანეთმა თამაში განაახლა თუ არა, მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ვასილ ლობჟანიძემ კარის წინიდან არეკნი დაკრა და ფეხით პირველი სანაკრებო ქულები მოიპოვა. ესპანეთმა მალევე გვიპასუხა და მანუელ ორდამ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა. ამას ფეხით თამაში მოყვა, რაშიც საქართველო გამარჯვებული დარჩა, დერეფნიდან შეტევის შემდეგ კი თედო აბჟანდაძემ ჯარიმით ლიდერობა დაგვიბრუნა.

თამაში რომ განახლდა პირველი ბურთი ვერ ავიღეთ, წნეხში მოვექეცით და 24-ე წუთზე ჯორდი ჟორბამ შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. კიდიდან შესრულებული გარდასახვა არაზუსტი იყო. სტუმრებმა უპირატესობა სულ რაღაც 2 წუთით შეინარჩუნეს. თამაში რომ განახლდა საქართველომ მეტოქის 22-თან ბურთი მოიპოვა, ლობჟანიძემ სივრცე შენიშნა, კარის წინ ხაზი გაჭრა და დაახლოებით 15-20 მეტრი ირბინა. ამას 5-მეტრიან წყვეტილთან სამი დარტყმა მოყვა, რის შემდეგაც ბურთი გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, სადაც თავის შანსს ლელოების მანქანა აკა ტაბუცაძე ელოდა. აბჟანდაძემ გარდასახა.

ტაიმის დასკვნითმა წუთებმა საქართველოს შეტევებში ჩაიარა, 34-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დადგა, რომელშიც ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთვნენ და სტუმართა დიდი ძალისხმევის მიუხედავად ოთარ გიორგაძის ლელოთი დასრულდა. ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი ლელოს გატანის შანსი გაჩნდა, როდესაც დავით ნინიაშვილმა ხაზი გაჭრა და მას აბჟანდაძე და გიორგი კვესელაძე მიყვნენ, თუმცა ეს იერიში უქულოდ დასრულდა – 18:8.

სრული დომინირებით

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ბევრი შეცდომა დავუშვით, ხშირად ვჯარიმდებოდით, რითაც ესპანეთმა ისარგებლა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ თავისი მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვაც ზუსტი იყო და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. ეს იყო სტუმართა ბოლო შედეგიანი შეტევა დღევანდელ მატჩში. დარჩენილმა 30-მა წუთმა სრულად საქართველოს დომინირებით ჩაიარა და შედეგიც შესაბამისი დადგა.

54-ე წუთზე დერეფნიდან ბურთი ხაზში სწრაფად გავიდა და კარგი კომბინაციის შედეგად დაახლოებით 20 მეტრი მოვიგეთ, ესპანეთი კარის წინ 5 მეტრში დაჯარიმდა და რადგან სხვაობა მცირე იყო, აბჟანდაძემ 100%-იანი 3 ქულა ჩაიწერა. 62-ე წუთზე სტუმრებს მოლით შევუტიეთ. ესპანელებმა ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს, ლობჟანიძემ უპირატესობაზე თავად შეუტია, ორი მცველი აიყვანა, სივრცეში შესულ კაპიტანს პასი არ დაუგვიანა და მერაბ შარიქაძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა.

მალე მორიგი ლელო გავიდა და ის ხელდახელ შეტევას მოყვა, რომელიც ცენტრიდან დაიწყო. მის დებიუტში მარცხენა ფრთაზე მიხელ ნარიაშვილი გაიქცა და დიდი მანძილი მოიგო, მერე ბურთი საპირისპირო ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, სადაც ტაბუცაძემ „დანის პირზე“ გაიარა, ზედ გვერდით ხაზთან ორი ბოჭვა აირიდა და მორიგი ლელო მიითვალა. აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა – 35:15.

მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ბორჯღალოსნები არ მოდუნდნენ და კიდევ ორი ლელო მიითვალეს. 72-ე წუთზე ბექა გორგაძემ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და ფორვარდების რამდენიმე დარტყმას ოთარ გიორგაძის დუბლი მოყვა. ეს მისი მე-10 სანაკრებო ლელოა. რადგან გაწითლებულ დროზე ესპანელებმა ჩხუბი აგვიტეხეს, საქართველომ ჯარიმიდან ბურთი აუტში გადაიტანა, დერეფნიდან მოლი დააყენა და გიორგი ჭყოიძემ ის ლელოთი დაასრულა. აბჟანდაძემ ორივე გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 49:15.

საფინალო სასტვენის შემდეგ, მორაგბეებმა სიცივის მიუხედავად სტადიონზე მისულ ქომაგებს მადლობა გადაუხადეს, მერე კი კუთვნილი მედლები და თასი ჩაიბარეს. საქართველო 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონია!

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | V ტური
20 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო – ესპანეთი 49:15 (18:8)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. გია ხარაიშვილი, 19. გრიგორ ქერდიყოშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემე თაფლაძე.

6 ლელო: ტაბუცაძე (2), გიორგაძე (2), შარიქაძე, ჭყოიძე

5 გარდასახვა: აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აბჟანდაძე

1 არეკნი: ლობჟანიძე