საქართველო – რუსეთი | მედია საშუალებების საყურადღებოდ 

საქართველოს რაგბის კავშირი ხაზგასმით ავღნიშნავთ მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერაში. ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ მათ შრომას და კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ მედიის როლი რაგბის პოპულარიზაციაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია.

ბორჯღალოსნებისა და ყოველი ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშინაო კედლებში ნებისმიერ მატჩს ესწრებოდნენ გულშემატკივრები და მედი საშუალებების წარმომადგენლები, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ გულშემატკივრებისა და ქვეყნისთვის გადის მოედანზე.

სამწუხაროდ, COVID 19-ის პანდემიით ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, იძულებული ვართ, რომ რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მეხუთე (ბოლო) ტურის მატჩი (საქართველო – რუსეთი, 7 თებერვალი, მიხეილ მესხის სტადიონი, დას. 15:00), რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველი იქნება, რომელსაც ბორჯღალოსნები შინ გამართავენ, გულშემატკივრების გარეშე გაიმართოს და სწორედ ამავე მიზეზით იყო განპირობებული 29 იანვარს გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ვიხელმძღვანელეთ ექვსი ერისა და შემოდგომის ერთა თასის ბოლო დროინდელი პრაქტიკით.

სამწუხაროდ შეიქმნა იმგვარი წარმოდგენა, თითქოს რაგბის კავშირი ზღუდავს და არ აძლევს მედია საშუალებებს მატჩის გაშუქების შესაძლებლობას. გვუსრს უფრო ზედმიწევნით გაგაცნოთ წინა გადაწყვეტილების შინაარსი:

წინა-სამატჩო და მატჩის-შემდგომი პრესკონფერენციები გაიმართება ონლაინ, ZOOM-ის მეშვეობით, რომელთა განრიგს და ბმულს რაგბის კავშირი წინასწარ გააცნობს მედიას;

სამატჩო კვირას, მხოლოდ მედიისთვის გაიმართება ღია ვარჯიში, რომელზეც  არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ფოტო-ვიდეო გადაღება მოხდება დისტანციის დაცვით (ტრიბუნიდან). კომენტარებს გადაიღებს გუნდის ოპერატორი და მათ მედიას რაგბის კავშირი მიაწვდის;

 კაპიტნის ვარჯიში მედია საშუალებებისათვის დახურული იქნება. ვარჯიშის კადრებს გადაიღებს გუნდის ოპერატორი და მათ მედიას რაგბის კავშირი მიაწვდის;

საქართველოსა და რუსეთის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი გადმოსცემს. გარდა ამისა, მატჩი ასევე გადაიცემა რაგბი ევროპის ვიდეო კონტენტის პლატფორმაზე – rugbyeurope.tv;

აქვე გაცნობებთ, რომ მოხდება წინა-სამატჩო და მატჩის-შემდგომი პრესკონფერენციების ჩაწერა და ვიდეო-მასალას რაგბის კავშირი მედიას მიაწვდის;

ტრადიციულად, რაგბის კავშირის ეგიდით მატჩის მსვლელობისას გავრცელდება ფოტო რეპორტაჟი (გუნდების გახურება, მონეტის აგდება, პირველი ტაიმის მომენტები და მეორე ტაიმის მომენტები, თასის გადაცემა);

ვიმეორებთ, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ პანდემიით შექმნილი გარემოებებითა და არსებული პრაქტიკით, რომელთა შესახებ ზემოთ ავღნიშნეთ. ამავდროულად კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ მედია საშუალებების დიდ როლს საქართველოში რაგბისა და სხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაციაში. ვიზიარებთ იმ გულისწყვეტას, რომელიც გამოთქმულ იქნა სპორტული მედიის წარმომადგენლების მიერ, თუმცა კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენის მხრივ არ აქვს ადგილი მედიისთვის მუშაობაში ხელის შეშლას, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ რა მატჩის მიმართ დიდ ინტერესს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ მედია აკრედიტაცია შემდეგი პირობებითა და შეზღუდვებით:

მედია დაიშვება მხოლოდ მიხეილ მესხის სტადიონის მედია ტრიბუნაზე;

 COVID 19-ის რეგულაციების მიხედვით აუცილებლად უნდა იქნას დაცული სოციალური დისტანცია, რომლის გათვალისწინებითაც ტრიბუნაზე ადგილები 40-დან 15-მდე შეიზღუდება, შესაბამისად, აკრედიტაციების რაოდენობა მკაცრად შეზღუდული იქნება;

 თითოეული მედია საშუალებიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი წარმომადგენლის აკრედიტირება;

მატჩის ვიდეო გადაღების (პირდაპირ ეთერში) შესაძლებლობა მკაცრი შეზღუდვებით ექნება მხოლოდ ტელეკომპანია იმედს. მატჩზე ფოტო გადაღებას მკაცრი შეზღუდვებით აწარმოებენ მხოლოდ რაგბის კავშირის მიერ დაკონტრაქტებული ოთხი ფოტოგრაფი, შესაბამისად, მატჩზე სხვა ოპერატორები და ფოტოგრაფები არ დაიშვებიან (არც მედია ტრიბუნაზე);

აკრედიტაცია ცხადდება თითო მედია საშუალების თითო წარმომადგენელზე მხოლოდ სტადიონის მედია ტრიბუნაზე დასასწრებად!

მედია აკრედიტაცია დაიწყება 1 თებერვალს 15 საათზე. სააკრედიტაციო განაცხადების მიღება დასრულდება 3 თებერვალს 18 საათზე.

სააკრედიტაციო განაცხადის გასაკეთებლად მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შეტყობინაბა შემდეგ მისამრთზე media@rugby.ge

შეტყობინებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

მედია საშუალების დასახელება; ჟურნალისტის სახელი და გვარი; ჟურნალისტის საიდენტიფიკაციო ბარათი (ე.წ. პრეს ბარათი);

სააკრედიტაციო განაცხადზე დადებითი თუ უარყოფითი პასუხის შეტყობინებას მედია საშუალებების წარმომადგენლები მიიღებენ არაუგვიანეს 4 თებერვლისა.

დადებითი პასუხის შემთხვევაში მედია საშუალების წარმომადგენლები დამატებით მიიღებენ შეტყობინებას თუ სად და როდის შეეძლებათ სააკრედიტაციო ბარათის მიღება.

ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება გაუმჯობესდება და ჩვენც შევძლებთ რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის (ტურნირის განრიგი საქართველო – რუსეთის მატჩის შემდეგ მალევე გახდება ცნობილი) საშინაო მატჩებზე დასწრების შეზღუდვების მოხსნას და საშინაო მატჩებზე ბორჯღალოსნების საქომაგოდ გულშემატკივრების დაშვებას და მედიისთვის შეზღუდვების გარეშე მუშაობის შესაძლებლობის მიცემას, ხოლო თუ ვითარება გაუარესდება, სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ გამოვრიცხავთ შეზღუდვების გამკაცრებას.