საქართველო – რაგბის რეგიონალური ჰაბი

რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი და თურქეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მურატ პაზანი ავჭალაში ‘შავი ლომისა’ და ესპანური ‘იბერიანსის’ თამაშს დაესწრნენ – გარდა ამისა, მათ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური შეხვედრები გამართეს და როგორც მიმდინარე საკითხებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ფლორან მარტს ჩემს გარდა ჰქონდა შეხვედრები რაგბის კავშირის პრეზიდენტთან იოსებ ტყემალაძესთან, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავასთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან. მას გავაცანით ქართულ რაგბში, ყველა მიმართულებით მიმდინარე პროცესები. ასევე ვისაუბრეთ ახლადდაარსებული ტურნირის, რაგბი ევროპის სუპერ თასის სამომავლო პერსპექტივებზე“. – ამბობს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ბაჩო ხურციძე

„როგორც იცით, მომავალი სეზონიდან მისი 12 გუნდამდე გაფართოვება იგეგმებოდა, თუმცა რუსული კლუბების მოკვეთის შემდეგ, ორი ვაკანტური ადგილი გაჩნდა. ამ პოზიციის შესავსებად უკვე გამოჩნდნენ კანდიდატები. ტურნირის განვითარების კუთხით რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ჩემის აზრით, უკვე საინტერესო სუპერ თასი, მომავალში კიდევ უფრო უკეთესი გახდება. ასევე ვისაუბრეთ მარკეტინგულ მიმართულებაზე, რათა სუპერ თასი ფინანსურადაც მიმზიდველი გახდეს“

„მურატ პაზანის ქართული ფესვები აქვს, ენერგიული და მონდომებული კაცია და მასთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. გია ჭუმბურიძემ და პალიკო ჯიმშელაძემ მათ მწვრთნელებთან პროდუქტიული ტრენინგი ჩაატარეს. მურატს ყოველთვის სურდა საქართველოში ჩამოსვლა და მაღალი დონის თამაშზე დასწრება. ვისაუბრეთ 7-კაცას და 7-ქალას ერთობლივი შეკრებების შესაძლებლობაზე თურქეთში, სადაც ძალიან კარგი პირობები აქვთ და ფინანსური კუთხითაც საინტერესოა“.

„ჩვენ, როგორც განვითარებული სარაგბო ქვეყანა და რეგიონალური ლიდერი, ვალდებულებიც ვართ მეზობლებს დავეხმაროთ. შევთანხმდით, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“.