საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გადაიდო

ძვირფასო მეგობრებო!

ევროპაში კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელების გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.

შესაბამისად, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, 14 მარტს აღარ გაიმართება.

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და მას დადგენისთანავე გაცნობებთ.   

 

იხილეთ რაგბი ევროპის საგანგებო განცხადება:

2020 წლის 15 აპრილამდე გასამართი ყველა მატჩი და ტურნირი გადაიდოს

ევროპაში COVID-19-ის (კორონავირუსის) ბოლოდროინდელი გავრცელების გათვალისწინებით, რაგბი ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის 13 მარტიდან 15 აპრილამდე მისი ეგიდით გასამართი ყველა მატჩის და ტურნირის გადადების შესახებ.

დღევანდელი მდგომარეობით, გადადებულია შემდეგი მატჩები და ტურნირები:

  • რაგბი 15-ის კაცთა და ქალთა საერთაშორისო ჩემპიონატების თამაშები, მ.შ. ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო რაუნდი – სულ 12 მატჩი
  • ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც უნდა გამართულიყო კოიმბრაში (პორტუგალია), 22-28 მარტს
  • ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი, რომელიც უნდა გამართულიყო კალინინგრადში (რუსეთი) 12-18 აპრილს
  • სერბაში და ჩეხეთში გასამართი ამხანაგური მატჩები 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის

რაგბი ევროპა გააგრძელებს სიტუაციის მონტიორინგს რაგბის კავშირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან და ჯანდაცვის ორგანოებთან ერთობლივად, და შეასრულებს COVID-19-თან დაკავშირებულ მითითებებს, რომლებიც მიმართულია საზოგადოებრივი ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. გადადებული მატჩების და ტურნირების ახალი განრიგის დაგეგმვა ამ მომენტში არ განიხილება.

რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ: “მსოფლიო პანდემიის პირობებში, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირატესი მიზანი მორაგბეების, მწვრთნელების, მსაჯების და გულშემატკივრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პერიოდი საკმარისი იქნება სიტუაციის დასარეგულირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ გადავწევთ დაგეგმილი აქტივობების თარიღებს.”

რაგბი ევროპა გახლავთ მმართველი ორგანო, რომელიც ახორციელებს ევროპის ტერიტორიაზე არსებული 48 რაგბის კავშირის მონაწილეობით გასამართი საერთაშორისო ტურნირების პოპულარიზაციას, განვითარებას, მართვას და ადმინისტრირებას. რაგბი ევროპა ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს 80-ზე მეტ საერთაშორისო მატჩს და 20-ოდე საერთაშორისო ტურნირს, მ.შ. კაცთა რაგბი 15-ის ევროპის ჩემპიონატებს (ჩემპიონატი, ალაფა, კონფერენციები 1 და 2, განვითრების სეგმენტი), ევროპის 20-წლამდელთა და 18-წლამდელთა ჩემპიონატებს, რაგბი 7-ის ტურნირებს კაცთა და ქალთა შორის, მსოფლიო თასისა და ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირებს.