სამი ქართველი რეფერი „მსოფლიო რაგბის“ მსაჯთა ვებინარში

„მსოფლიო რაგბის“ ვირტუალურ აკადემიაში მსაჯებისთვის, რომელშიც ტიერ2-ის ქვეყნებიდან სულ 20 რეფერია ჩართული, სამი საქართველოდანაა – ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი.

საგულისხმოა, რომ თავდაპირველი ინფორმაციით ამ ვებინარში საქართველოდან ორი სპეციალისტი უნდა ჩართულიყო – მსაჯთა მენეჯერი ლუკა კილასონია და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ამაშუკელი, თუმცა საბოლოოდ მათ კიდევ ორი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯი დაემატა.

„მსოფლიო რაგბის“ სემინარს ალან როლანი და ესპანელი მსაჯი, ქალბატონი ალამბრა ნიევასი უძღვებიან, მოგვიანებით კი სპიკერებს კრეიგ ჟუბერი უნდა შეუერთდეს. ისევე, როგორც ვირტუალური აკადემიის დანარჩენ მიმართულებებში, ჩართვები ორ კვირაში ერთხელ ხორციელდება და შემეცნებითთან ერთად, მას გაცნობითი ხასიათიც აქვს.

სამივე ქართველი რეფერი ერთხმად აღიარებს, რომ COVID-19-ით გამოწვეული სარაგბო პაუზის ფონზე, „მსოფლიო რაგბის“ ვებინარები საუკეთესო გამოსავალია:

ნიკა ამაშუკელი: „ეს ვებინარები უფრო გამეორებაა იმ ყველაფრის, რაც გასულ პერიოდში შევისწავლეთ. როგორც წესი, მსოფლიო თასს მოსდევს ხოლმე ასეთი სემინარების ტალღა, რადგან მსოფლიო თასზე ხდება ბევრი რამის შეჯამება და მის მიხედვით სამომავლო გეგმის დასახვა. ხდება განხილვა იმ შეცდომებისა და პრობლემების, რასაც ადგილი ჰქონდა იაპონიაში და რაზეც მომავალში მეტი ყურადღების გამახვილება მოგვიწევს“.

„განვლილ ვებინარებში აქცენტი კეთდებოდა რაქსა და შერკინებაზე. ახალ წესებზე საუბარი არაა, უბრალოდ, ხდება რეფოკუსირება იმ წესებზე, რომელთაც ნაკლებად ექცეოდა ყურადღება და ეს ძალიან კარგია. არსებობს გარკვეული დისბალანსი დაცვასა და შეტევას შორის. მსაჯები დამცველ გუნდებს უფრო ხშირად აჯარიმებდნენ, ასე კი გუნდების მდგომარეობა გათანაბრდება. მომავალ სეზონებში შემტევი გუნდის მორაგბეები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან, მაგალითად რაქში გადაყრაზე მისვლისას, მათ მცირე დარღვევებზე ყურადღება გამახვილებული იქნება“.

„სპეციალურ სისტემაში იტვირთება ფაილები, რომელთაც დამოუკიდებლად ვამუშავებთ, ჩართვის ბოლოს კი გვაქვს ერთგვარი უნარების სახალისო თამაში. სწორ და სწრაფად გაცემულ პასუხებზე ვიღებთ ქულებს და ერთმანეთს ვეჯიბრებით“.

შოთა თევზაძე: „კარგი იქნებოდა, რომ მსგავსი შეხვედრები პირისპირ შემდგარიყო და გვქონოდა თამაშები, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო გამოსავალია. ამ ვებინარების დამსახურებით, არ გვაქვს მოდუნების საშუალება, გვახსენებენ რა არის პრიორიტეტები და გვამზადებენ იმ პერიოდისთვის, როდესაც რაგბი მოედანს დაუბრუნდება. უმთავრესად, ვიმეორებთ უკვე ნასწავლს, სიახლეები კი წვრილმან დეტალებშია. მნიშვნელოვანია, რომ ტვინმა იმუშაოს ამ მიმართულებით და გვახსოვდეს კონკრეტულ სიტუაციებში როგორ უნდა ვიმოქმედოთ“.

საბა აბულაშვილი: „მასალას სპეციალურ პორტალზე გვიგზავნიან, ჩართვისას კი ერთგვარი ქვიზის ვარიანტი გვაქვს. სათამაშო სიტუაციების ვიდეო-ჩანაწერების მიხედვით, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ვაგროვებთ ქულებს. ჯერჯერობით გავიარეთ ბოჭვა-რაქი და შერკინება. სიახლე ისაა, რომ შებოჭილ მორაგბეს მეორე მოძრაობის უფლება აღარ აქვს, მღლეტელმა კი ეს ილეთი მიწაზე შეხების გარეშე უნდა შეასრულოს. ვფიქრობ, ამ ცვლილებებით ბურთისთვის ბრძოლა უფრო სამართლიანი გახდება“.

„ფიზიკურად ყველანი ვვარჯიშობთ, მაგრამ მსაჯისთვის მნიშვნელოვანია გონებრივადაც სულ ფორმაში იყოს. ზაფხულის შესვენების შემდეგ, ისევე, როგორც მოთამაშეებს, მსაჯებსაც გვჭირდება მოედანზე ყველაფრის გახსენება, რადგან ნიუანსებმა დავიწყება იცის, ეს სავარჯიშოები კი ფორმის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“.

„მსოფლიო რაგბის“ პარალელურად, მსაჯთა სემინარები რაგბი ევროპამაც დაიწყო და მას ასევე ალან როლანი რაგბი ევროპის მსაჯთა უფროსთან, ფრანგ ჟოელ დუმისთან ერთად უძღვება. რაგბი ევროპის სემინარებში 20 ქართველი მსაჯია ჩართული და აქ უფრო ზოგადი თემების განხილვა ხდება. რაგბი ევროპის სემინარებში ქართველი მსაჯები რუმინელ და თურქ კოლეგებთან არიან გაერთიანებული.