სამედიცინო სამსახურების ვიდეო-კონფერენცია

„მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო სამსახურის უფროსის, ეანა ფალვის ხელმძღვანელობით, რაგბის კავშირების სამედიცინო სამსახურის უფროსების ვიდეო-კონფერენცია მოეწყო, რომელშიც 32 ქვეყნის წარმომადგენელი ჩაერთო. ბუნებრივია, საუბარი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გართულებებს შეეხო.

 

დოპინგ-კონტროლი გრძელდება

ასევე მოწვეული იყო „მსოფლიო რაგბის“ ანტიდოპინგური პროგრამის გენერალური მენეჯერი მაიკ ერლი, რომელმაც ვიდეო-კონფერენციის მონაწილეებს, შექმნილ მდგომარეობაში დოპონგ-კონტროლის პოზიცია გააცნო. პანდემიის პირობებში შემოწმების აქტივობები რა საკვირველია შემცირებულია, მაგრამ არ შეწყვეტილა. მოთამაშეებს არ ევალებათ ვარჯიშისა და წვრთნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ისინი ვალდებულნი არიან ანტიდოპინგურ სამსახურს შეატყობინონ ადგილ-სამყოფელის შეცვლის შესახებ.

დოპინგ-კონტროლის ოფიცერი შესაძლოა ნებისმიერ მოთამაშეს შინ ეწვიოს ანალიზების ასაღებად. თუ მოთამაშე რაიმე მოტივით უარს იტყვის ოფიცრის სახლში შეშვებაზე, ეს შეფასდება კვლევაზე უარის თქმად და დაეკისრება შესაბამისი სანქცია. მოთამაშეს სიტუაციის ახსნის საშუალება მიეცემა, თუმცა შესაძლოა ეს ახსნა სასჯელის შესამსუბუქებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ტესტირება არ ჩაუტარდებათ იმ მოთამაშეებს, ვისაც აღენიშნებათ კორონავირუსის სიმპტომები. ყველა მოთამაშე, ვისაც მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდება, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საკუთარი ქვეყნის რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსს, ასევე ქვეყნის ანტიდოპინგურ სააგენტოს. არაფერი შეცვლილა ე.წ. თერაპიული გამოყენების ნებართვასთან მიმართებაში, ანუ თუ მოთამაშეს სამკურნალოდ ესაჭიროება წამალი, რომელიც ანტიდოპინგური სამსახურის მიერ აკრძალულია, მაგრამ არსებობს ამ წამლის გარდაუვალი დანიშვნის ძალიან მყარი საფუძვლები, ადრინდებულად უნდა მოხდეს შესაბამისი სამსახურების ინფორმირება.

 

ვარჯიშების განახლების ვადები ჯერაც უცნობია

კონფერენციაზე მოწოდების სახით გაისმა, რომ სამედიცინო სამსახურებმა უნდა იზრუნონ მოთამაშეთა მენტალურ მდგომარეობაზე, რადგან მორაგბეები ჩვეულებრივ პირობებში დიდ დროს ატარებენ სხვა ადამიანებთან, თანაგუნდელებთან ურთიერთობაში და თვითიზოლაციაში ხანგრძლივი პერიოდით ყოფნამ, შესაძლოა მათ სირთულეები შეუქმნას. სამედიცინო სამსახურების მიზანია, რომ მათ ეს ყოფა შეუმსუბუქოს.

სამედიცინო სამსახურების უფროსები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ იმ ვადებზე, როდესაც გუნდები ჩვეულ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდებიან. ჩინეთის მაგალითით, თვითიზოლაციამ შედეგი 6-8 კვირიან პერიოდში გამოიღო და დანარჩენ ქვეყნებშიც უკეთესობას ამ პერიოდში ელიან, თუმცა არის გამონაკლისებიც. ვიდეო-კონფერენციაში მონაწილე ერთ-ერთი ნაკრების ექიმი უკვე 16 დღეა თავად ებრძვის კორონავირუსს, თუმცა მისი ტესტი ვირუსის მიმართ ჯერაც დედაბითია, მისი ერთ-ერთი კოლეგა კი, აგერ უკვე 26 დღეა მკურნალობს. ეს იმის დასტურია, რომ 2-კვირიანი ვადა ყველა შემთხვევაში საკმარისი არ არის.

გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნებისთვის, შეზღუდვების მოხსნა ინდივიდუალურად, ამ ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ვირუსის გავრცელება ყველა ქვეყანაში ერთდროულად არ დაწყებულა და საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებები და სხვა პრევენციული ზომები, ყველამ სხვადასხვა პერიოდში მიიღო. შესაბამისად, განსხვავებული იქნება შეზღუდვების მოხსნის პერიოდებიც და ეს საფრთხეს უქმნის ზაფხულის ტესტ-მატჩებს.

მაგალითად, ავსტრალიელები ფიქრობენ, რომ შეზღუდვა 6 თვე გაგრძელდება. ჩვენთვის საინტერესოა სამხრეთ აფრიკელების მიდგომა, სადაც ივლისში ბორჯღალოსნებს ტურნე აქვთ დაგეგმილი. ისინი ვარაუდობენ, რომ მაისში შიდა ჩემპიონატების უმაყურებლოდ განახლების საშუალება ექნებათ, მაგრამ საერთაშორისო თამაშები სექტემბრამდე ვერ ჩატარდება. ივლისამდე სპორტული აქტივობების განახლებას ვერ ფიქრობენ ირლანდიელები, ხოლო ინგლისელები შეზღუდვების იძულებით გახანგრძლივებას შემოდგომამდე ვერ პროგნოზირებენ.

იმდენად, რამდენადაც ქვეყნებში შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს ჩემპიონატების გაგრძელებას, არამედ ვარჯიშების განახლებას, საჭიროა გათვალისწინებული იქნას რეადაპტაციის პერიოდიც. თუ როდის იქნება შესაძლებელი კონტროლირებად პირობებში ვარჯიშების განახლება, ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია. ამასთან, და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი ბესიკ ჩადუნელი მჭიდრო კავშირშია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რომელთა რეკომენდაციებზე დაყრდნობითაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი აქტივობების განახლების თაობაზე. და იმდენად, რამდენადაც ეპიდემიის დინამიკა საქართველოში ჯერ კიდევ მზარდია, ჯგუფური აქტივობების განახლებაზე საუბარი ნაადრევია.

 

როგორ უნდა დაუბრუნდეს ნაავადმყოფარი მორაგბე ვარჯიშს

კონფერენციაზე განიხილეს იმ მორაგბეების ვარჯიშში დაბრუნების გზები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. ინიციატივა ინგლისის რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელისგან, საიმონ კემპისგან წამოვიდა:

„უკანასკნელი ცნობებით სავარაუდოა, რომ კორონავირუსი აზიანებს გულის კუნთს და იწვევს ტროპონინის მომატებას, რაც ადამიანში მიოკარდიტის განვითარების რისკს ზრდის. ამიტომ, ვირუსიდან სრულად განკურნებული მოთამაშის ვარჯიშში დაბრუნება ძალიან საფრთხილო საკითხია. ამიტომ, ყველა იმ მორაგბეს, რომელმაც ვირუსი დაამარცხა, ვარჯიშის განახლებამდე 7-დღიანი აბსოლიტური დასვენების რეკომენდაცია ეძლევა“.

„მსოფლიო რაგბის“ წევრი ქვეყნების სამედიცინო სამსახურებმა შექმნეს სპეციალური ჯგუფი, სადაც აქტიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა და ერთ-ერთი რეკომენდაცია ოთახების ხშირი განიავებაა, მანამდე კი მთავარ მოწოდებად რჩება – დარჩი სახლში!