სამედიცინო მეორე დონე და ლურჯი ბარათი

სანაკრებო ბაზის სამედიცინო პერსონალმა, „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო მეორე დონის რესერტიფიკაცია წარმატებით გაიარა, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ კი, ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებში ლურჯი ბარათის საპილოტე პროექტი დაამტკიცა.

რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის, ბესიკ ჩადუნელის თქმით, სანაკრებო სივრცის სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილის მეორე დონის ლიცენზიას ვადა გასდიოდა და აუცილებელი იყო რესერტიფიკაცია. ამ მიზნით იანვრის ბოლოს საქართველოში „მსოფლიო რაგბის“ სამედიცინო ტრეინერი, ინგლისელი ლუის ჯონსი ჩამოვიდა და „ავჭალაზე“ 3-დღიანი სემინარი ჩატარდა.

„ლუის ჯონსი როგორც საორგანიზაციო მხარით და საგანმანათლებლო ატმოსფეროთი, ასევე ჯგუფის ჩართულობით კმაყოფილი დარჩა. იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლებები. სემინარს სანაკრებო სივრცის 9 მედიკოსი, ერთი ბაზის ექიმი და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კლუბის ორი მედიკოსი ესწრებოდა. ამ ბოლო ორიდან ერთ-ერთმა სერთიფიკატი ვერ აიღო და ახლიდან მოუწევს კურსის გავლა, დანარჩენებზე კი, შესაბამისი სერთიფიკატი სამი წლით გაიცა“ – გვიყვება ჩადუნელი.

პარალელურად, ეს სემინარი თავად ჩადუნელისთვისაც ერთგვარი გამოცდა იყო. მან სამედიცინო ტრეინერობისკენ პირველი ნაბიჯი ზაფხულში, მარტყოფში ჩატარებულ სემინარზე გადადგა და „ავჭალაზე“ დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. „მსოფლიო რაგბის“ სურვილია, რომ ყველა სარაგბო ქვეყანას ყავდეს მინიმუმ ერთი ტრეინერი და რამდენიმე ედუკატორი, რათა სემინარებისა და ლიცენზირების ჩატარება მარტივი იყოს. ჩადუნელმა ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა და „მსოფლიო რაგბის“ ტრეინერის სერთიფიკატი მიიღო, თუმცა მცირე დეტალების დახვეწაზე მუშაობა მოუწევს:

„სამედიცინო ტრეინერი გავხდი, თუმცა მირჩიეს, რომ მომდევნო სემინარი ისევ კურსის დირექტორის ამპლუაში, მაგრამ კიდევ ერთხელ „მსოფლიო რაგბიდან“ მოვლენილი დამკვირვებლის მეთვალყურეობის ქვეშ ჩავატარო. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან კარგია, რადგან ვპასუხობთ „მსოფლიო რაგბის“ მოთხოვნას. ამჟამად გვყავს ერთი მედიკოსი და 5 არა მედიკოსი სამედიცინო ედუკატორი. ამას გარდა, უკვე გამოჩნდა სამედიცინო ედუკატორობის კიდევ ორი მსურველი, ორივე მედიკოსი, რომლებიც ევროპის რომელიმე ქვეყანაში შესაბამის გადამზადებას და სერთიფიცირებას გაივლიან. ამის შემდეგ გველის განვითარების ხანგრძლივი და მოცულობითი პროცესი, რადგან მოგვიწევს ძალიან ბევრი ექიმის, სამედიცინო პრესონალის და მწვრთნელის გადამზადება“ – ამბობს ჩადუნელი.

სამედიცინო განათლების საკითხში წინგადადგმული ნაბიჯია ასევე ისიც, რომ ბესიკ ჩადუნელი დაინიშნა რაგბი ევროპის სამედიცინო კომისიის განათლების ხაზის ლიდერად. “ეს აუცილებლად შეგვიწყობს ხელს იმაში, რომ უკეთ წარვმართოთ სამედიცინო განვითარება საქართველოში და მეტად მჭიდრო კავშირი დავამყაროთ და სასარგებლო უკუკავშირი მივიღოთ ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის ტიერ ერთი ქვეყნებიდანაც“ – თვლის ბ-ნი ბესიკი.

 

ლურჯი ბარათი ჭაბუკებში

რაგბის კავშირის გამგეობამ მოთამაშეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისკენ მიმართული საპილოტე პროექტი, ლურჯი ბარათი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგებში მიმდინარე სეზონიდან ამოქმედდება, ახალი სეზონიდან კი, ყველა ლიგაში დაინერგება.

ამ მიმართულებით, თბილისსა და ქუთაისში მსაჯებისთვის ოთხი 5-საათიანი სემინარი ჩატარდა, რომელიც თეორიულთან ერთად პრაქტიკულ (ვიდეო განხილვებით) ნაწილსაც მოიცავდა. პირველ ეტაპზე გამოცდა წარმატებით 8 მსაჯმა ჩააბარა. ვინც პირველ ჯერზე გამოცდა ვერ ჩააბარა, მათი ერთი ნაწილისთვის განმეორებითი გამოცდები ჩატარდა, ხოლო მეორე ნაწილმა სემინარი ახლიდან გაიარა. საბოლოოდ, გამოცდა ყველა მსაჯმა წარმატებით გაიარა და დღეისათვის 35 ისეთი მსაჯი გვყავს, რომლებიც კარგად ფლობენ ტვინის შერყევის ნიუანსებს.

უკვე მზადაა ლურჯი ბარათებიც, რომლის ორივე მხარეს ის ძირითადი კრიტერიუმებია ჩამოთვლილი, რომლითაც მსაჯებმა ამ ბარათების გამოყენებისას უნდა იხელმძღვანელონ.

ეს კრიტერიუმებია:

  • ტონური პოზა / კრუნჩხვა
  • გულყრა
  • გონების დაკარგვა (დადასტურებული ან საეჭვო)
  • ატაქსია, ბალანსის დარღვევა
  • დეზორიენტაცია ადგილში, დროში, პიროვნებაში
  • აშკარა გაბრუება
  • აშკარა დაბნეულობა
  • ქცევის აშკარა ცვლილებები
  • თვალის მამოძრავებელი ნიშნები (ნისტაგმი)
  • ტვინის შერყევის ნიშნების და სიმპტომების აღმოჩენა მოედანზევე

 

ამას გარდა, იხელმძღვანელებენ  იმავე პრინციპებით, რაც გამოიყენება ტვინის შერყევის ამოცნობის ვიდეო მონიტორინგის 5 საფეხურიან მეთოდში, რის დროსაც ვაკვირდებით დარტყმასა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ:

 

დარტყმის მომენტი (0 წმ)

  • დარტყმის სიძლიერე
  • დარტყმის მექანიზმი

მყისიერი პასუხი (0-2 წმ)

  • დაეცა მიწაზე?
  • დაკარგა თავის ან კისრის კონტროლი?
  • დაიცვა თავი დაცემისას?
  • თუ არ დაეცა, სტაბილურია დგომისას?

მოგვიანებითი პასუხი (2-7 წმ)

  • გულყრა ან ტონური პოზა / კრუნჩხვა
  • უძრავად წოლა >5 წმ
  • რაქში თავის არ დაცვა

ფეხზე ადგომა

  • ატაქსია, დისბალანსი ფეხზე წამოდგომისას
  • ხელების მოშველიება წამოდგომისას
  • ხელახლა დაცემა / ჩამუხლვა
  • “ცარიელი” მზერა
  • არასტაბილურობა
  • ფეხზე უძრავად დგომა

თამაშში დაბრუნება

  • უბრუნდება სწორ პოზიციას?
  • ღებულობს მონაწილეობას თამაშში?

 

ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ლურჯი ბარათის საპილოტე პროექტი ჭაბუკთა ლიგებში დიდი დაკვირვების ქვეშ იქნება და მხარეებს არ ექნებათ მსაჯთა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. სხვადასხვა ნიუანსების დახვეწის შემდეგ, შეიქმნება სამედიცინო, ტვინის შერყევის კომისია, რომელიც ლურჯი ბარათის გამოყენების ყველა სადავო ეპიზოდს განიხილავს.