საბა აბულაშვილი – მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

საბა აბულაშვილი მესამე ქართველი რეფერია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს განსჯის.

აქამდე ტურნირზე ქართველი რეფერებიდან ცენტრალურ მსაჯად მხოლოდ ნიკა ამაშუკელს და შოთა თევზაძეს უმუშავია, აბულაშვილი კი, სხვა ქართველ მსაჯებთან ერთად მათ კიდეებიდან ეხმარებოდა. პარალელურად, მან ცენტრალური მსაჯის პოზიციაზე გაიარა რაგბი ევროპის ალაფისა და სუპერ თასის ეტაპები, ასევე გვერდითი მსაჯი იყო 2022 წლის 20-წლამდელთა ექვს ერში, ახლა კი ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.

საბა 4 თებერვალს წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს იმსაჯებს, რომელშიც რუმინეთი პოლონეთს მასპინძლობს. მას კიდეებიდან იოსებ ჯაფარიძე და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოედნის მსაჯად დანიშვნა განვითარების მორიგი ეტაპია. რაგბი ევროპის ეგიდით, ეს უმაღლესი დონის ტურნირია და მოხარული ვარ თავის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენის შესაძლებლობა რომ მომეცა. აქ უფრო მეტი თვალი გიყურებს, როგორც გულშემატკივრის, ასევე სპეციალისტის და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, უფრო მაღალი დონის დანიშვნები იქნება, რაც თითოეული ჩვენგანის მოტივაციას ამაღლებს“.

„ნიკამ და შოთამ ქართული სამსაჯო სკოლის თამასა ძალიან მაღლა აწიეს და ვალდებული ვარ ეს თამასა შევინარჩუნო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ 10-ში შესვენებაა, მომავალი თამაშისთვის ქტიურად ვემზადებოდით და ერთგვარი რეპეტიცია ამხანაგურ მატჩებში გავიარეთ“ – ამბობს აბულაშვილი, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მატჩში ვიხილავთ.

„ბ“ ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება და პორტუგალია რუმინეთს უმასპინძლებს. აქ მოედნის მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.