[ცვლილება მარქაფაში] ბორჯღალოსნების შემადგენლობა ინგლისთან

[ცვლილება მარქაფაში ] ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„რვა ერის“ პირველ რაუნდში საქართველო 14 ნოემბერს, ჩვენი დროით 19 საათზე ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც რაგბის სამშობლოს უმთავრეს გუნდს მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით.

აქამდე ინგლისთან ორჯერ გვითამაშია. 2003 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში, საქართველოსთვის მსოფლიო თასზე სადებიუტო მატჩში, მომავალმა ჩემპიონმა 84:6 იმარჯვა. 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, ინგლისს ერთი საათი ტოლ-სწორად ვერაგბეთ, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ დასკვნით მეოთხედში სამი ლელოს გატანა მოახერხა და 41:10 იმარჯვა.

თითო მატჩი პირველ ტურამდე

„შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურამდე გუნდებმა თითო შეხვედრის გამართვა მოასწრეს, ხოლო თითო შეხვედრა კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო. ბორჯღალოსნებმა 8-თვიანი ლოკდაუნის შემდეგ პირველი მატჩი 23 ოქტომბერს, „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან გამართეს (7:48), 1 ნოემბერს რუსეთთან თბილისში გასამართი შეხვედრა კი გადაიდო.

ინგლისს 25 ოქტომბერს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიამ ამის საშუალება არ მისცა, ორი კვირის წინ კი, 2020 წლის ექვსი ერის დასკვნით მატჩში, რომში იტალია მეორე ტაიმში გატეხა, ბონუსით, 34:5 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ოთხი ცვლილება შერკინებაში

„მარიფილდზე“ სამი კვირის წინ გამართული მატჩის შემდეგ, შერკინების ხაზში ოთხი ცვლილებაა.

პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ნარიაშვილმა, კვაჭის პოზიციაზე ძირითადში დაწინაურდა შალვა მამუკაშვილი, ხოლო მეორე ბურჯი ბექა გიგაშვილია, რომელმაც შოტლანდიაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილს ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. ქერდიყოშვილმა წინა თამაშიც ძირითადში დაიწყო, ჯაიანი კი განაცხადში არ იყო. ორივე მეორეხაზელს აქამდე ნაკრებში ორ-ორი თამაში აქვთ ჩატარებული.

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ, მეორე ფლანკერად კი მარქაფიდან გიორგი (კოკი) თხილაიშვილი დაწინაურდა.

ინგლისთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალებნის კეპების ჯამი 254-ია.

სვანიძის დებიუტი ინგლისთან შედგება

ოთხი ცვლილებაა ხაზშიც, რომელთა კეპების ჯამი, ექვს მორაგბეზე 220-ს შეადგენს. ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან, ბორჯღალოსნების რიგებში დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, რომელიც თამაშს ფრთაზე იწყებს, მეორე ფრთა კი აკაკი ტაბუცაძე იქნება, რომელმაც შოტლანდიას ლელო გაუტანა და სამ შეხვედრაში 6 ლელო მოაგროვა. მას აქამდე მოედანი ლელოს გარეშე ჯერ არ დაუტოვებია.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელის შოტლანდიასთან მარქაფაში იყო. ტრავმა მოიშუშა და ინგლისთან თამაშს იწყებს ფულბეკი ლაშა ხმალაძე.

ცვლილებაა ღერძშიც, სადაც 9 ნომრის პოზიციაზე ძირითადში გელა აფრასიძე დაწინაურდა, მგეზავი კი თედო აბჟანდაძე იქნება.

მარქაფა

პირველი ხაზის მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ და ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა. ისინი შოტლანდიასთან სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ამჯერადაც მარქაფაშია ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი.

მეორე ხაზში შეცვლაზე ოთარ გიორგაძეა, რომელსაც მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში, ხოლო მესამე ხაზში თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ, რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი წელს, პორტუგალიასთან ჰქონდა და ახლა მეორე კეპს მოიხვეჭს [ცვლილება მარქაფაში, მეორე ხაზის შეცვლაზე გიორგი ჯავახია დაემატა].

შეცვლაზე ვიხილავთ 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს და  და სანდრო თოდუას.

შემოდგომის ერთა თასი. პირველი ტური
14 ნოემბერი. 19 საათი (საქ. დრო)
ლონდონი. თვიქენჰემი
ინგლისი – საქართველო
საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგიკვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო სვანიძე (*), 10. თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა);

 

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (2 კეპი), 5. გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი), 6. ბექასაღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), 8. ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა);

 

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსოყაულაშვილი (1 კეპი), 19. ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი); 21. ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), 22. სანდრო თოდუა (86 კეპი, 65 ქულა), 23. გიორგი ჯავახია (2 კეპი).