რეგიონული ლიგა | ჭიათურა და რუსთავი პლეი ოფს მიუახლოვდნენ

სეზონის წინ, სრკ-ს მიერ რეგიონული ლიგის გუნდების საბაზისო ნიხრის მკვეთრმა ზრდამ პირველობის მიმართ კლუბების ინტერესი და მოტივაცია საგრძნობლად გაზარდა. მიმდინარე ჩემპიონატში ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტმა, 14-მა გუნდმა მოიყარა თავი.

რეგიონული ლიგის პირველობა მე-10 ტურით განახლდა. როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ზონაში გუნდებს შეხვედრათა არათანაბარი ოდენობა აქვთ ჩატარებული. ორწრიანი შეჯიბრების შემდეგ, ზონებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები (დაკავებული ადგილების მიხედვით) პლეი ოფში ჯვარედინი პრინციპით დაწყვილდებიან. წყვილებში წარმატებული გუნდები ლიგის გამარჯვებულს გამოავლენენ, რომელიც მომავალ სეზონში პირველ ლიგაში ბოლოადგილოსანს ჩაანაცვლებს. რეგიონული ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ხელმოცარული გუნდი კი პირველ ლიგაში ასვლას, ზედა ლიგის ბოლოსწინა ადგილოსანთან 2-რაუნდიან პაექრობაში ეცდება. აღსანიშნავია, რომ ზონის ორივე ლიდერმა (ჭიათურას ‘მათე’ და ‘რუსთავი’) პლეი ოფში თამაში თითქმის გაინაღდა.

დასავლეთ ზონაში ყურადღებას, მოწინავე კვარტეტში მყოფი გუნდების ურთიერთ დაპირისპირება იპყრობდა. ჭიათურას ‘მათემ’ ქედას ‘ფირალებს’ ზემო იმერეთში უმასპინძლა. ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. მატჩის პირველ ნახევარში უკეთ აჭარლები ირჯებოდნენ, 2 ლელოს გატანა მოახერხეს და შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 15:12.

მეორე ტაიმში ‘ფირალებს’ დაღლა დაეტყოთ და თან თავი სტუმართა მწირმა მარქაფამაც იჩინა. ‘მათემ’ 3 ლელო (ბურჯი გიორგი ასანიძე, ფრთა თეიმურაზ ვაშაძე, ჰავბეკი ზურა ლაბაძე) გაიტანა, 24 უპასუხო ქულა მიითვალა და მატჩი ბონუსით – 36:15 მოიგო. ზემო იმერლებმა პირველობაზე ჩატარებული 8-ვე შეხვედრა მოიგეს (7 ბონუსით) და 39 საცხრილო ქულით ლიდერობა განიმტკიცეს.

წყალტუბოს ‘დინოზავრი’ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ ქუთაისში დაუხვდა. იმერლებს სანუკვარ ორეულში მოსახვედრად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც ოდნავ უკეთ კოლხები გამოიყურებოდნენ.

მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა მეტი გატანილი ჯარიმის წყალობით გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. მატჩის გამორჩეული მოთამაშე ‘კოლხი რაინდების’ მგეზავი ლევან ბარკავა გახლდათ, ვინაც გარდასახულ ლელოს, 4 გატანილი ჯარიმაც დაურთო. ბოლო წუთებზე იმერელთა შუამარბ ნიკა ფანჩულიძის დადებულმა ლელომ ‘დინოზავრს’ მხოლოდ ნუგეშ-ქულა არგუნა – 27:22. კოლხებმა, სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეორე პოზიცია გაიმყარეს და წყალტუბოელებს მთელი 11 ქულით გაუსწრეს.

აღმოსავლეთ ზონის ‘ივერიელი’-‘რუსთავის’ საკულტო შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა. პირველ წრეში ‘ივერიელს’ პრინციპულ მეტოქესთან ქვემო ქართლის დედაქალაქში ატეხილი ჩხუბი ძვირად დაუჯდა. ‘ივერიელს’, სრკ-ს ტრიბუნალმა ჩათვლილ წაგებასთან ერთად 4 საცხრილო ქულაც ჩამოაკლო, რამაც ვაჟა პაიჭაძის შეგირდთა პლეი ოფში მოხვედრა პრობლემატურად აქცია. ‘რუსთავს’ კი აღნიშნულ მატჩამდე ყველა შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით ქონდა მოგებული.

შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. პირველ ნახევარში მიღებული წითელი ბარათის მიუხედავად, ‘ივერიელი’ ანგარიშში თანაფარდობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. მატჩის მიწურულს კი ქვემო ქართლელთა ფულბეკ ალექსანდრე ტურაშვილის ლელომ ‘რუსთავის’ რთული გამარჯვება დააფიქსირა – 30:25. კახა უჩავას გუნდში ასევე აღსანიშნავია კვაჭ უჩა აღაშვილის შესრულებული „დუბლი“. აღებული ნუგეშის მიუხედავად ‘ივერიელი’ ცხრილში ერთბაშად მეხუთე პოზიციამდე დაქვეითდა.

‘ივერიელის’ წაფორხილებით ყველაზე მეტად ‘დევებმა’ იხეირეს. ‘დევებმა’ უქულოდ მყოფ ღრმა აუტსაიდერ ‘ივერიას’ 10 ლელო გაუტანეს, დაგეგმილი ბონუსით – 60:3 იმარჯვეს და ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს. „დუბლით“ მარბიელი ნიკოლოზ ძნელაძე, ფულბეკი დათო ფურცელაძე და გუნდის კაპიტანი ჯეიმს დანკანი გამოირჩნენ.

‘დევებს’ 1 ქულით ‘წიქარა’ ჩამორჩა. დათო სტეფანოვის ბიჭებმა დაძაბულ ბრძოლაში ‘რაშებს’ 17:13 აჯობეს, თუმცა პრემიალური ქულის გარეშე დარჩნენ. მეტოქეებმა ყველა სამატჩო ქულა პირველ ნახევარში დააგროვეს, მეორე ტაიმში კი ორივე გუნდის არაერთ მცდელობას ანგარიშის შეცვლისა, სასურველი შედეგი არ მოყოლია. ‘რაშების’ მგეზავმა ნიკა ჭარხალაშვილმა საკუთარი გუნდის სრული მონაგარი (გარდასახული ლელო და 2 ჯარიმა) პირად აქტივს შემატა. ‘წიქარას’ მხრიდან კი გატანილი ლელობით მარბიელი ზურა ხვედელიძე, ჰავბეკი ნიკა ქაცარიძე და ბურჯი თორნიკე მანთიძე გამოირჩნენ.

მოწინავე ორეულში მოხვედრის შანსი ‘დინამომაც’ შეინარჩუნა. ქართული რაგბის უხნესმა გუნდმა თელავის ‘ქისს’ 39:10 დამაჯერებლად მოუგო და მეოთხე პოზიციაზე განთავსდა. ‘დინამომ’ კახელებს 7 ლელო გაუტანა. „დუბლი“ გარემარბმა თედო ბერიძემ და მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, „დინამოელთა“ ბურჯმა გოგა პატაშურმა შეასრულეს. მართალია, ‘დინამო’ მეორე-მესამე ადგილზე ანაცვლებულ ‘დევებსა’ და ‘წიქარას’ შესაბამისად 1 და 2 ქულით ჩამორჩება, თუმცა უშუალო კონკურენტებზე ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, რაც სერგო რამიშვილის შეგირდებს პლეი ოფში მოხვედრის არცთუ ურიგო პერსპექტივას უქმნის.