რეგიონული ლიგა | ‘წიქარამ’ და ‘რუსთავმა’ პლეი ოფი გაინაღდეს

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში პლეი ოფში მონაწილეთა ვინაობა ზედა ექვსეულის ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაირკვა. მართალია, ‘სოხუმი’ ქვემო ქართლელებთან ცხრილში გატოლების თეორიულ შანსს ინარჩუნებს, თუმცა რუსთაველები მეტოქეს პირისპირ ბალანსით აღემატებიან და ამად ჯგუფში სულ მცირე მეორე ადგილი დაბევებული აქვთ. ‘რუსთავი’, ჯგუფის ლიდერ ‘წიქარას’ კვლავინდებურად 2 ქულით ჩამორჩება და აღმოსავლეთის გამარჯვებულის ვინაობა დასკვნით ტურში ლიდერთა დაპირისპირებაში გაირკვევა.

აღმოსავლეთის ზედა ექვსეულის მესამე ტურის ‘რუსთავი’-სოხუმის’ გამორჩეულ შეხვედრას „ხარები არენამ“ უმასპინძლა. ‘სოხუმს’ პლეი ოფში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად უშუალო კონკურენტთან ჯახში ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა. დიდი მონდომებისა და მცდელობის მიუხედავად სტუმრებმა ფავორიტ ქვემო ქართლელებთან ვერაფერი გააწყეს.

‘რუსთავი’ მწყობრად, ორგანიზებულად ირჯებოდა და თან დაცვაშიც საიმედო თამაშით გამოირჩეოდა. მასპინძლებმა პირველ ნახევარში ‘სოხუმი’ ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი ფულბეკ ბექა აქუბარდიასა და კაპიტან მიხეილ კუპატაძის გატანილ ლელოთა წყალობით შესვენებაზე 15-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში მეტოქეებმა ლელოები გაცვალეს. რუსთაველთა მარბიელ გიორგი სირაძის ლელოს, ‘სოხუმის’ მოთამაშე-მწვრთნელმა გაგა მაქაძემ საპასუხო ლელო შეაგება. მატჩის დასკვნითი ნაწილმა კვლავ ქვემო ქართლელთა უპირატესობით ჩაიარა. შეხვედრის მიწურულს რუსთაველთა ბურჯმა და კაპიტანმა მიხეილ კუპატაძემ „დუბლი“ შეასრულა, რითაც საკუთარ გუნდს პრემიალური ქულა და პლეი ოფის საგზური არგუნა – 35:8.

ზედა ექვსეულის ლიდერი ‘წიქარა’, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ‘გარდასახვას’ „ავჭალა არენაზე“ დაუხვდა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გარდასახვამ’ პოზიციები აშკარად დათმო და მოწინავე სამეულში მყოფ ვერც ერთ მეტოქესთან გამკლავება ვერ შეძლო.  ‘წიქარა’ პირველივე წუთებიდან დომინირებდა და მეტოქეს მთლიანობაში 11 ლელო გაუტანა. ფრთა დავით კენჭოშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, კიდევ ერთმა ფრთა ლუკა ბურდულმა და ფულბეკმა სანდრო ირემაშვილმა „დუბლი“ მიითვალეს. ‘გარდასახვა’ „მშრალი“ ანგარიშით მიჯრით მეორე მარცხისგან პირველ ნახევარში კვაჭ ნიკა ჯიმშელეიშვილის გატანილმა ერთადერთმა ლელომ იხსნა – 72:5.

დასავლეთში მე-9 ტური არასრული გამოდგა. უამინდობამ სამტრედიასა და ჩოხატაურის სტადიონების საფარი გვარიანად დააზიანა, რის გამოც საშეჯიბრო კომიტეტს ‘სამტრედია’- წყალტუბოს ‘დინოზავრის’ და ჩოხატაურის ‘ჯანი’-ფოთის ‘კოლხი რაინდების’ შეხვედრათა გადავადება მოუხდა. წყალტუბოელები მაქსიმალური შედეგით, 40  ქულით ლიდერობენ და მდევარ კოლხებს 5 ქულით უსწრებენ.

ლიდერთა უთამაშებლობით გამარჯვებათა იშტაზე მოსულმა ვანელებმა (მიჯრით 5 მოგება) ისარგებლეს, ‘კოლხი რაინდებთან’ ცხრილში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირეს და პლეი ოფში მოხვედრის შანსიც შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ ვანელებს მომდევნო 2 ტურში დაპირისპირება ლიდერებთან მოუწევთ. ‘აიეტი’ ჯერ ‘დინოზავრს’ ქუთაისში ესტუმრება, შემდეგ კი ‘კოლხი რაინდებს’ ბეჟან ხურციძის სახელობის სარაგბო არენაზე უმასპინძლებს.

ცხრილში მესამე ადგილზე მყოფ ‘აიეტს’, მოუგებლად მყოფ აუტსაიდერ ქედას ‘ფირალებთან’ საშინაო შეხვედრის მოგება არ გაჭირვებია. ბაკურ ბარამიძის ბიჭებმა მეტოქეს 10 ლელო დაუდეს და მატჩი დაგეგმილი პრემიით – 64:10 მოიგეს. ‘აიეტის’ ბურჯმა ბექა გაბუნიამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.