რეგიონული ლიგა | ფინალში რუსთავი და ჭიათურა ითამაშებენ

რეგიონული ლიგის ფინალისტთა ვინაობას რუსთავსა და ჭიათურაში, პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები არკვევდა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების გამარჯვებულებს ‘რუსთავსა’ და ჭიათურას ‘მათეს’ პირველ მატჩებში პოზიტიური შედეგი ქონდათ დაფიქსირებული, რაც წყვილებში ფავორიტთა საერთო წარმატების შანსს ერთიორად ზრდიდა.

‘რუსთავს’, ქვემო ქართლის დედაქალაქში ფოთის ‘კოლხი რაინდებმა’ დიდი ბრძოლა გაუმართეს და საათის თავს ანგარიში საყაიმოც გახლდათ. პირველი მატჩიც ფოთში ფრედ 14:14 დასრულდა. კოლხებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ფრთა თემურ მიკოლაიჩუკის ლელოთი, რომელიც მგეზავმა ლევან ბარკავამ გარდასახა, ტაიმის მოგებაც მოახერხეს -7:5. მასპინძელთა რიგებში გარდაუსახავი ლელოთი მარბიელმა ზუკა ციცქიშვილმა ტაიმის მიწურულს ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘რუსთავი’ ბურჯ გიგა გულორდავას ლელოთი (ამჯერზეც გარდაუსახავი) პირველად დაწინაურდა. კოლხთა მგეზავმა ბარკავამ ჯარიმით ანგარიშში წონასწორობის აღდგენა მოახერხა, რის შემდგომ სტუმრებს დაღლა დაეტყოთ და თან თავი ირაკლი სასანიას გუნდის ხარისხიანმა მწირმა მარქაფამაც იჩინა. ქვემო ქართლელებმა ტემპს უმატეს, სივრცეზე ოვალი დროულად, ეფექტურად გაშალეს და მატჩის ბოლო 20 წუთში კოლხებს 3 უპასუხო ლელოც დაუდეს. კახა უჩავას შეგირდთაგან თავი ჯერ ფრთა გიორგი მინდორაშვილმა და შუამარბმა ალექსანდრე ტურაშვილმა გამოიჩინეს, ზუკა ციცქიშვილმა კი შესრულებული „დუბლით“ საკუთარი გუნდის გამარჯვება დააფიქსირა – 29:10. აღსანიშნავია, რომ სეზონის წინ შექმნილი რუსთაველთა ახალბედა კოლექტივი, ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება.

ჭიათურაში, ადგილობრივმა ‘მათემ’ მატჩის ბედი ‘ივერიელს’ ფაქტიურად პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა. პირველი შეხვედრა ზემო იმერლებს თბილისში 13:7 ქონდათ მოგებული და საერთო უპირატესობის გამყარებას გოჩა კვაჭანტირაძის ბიჭები პირველივე წუთებიდან დაეშურნენ. ‘მათე’ მეტოქეს სტატიკაშიც აღემატებოდა, ხაზშიც უკეთ ირჯებოდა, რასაც პირველ ნახევარში მარბიელ თემურ შეყრილაძის, შუამარბ ნიკა მაჭარაშვილისა და ბურჯ გიორგი ასანიძის გატანილი ლელოები მოყვა. ვაჟა პაიჭაძის შეგირდები კი შუამარბ გელა ფოლადიშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას გამორჩნენ და შესვენების წინ მასპინძლებს 16 ქულით ჩამორჩნენ.

მეორე ტაიმში მატჩის სურათი დიდად არ შეცვლილა. მართალია, სტუმართა მხრიდან ლელოს დადება მხტომელმა გიორგი ცინცაძემ და მარბიელმა გიორგი მაისურაძემ მოახერხეს, თუმცა ანგარიშში სხვაობა მცირედით შეამცირეს. პირველი მატჩის მსგავსად ლელოს გატანა ‘მათეს’ მგეზავმა ნიკა კობიაშვილმა ამჯერზეც შეძლო. მასპინძელთა შუამარბმა ჯუმბერ ყვავაძემ კი ქომაგი ეფექტური არეკნით მოხიბლა – 32:18.

რეგიონული ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ზონების გამარჯვებულები ‘რუსთავი’ და ‘მათე’ პირველი ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. დებულების თანახმად ფინალი ნეიტრალურ მოედანზე მომავალ უქმეებზე გაიმართება. შეხვედრის ლოკაციასა და ზუსტ თარიღს სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტი უახლოეს დღეებში განსაზღვრავს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე