რეგიონული ლიგა | ‘სოხუმი’ ითამაშებს სოხუმში, სოხუმი გვაერთიანებს!!!

რეგიონული ლიგის  დასავლეთ ჯგუფში წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდებმა’ მეოთხე ტურში მეტოქეებთან საცხრილო უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. იმერლები და კოლხები ქულათა მაქსიმუმით (20-20 ქულა)  დამაჯერებლად ლიდერობენ და დიდი ალბათობით დასავლეთის გამარჯვებული სწორედ ხსენებულ მეტოქეთა ურთიეთშეხვედრებში გაირკვევა.

აღმოსავლეთში კი როგორც პირველობისთვის, ასევე ზედა ექვსეულში მოსახვედრად პრეტენზიას სულ მცირე 7 გუნდი აცხადებს და გაცილებით ფიცხელი ბრძოლებია გაჩაღებული. სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით (20 ქულა) სათავეში ‘რუსთავი’ უდგას. გიორგი ჯიმშელაძის შეგირდებმა პირველობის ოთხივე შეხვედრა ბონუსით მოიგეს და მდევრებს: ‘წიქარასა’ და ‘სოხუმს’ 5 ქულით უსწრებენ, თუმცა ‘წიქარას’ მეტოქეებზე თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და შესაბამისად, დაკარგული ქულებით ლიდერ ქვემო ქართლელებს უტოლდება.

აღმოსავლეთის ჯგუფი

ავჭალაში, ‘წიქარა’-პატარძეულის’ მატჩის დებიუტი მასპინძელთა უპირატესობით აღინიშნა. გიორგი ბარნოვის შეგირდები 20-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ. გამოცდილი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა გარე კახელებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანას მცდელობა არ დააკლეს და მეორე ნახევარის შუაწელს ბურჯ ვახტანგ ოქრუაშვილის ლელოთი მატჩის გადარჩენის შანსი დაიბრუნეს, თუმცა დარჩენილ დროში ‘წიქარამ’ უპირატესობა დაიბრუნა, თამაში კარგად გაშალა და მთლიანობაში 5 გატანილი ლელოს წყალობით შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით – 42:14 მოიგო. ‘წიქარას’ ფრთებმა: ნიკოლოზ სამსონიძემ და ლუკა ბურდულმა „დუბლი“ შეასრულეს. ბონუსის მომტანი ლელოც ბურდულის ანგარიშსზეა.

„ხვამლი არენაზე“, ‘სოხუმი’-ჭადარის’ შეხვედრაში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარს ‘ჭადარი’ აკონტროლებდა და მარბიელ ლუკა ლიქოკელისა და ფრთა გიორგი რეხვიაშვილის დადებული ლელოებით კახელები შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში’სოხუმმა’ ტემპს უმატა და ხელდახელ თამაშში მეტოქეს ხაზი არაერთგზის გაუჭრა. ლიგის დებიუტანტმა მეორე ტაიმში 6 ლელოს დადება მოახერხა და მატჩი ბონუსით – 33:18 მოიგო. ‘ჭადარის’ მარცხს წერტილი, სოხუმელთაგან ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ფულბეკმა პაატა ღარიბაშვილმა დაუსვა, ვინაც მანამდე 4 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

‘სოხუმის’ გუნდის პრეზიდენტმა და მისმა სულისჩამდგმელმა ლევან ჯობავამ 5 წლის წინ ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 2007/08 წლებში დაბადებული ყმაწვილები შემოიკრიბა, რომელთაც შემდგომში ქალაქის მკვიდრი მოსახლეობის ნაწილიც შეურთდა. ჯობავას მთავარ მიზანს ჭაბუკებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასთან ერთად, ეროვნული თვითშეგნების გაღვივება და რაინდული სულისკვეთების ჩამოყალიბება წარმოადგენს, რაზეც გუნდის დევიზიც ცალსახად მეტყველებს: ‘სოხუმი’ ითამაშებს სოხუმში, სოხუმი გვაერთიანებს!!! გუნდს გაგა მაქაძისა და ლევან ტიტველაშვილის მოთამაშე-მწვრთნელთა დუეტი დამრიგებლობს. რაკიღა შემდგომში ჭაბუკების დიდმა ნაწილმა სწავლა დედაქალაქის უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძო, ჯობავამ გუნდის შენარჩუნების მიზნით ‘სოხუმს’ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამდე ბინა დროებით თბილისში დაუდო და საშინაო შეხვედრებს ‘სოხუმი’ უმეტესად მუხიანში, „ხვამლი არენაზე“ მართავს.

ლიგის კიდევ ერთი დებიუტანტი ‘გარდასახვა’ იპყობს ყურადღებას კარგი თამაშით. გუნდს სათავეში ყოფილი „არმიელი“ ლაშა აზალაძე უდგას. ‘გარდასახვამ’ მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო და ამჯერზე უშანსოდ ‘ივერიელი’ დატოვა. აზალაძის ბიჭებმა ვაზისუბანში მეტოქეს 7 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘გარდასახვას’ წარმატებას სათავე მგეზავმა ლუკა ჭანკოტაძემ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული შუამარბის ლუკა მაღლაფერიძის ლელომ დაუსვა – 45:0. ‘გარდასახვა’ 14 ქულით მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერთა სამეულთან სულ 1 ქულა აშორებს.

მეოთხე ტური მუხიანში, ‘დევები’-რუსთავის’ დაპირისპირებით დასრულდა. მართალია, ‘დევებმა’ ფავორიტს ტოლი არ დაუდეს, დაცვაში ხისტი თამაშით სივრცეც შეუზღუდეს, თუმცა ლიდერმა თამაშის უკეთესი ორგანიზაციის ხარჯზე მეთოდურად უპირატესობა სტატიკაშიც და დინამიკაშიც მოიპოვა.

‘რუსთავმა’ მასპინძლებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. შუამარბმა ზურა ბენდელიანმა „დუბლი“ შეასრულა. ლელოს გატანა კვაჭმა უჩა აღაშვილმა და მხტომელმა დავით მოსიაშვილმაც მოახერხეს. ‘დევების’ მხტომელ ნიკოლოზ კოლხიდაშვილის მიერ მატჩის პრაქტიკულად ბოლო შეტევაში დადებული ლელოთი სანდრო ლომთაძის ბიჭებმა „მშრალი“ ანგარიშით თავის დაღწევა მოახერხეს – 26:5.

დასავლეთის ჯგუფი

ჯგუფის ორივე ლიდერმა, ‘დინოზავრმაც’ და ‘კოლხი რაინდებმა’ ტურში იოლ წარმატებას მიაღწიეს, დაგეგმილი ბონუსით იმარჯვეს და თან მეტოქეებს სამატჩო ქულების აღების შესაძლებლობაც არ მისცეს.

‘დინოზავრმა’ რაგბის კლუბ ‘ზუგდიდს’ ქუთაისში უმასპინძლა და მეტოქე სეზონის რეკორდული სხვაობით – 123:0 დაამარცხა. ‘დინოზავრი’ ლიგაში ასევე პირველი გუნდია, რომლის სამატჩო ქულათა მონაგარმა 1 შეხვედრაში სამნიშნა ციფრულ ზღვრულს უწია. იმერლებმა 19 ლელო გაიტანეს. ზაზა ჩირგაძის შეგირდთაგან აღსანიშნავია ფულბეკ იაგო ხაბულიანის შედეგიანი თამაში, ვინაც „პოკერი“ შეასრულა.

„პარკი არენაზე“, ‘კოლხი რაინდებმა’ ვანის ‘აიეტს’ 5 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩი „მშრალი ანგარიშით“ – 35:0 მოიგეს. უნარიან თამაშთან ერთად, კოლხთა ფულბეკი ლევან ბარკავა შედეგიანობითაც გამოირჩა. ბარკავამ დადებულ ლელოს, ზუსტი გარდასახვა და წყვილი გატანილი ჯარიმაც დაურთო.