რეგიონული ლიგა | პლეი ოფის მონაწილენი დასავლეთშიც გაირკვა

რეგიონული ლიგის რეგულარულ სეზონში გასარკვევი მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის გამარჯვებულთა ვინაობა რჩება. მართალია, დასავლეთში ‘დინოზავრსა’ და ‘კოლხი რაინდებს’ ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე 3-3 შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი, თუმცა იმერლებიც და კოლხებიც მდევართათვის განვლილი ტურის შემდეგ მიუწვდომელნი ოფიციალურად შეიქნენ. პირველობაზე ყველა შეხვედრის ბონუსით მომგები და ცხრილის სათავეში მყოფი წყალტუბოელები ფოთელებს კვლავ 5 ქულით უსწრებენ და დასავლეთის გამარჯვებული დიდი ალბათობით დასკვნით ტურში, ფოთში ლიდერთა უშუალო დაპირისპირებაში გაირკვევა.

აღმოსავლეთის ზედა ექვსეულის გამარჯვებულიც დასკვნით ტურში, ‘წიქარა’-‘რუსთავის’ შეხვედრაში გაირკვევა. ლიდერი ‘წიქარა’ ქვემო ქართლელებს ცხრილში 2 ქულით აღემატება და ისიც აღსანიშნავია, რომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ბარნოვის ბიჭებმა რუსთაველებს სტუმრად, „ხარები არენაზე“ 2-ქულიანი სხვაობით აჯობეს. აღმოსავლეთში ბოლო ტურის შეხვედრები 3 კვირის შემდეგ გაიმართება, მანამდე კი დასავლეთის გუნდები დასკვნით ტურამდე სატურნირო ცხრილს „გაასწორებენ“.

დასავლეთის მე-12 ტურში ორივე ლიდერმა იოლად მოიგო. ‘დინოზავრმა’ მიმდინარე სეზონში მშობლიურ წყალტუბოში პირველად ითამაშა და ქედას ‘ფირალებს’ 8 ლელო დაუდო, აუტსაიდერი აჭარლები კი შუამარბ იური ფასეიშვილის გატანილ წყვილ ჯარიმას დააჯერა. იმერელთა ჰავბეკმა თემურ თუთბერიძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, ‘დინოზავრის’ მარბიელმა ბადრი დანგაძემ კი პირად აქტივს „დუბლი“ შემატა – 50:6.

„პარკი არენაზე“, ‘კოლხი რაინდებმა’ რაგბის კლუბი ‘ზუგდიდი’ სამატჩო ქულების გარეშე დატოვეს და მეტოქეს „მშრალი“ ანგარიშით – 69:0 მოუგეს. კოლხებმა 11 ლელო გაიტანეს. მასპინძელთა მხტომელი ლევან ჩიქოვანი „პოკერით“ გამოირჩა. ფულბეკმა ლევან ბარკავამ 7 გარდასახვა გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც მისმა გატანილმა ლელომ დააფიქსირა.

აღმოსავლეთის ზედა ექვსეულის ბოლოსწინა ტურში, „ხარები არენაზე“, ‘რუსთავმა’ თელავის ‘ჭადარს’ უმასპინძლა. გადახალისებულ-გაახალგაზრდავებული შემადგენლობით მოთამაშე კახელებმა მედგრად, ბოლომდე იბრძოლეს და ფავორიტს 2 ლელოც დაუდეს. ქვემო ქართლელები ლაღად, კომბინაციურ სტილში მოქმედებდნენ, რასაც გიორგი ჯიმშელაძის შეგირდთა 7 გატანილი ლელო მოჰყვა. მასპინძელთა მგეზავმა ნიკა ბეჟუაშვილმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა და პირადი მონაგარი 4 ზუსტად შესრულებული გარდასახვითაც გაამდიდრა. კახელთა მარცხს წერტილი ‘რუსთავის’ შუამარბ ილია ზოიძის ლელომ დაუსვა – 43:16.

„ხვამლი არენაზე“, ‘სოხუმი’-‘წიქარას’ შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. მართალია, ‘სოხუმს’ პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგული ქონდა, თუმცა დებიუტანტის კვალობაზე ჩინებულად მობურთავე გიგა მაქაძისა და ლევან ტიტველაშვილის ბიჭებს „კარის გაჯახუნება“ და ლიდერის სეზონში მეორედ დამარცხებაც დიდად ეწადათ.

პირველი ტაიმი ‘წიქარას’ უპირატესობით წარიმართა. გიორგი ბარნოვის ბიჭებმა მეტოქეს 4 ლელო დაუდეს, „დუბლით“ ფრთა ლუკა ბურდული გამოირჩა და შესვენებაზე ფავორიტი 17-ქულიანი უპირატესობით წავიდა. ‘სოხუმი’ მედგრად, ბოლომდე იბრძოდა და 3 გატანილი ლელოთი, მეორე ტაიმის შუაწელს შეხვედრის ხსნის შანსიც გაუჩნდა. ‘წიქარამ’, ორგანიზებული, მწყობრი თამაშის წყალობით უპირატესობა დაიბრუნა და მეტოქის დაცვის შეცდომებიც კარგად გამოიყენა. მატჩის მიწურულს ‘წიქარას’ შუამარბმა გიორგი ექსეულიძემ ‘სოხუმს’ პრემიალური ქულის მომტანი ლელო დაუდო და თან მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 36:21.