რეგიონული ლიგა | პირველი რაუნდი კოლხებმა და იმერლებმა მოიგეს

რეგიონული ლიგის შეჯიბრება 2-რაუნდიანი ნახევარფინალებით გაგრძელდა. წყვილებში წარმატებული გუნდები ლიგის ჩემპიონს ნეიტრალურ მოედანზე გასამართ ფინალში გამოავლენენ. ჩემპიონი მთავარ პრიზთან ერთად, მომავალ სეზონში პირველ ლიგაში თამაშის უფლებასაც ირგუნებს. ფინალში ხელმოცარული გუნდი კი კლასში აღზევებას, პირველი ლიგის მე-9 ადგილოსან თეთრი წყაროს ‘იუნკერებთან’ 2-მატჩა დაპირისპირებაში ეცდება. 1/2-ური ეტაპის პირველი მატჩები უარეს ნომრიანი გუნდების, ‘კოლხი რაინდებისა’ და ‘წიქარას’ მოედნებზე გაიმართა.

„პარკი არენაზე“, ‘კოლხი რაინდები’ აღმოსავლეთის გამარჯვებულ ‘რუსთავთან’ მატჩის დიდი ნაწილი უპირატესობას ფლობდა. მასპინძლები ლაღად და მწყობრად ირჯებოდნენ და კომბინაციურ სტილში არაერთი მწვავე იერიშით ქვემო ქართლელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ.

ფოთელები ფულბეკ ლევან ბარკავას ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც სტუმართა მგეზავ ნიკა ბეჟუაშვილის გატანილი ჯარიმა მოჰყვა. რუსთაველთა მხრიდან წესის გახშირებული დარღვევით ბარკავამ კარგად ისარგებლა, ვინაც პირველ ტაიმში მიჯრით 4 ჯარიმა გაიტანა და შესვენების წინ კოლხებს 14-ქულიანი უპირატესობა მოუტანა.

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიშში სხვაობა ფოთელთა მარბიელ ლუკა დოლბაიას გარდაუსახავი ლელოთი გაიზარდა. მატჩის დასკვნით ნაწილში კოლხებს დაღლა დაეტყოთ, რამაც რუსთაველებს ტემპის მატებისა და წყვილი ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცა. სტუმართა ფრთა ლევან რობაქიძემ „დუბლი“ შეასრულა, ბეჟუაშვილმა 1 გარდასახვა გამოიყენა და კოლხების უპირატესობა 7-ქულამდე შემცირდა. ‘კოლხი რაინდებმა’ მატჩი 22:15 მოიგო და წყვილში გამარჯვებულს ქვემო ქართლის დედაქალაქში კვირის სწორს გასამართი საპასუხო შეხვედრა გაარკვევს.

თბილისის ‘წიქარა’ დასავლეთის გამარჯვებულ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ „ხვამლი არენაზე“ დაუხვდა. იმერლებს რეგულარულ სეზონში ყველა შეხვედრა ბონუსით ქონდათ მოგებული და თან აღნიშნულ პერიოდში ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა მეტოქეებს მთლიანობაში მხოლოდ 2 ლელო დაადებინეს და 21 სამატჩო ქულა ააღებინეს.

‘დინოზავრის’ შეჩერება ვერც ‘წიქარამ’ შეძლო. იმერელთა გამოცდილმა დამრიგებელმა ზაზა ჩირგაძემ აქცენტი სტატიკაზე გააკეთა და კარგად ჩამოყალიბებული მოლის ხარჯზე მასპინძლებს 4 ძალისმიერი ლელო დაუდო. მთლიანობაში ‘დინოზავრმა’ 7 ლელო გაიტანა, მეტოქე კი პირველ ტაიმში შუამარბ ფრიდონ ვეშაგურის ეულ ლელოს დააჯერა.

იმერელთა ფულბეკმა იაგო ხაბულიანმა (მატჩის საუკეთესო მოთამაშე), მღლეტელმა გიორგი გოგიძემ, ფრთა დავით ჩაუჩიძემ და კაპიტანმა ბადრი დანგაძემ შესვენებამდე 4 ლელო გაიტანეს და საკუთარ გუნდს 15 ქულიანი უპირატესობა მოუპოვეს. მეორე ტაიმში შეხვედრის სურათი არ შეცვლილა. ‘წიქარა’ 3 გატანილ ჯარიმას დაჯერდა, საკუთრივ კი კიდევ 3 ლელო მიიღო. ‘დინოზავრის’ დამაჯერებელი გამარჯვება მხტომელ თორნიკე შუბითიძის ლელომ დააფიქსირა – 43:16. წყალტუბოელებმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.