რეგიონული ლიგა | კოლხებმა ლიდერის დამარცხებით პლეი ოფი გაინაღდეს

რეგიონულ ლიგაში უამრავი გადადებული შეხვედრა დაგროვდა (უმეტესად უამინდობის გამო), რის გამოც შეჯიბრის ორგანიზატორებს მიჯრით ორი კვირის უქმეებზე კალენდრის „გასწორებაზე“ უხდებათ ზრუნვა.

აღმოსავლეთ ზონაში პირველი ადგილი და პლეი ოფის საგზური ‘რუსთავმა’ ჯერ კიდევ წინა ტურში გაინაღდა. ქვემო ქართლელთა კვალ, ამავე ზონიდან პლეი ოფში მოხვედრას ერთბაშად 4 გუნდი ეშურებოდა, თუმცა დაგროვილი ქულებისა და ჩატარებულ შეხვედრათა ოდენობის გათვალისწინებით, ‘ივერიელის’ შანსი პრიორიტეტულად ითვლებოდა.

‘ივერიელი’ დედაქალაქურ დერბიში ‘რაშებს’ ვაზისუბნის სარაგბო არენაზე დაუპირისპირდა და პირველი წრის ულელოო, დაძაბული შეხვედრისგან განსხვავებითმ იოლ წარმატებას მიაღწია – 60:5. ვაჟა პაიჭაძის შეგირდები მეტოქეს რაგბის ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და 45 უპასუხო ქულით მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ფავორიტმა მეტოქეს მთლიანობაში 10 ლელო გაუტანა და ყველა მათგანი-ხელდახელ თამაშით. ‘ივერიელის’ ფრთა სანდრო ლორიაშვილი „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა. ‘რაშები’ კი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს ფულბეკ ლევან უგულავას შეხვედრის მიწურულს გატანილი ლელოს წყალობით გადაურჩა. სეზონში მე-9 გამარჯვებამ, 39 ქულით ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი ‘ივერიელი’ პლეი ოფს კიდევ უფრო მიუახლოვა. პაიჭაძის ბიჭებს პირველობაზე 3 შეხვედრა რჩებათ ჩასატარებელი (მათ შორის აუტსაიდერებთან: ‘ქისთან’ და ‘ივერიასთან’).

‘ივერიელის’ მდევარ ‘წიქარას’ ზონის აუტსაიდერ ‘ივერიასთან’ დაგეგმილი პრემიით მოგება არ გაჭირვებია. ლიგის მონაწილეთა შორის უცუდესი მაჩვენებლის მქონე ‘ივერიას’ (ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილი და უქულოდ მყოფი) დათო სტეფანოვის ბიჭებმა 10 ლელო გაუტანეს და პირველი წრის მსგავსად მეტოქე ამჯერზეც „მშრალი“ ანგარიშით და კიდევ უფრო სოლიდური სხვაობით – 66:0 დაამარცხეს.

‘წიქარას’ გამარჯვებას სათავე მხტომელ დათო კენჭოშვილის ლელომ დაუდო, რასაც შუამარბ ვახტანგ აბრამიშვილისა და მარბიელ გიორგი დანელიას შესრულებული „დუბლები“ მოყვა. მგეზავმა ლუკა ზუხბაიამ 8 გარდასახვა გამოიყენა. ‘წიქარა’ 37 ქულით ცხრილში მესამე ადგილზე დამკვიდრდა, ‘ივერიელს’ კვლავინდებურად 2 ქულით ჩამორჩება, ჯგუფურ ეტაპზე 2 შეხვედრა რჩება ჩასატარებელი, თუმცა პლეი ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

განაღდებული პირველი ადგილის მიუხედავად, ‘რუსთავმა’ საშინაო შეხვედრაში ‘დინამოსთან’ ჩვეული შემართებითა და სულიკვეთებით იბრძოლა, ხელდახელ თამაშით 8 ლელო გაიტანა და პირველი წრის შეხვედრის მსგავსად ქართული რაგბის უხნესი გუნდი ამჯერზეც უშანსოდ დატოვა – 48:7. აღნიშვნის ღირსია რუსთაველთა შუამარბ გიორგი თედეშვილის შედეგიანი თამაში. მარქაფადან ჩართულმა თედეშვილმა „ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა. „დინამოელთა“ მარბიელმა შოთა ობოლაშვილმა ბოლო წუთებზე შეძლო ლელოს დადება, რაც სერგო რამიშვილის შეგირდთათვის ლიდერთან სეზონში ჩატარებულ 2 შეხვედრაში ერთადერთი გატანილი ლელო გამოდგა. სეზონში განცდილი მე-5 მარცხის შემდეგ, ‘დინამო’ ‘ივერიელს’, 7 ქულით ჩამორჩა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ზონის გამარჯვებულმა ‘რუსთავმა’ კი 13-ივე შეხვედრა მოიგო, ბონუსის აღება მხოლოდ 1 მატჩში ვერ მოახერხა და ლიგის მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩა.

დასავლეთ ზონის ლიდერთა დაპირისპირება უქმეებზე გამართულ შეხვედრათაგან გამორჩეული გახლდათ. მეორე ადგილზე მყოფმა ‘კოლხი რაინდებმა’ ზონის ლიდერ ჭიათურას ‘მათეს’ მშობლიურ „პარკი არენაზე“ უმასპინძლა. კოლხები ორმაგად მოტივირებულნი გახლდნენ. დაუმარცხებელ ზემო იმერლებთან წარმატების შემთხვევაში, სეზონში განცდილი ერთადერთი, თუმცა მტკივნეული მარცხისთვის (3:48) რევანშთან ერთად, პლეი ოფის საგზურსაც ინაღდებდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დრამატული ფინალით დასრულდა.

თამაშის უკეთესი ორგანიზაციისა და დაცვაში საიმედოდ გარჯის ხარჯზე, 3 უპასუხო ლელოთი (ფრთა მათე ბოჯგუა, მგეზავი ლევან ბარკავა, შუამარბი გიორგი ზუბიაშვილი) კოლხები ბოლო წუთამდე ანგარიშში სასურველ უპირატესობას ინარჩუნებდნენ. ‘მათემ’ მატჩის მიწურულს მაინც მოახერხა საშური ლელოს გატანა. თავი ბურჯმა გიორგი ასანიძემ გამოიჩინა, ზემო იმერელთა მგეზავ ნიკა კობიაშვილის ზუსტად შესრულებულმა გარდასახვამ, მართალია სტუმრები მარცხისაგან ვერ იხსნა, თუმცა გოჩა კვაჭანტირაძის ბიჭებმა ხსენებული ლელოთი ფოთელებს პრემია არ დაანებეს, საკუთრივ კი ნუგეშ-ქულა გამოიმუშავეს – 15:13, რამაც ‘მათეს’ (ცხრილში გატოლებულ კოლხებთან უკეთესი პირისპირ ბალანსით) ცხრილის სათავეში ადგილი შეუნარჩუნა. ირაკლი სასანიას დამოძღვრილმა კოლხებმა პლეი ოფის საგზური ოფიციალურად დაიბევეს, ზემო იმერლებს კი საწადელის მისაღწევად 2 დარჩენილ შეხვედრაში ხელს 1 ქულა, ან ‘დინოზავრთან’ 18-ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხიც აძლევთ.

წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ ზუგდიდში, ადგილობრივ რაგბის კლუბს 36:21 მოუგო, თუმცა ბონუსის ასაღებად გვარიანი ძალისხმევა დაჭირდა. ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე ყოფნის მიუხედავად, მეგრელები თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებენ და სპეციალისტები ვახტანგ კორკელიას რამდენიმე ახალგაზრდა შეგირდს პერსპექტიულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ.

ზუგდიდელებმა 3 ლელოს გატანა და ერთი ხანობა ანგარიშში დაწინაურებაც მოახერხეს, რაშიც ლომის წილი შუამარბ ავთო ხუფენიას მიუძღვის. მასპინძელთა რიგებში გამორჩეულმა ხუფენიამ შესრულებულ „დუბლთან“ ერთად, სამივე გარდასახვა გამოიყენა. იმერლები აქცენტს ხელდახელ თამაშსზე აკეთებდნენ, სტატიკაშიც გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ და მეორე ნახევარში კარგად მოწყობილი დერეფნების მეოხებით მეგრელებს 3-ით მეტი, მთლიანობაში 6 ლელო დაუდეს. ‘დინოზავრთა’ შუამარბმა გიორგი ჩაფიძემ პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, მასპინძელთა მარცხს კი წერტილი მარბიელ ბორის ტუსკაძის დადებულმა ლელომ დაუსვა.

მართალია, ‘დინოზავრს’ ლიდერებთან ცხრილში გატოლების თეორიული შანსი კიდევ დარჩა, თუმცა პლეი ოფში მოსახვედრად, ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა ‘მათეს’ ქუთაისში სულ მცირე 19-ქულის სხვაობით უნდა მოუგონ და თან ზემო იმერლები ვანელებთან გადადებულ შეხვედრაშიც უქულოდ უნდა დარჩნენ, პარალელურად კი ფოთელებმა დასკვნით ტურში შინ ზესტაფონთან 1 ქულა მაინც უნდა აიღონ. 3 გუნდის / ‘კოლხი რაინდები’, ‘მათე’, ‘დინოზავრი’/ მიერ თანაბარი ქულების თავმოყრის შემთხვევაში, ‘დინოზავრი’-‘მათე’ შეხვედრის შედეგის მიუხედავად, კონკურენტებთან უარესი საერთო პირისპირ ბალანსის ქონის გამო პლეი ოფს მიღმა წყალტუბო რჩება.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე