რეგიონული ლიგა | კოლხები პლეი ოფს მიუახლოვდნენ

რეგიონული ლიგის მე-12 ტურს, დასავლეთი ზონის ორი გადადებული შეხვედრა უსწრებდა. ორივე მატჩი ქუთაისში გაიმართა. ნომინალურმა მასპინძელმა წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ სამტრედიას 9 უპასუხო ლელო დაუდო და მეზობლები  „მშრალი“ ანგარიშით 55:0 დაამარცხა. წყალტუბოელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, ოვალს დროულად და ეფექტურად შლიდნენ და ლელოთა დიდი ნაწილიც ხელდახელ თამაშით იქნა გატანილი. „დინოზავრთა“ მარბიელმა ბორის ტუსკაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა 35 საცხრილო ქულა დააგროვეს და პლეი ოფში მოხვედრის მცირე შანსი შეინარჩუნეს.

ზემო იმერეთში უამინდობის გამო, ზონის ლიდერმა ჭიათურის ‘მათემ’ აუტსაიდერ რაგბის კლუბ ‘ზუგდიდს’ ქუთაისში უმასპინძლა. ზემო იმერლები პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მეგრელებს 11 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩი დაგეგმილი ბონუსით – 67:0 მოიგეს. ‘მათეს’ ფულბეკმა ნიკოლოზ კობიაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. გოჩა კვაჭანტირაძის ბიჭებმა 49 ქულით ლიდერობა შეინარჩუნეს.

დიდთოვლობის გამო, მე-12 ტურში დასავლეთ ზონის ლიდერთა მხრიდან თამაში მხოლოდ ‘კოლხი რაინდებმა’ მოახერხეს. ფოთელებმა ვანში, მასპინძლის როლში მყოფი სამტრედიას ‘ფენიქსი’ ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ 7 უპასუხო ლელო გაიტანეს და ერთ-ერთ აუტსაიდერს დაგეგმილი პრემიით – 43:3 ძლიეს. 47 ქულით მეორე ადგილზე მყოფმა კოლხებმა ლიდერ ჭიათურასთან ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირეს, ხოლო მდევარ  წყალტუბოს 12 ქულით გაუსწრეს, თუმცა ხსენებულ გუნდებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

‘ფენიქსთან’ შეხვედრაში ფოთი ლაღად ირჯებოდა და ოვალს სისწრაფეზე კარგად შლიდა. აღსანიშნავია მარქაფადან ჩართული ლევან ბარკავას კარგი თამაში. ბარკავამ, ვინაც ბოლო ხანს კლასში საგრძნობლად პროგრესირებს, თანაგუნდელები უნარიანად დაგეზა და პირად აქტივს გატანილი ლელოც შემატა. კოლხთა წარმატებას სათავე ბურჯ ნოდარ მიქაძის გატანილმა ლელომ დაუდო, წერტილი კი ფრთა მათე ბოჯგუას დადებულმა ლელომ დაუსვა.

აღმოსავლეთ ზონაში უამინდობის გამო სულ 1 შეხვედრის ჩატარება მოხერხდა. ზონის ლიდერმა ‘რუსთავმა’ „ხარები არენაზე“ უქულოდ მყოფ ღრმა აუტსაიდერ ‘ივერიას’ უმასპინძლა და იოლ წარმატებასაც მიაღწია – 67:3. ქვემო ქართლელებმა 11 ლელო გაიტანეს. მარბიელი ზვიად ციცქიშვილი „პოკერით“ გამოირჩა, შუამარბმა ალექსი ტურაშვილმა კი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.

‘რუსთავმა’ პირველობის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ბონუსის აღება მხოლოდ 1 თამაშში ვერ მოახერხა. ქვემო ქართლელები მეორე ადგილზე მყოფ ‘დევებს’ უკვე 22  ქულით უსწრებენ და პლეი ოფამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. აღმოსავლეთში მეორე ადგილის დასაკავებლად ერთაბაშად 4 გუნდი (‘დევები’, ‘დინამო’, ‘ივერიელი’, ‘წიქარა’) იბრძვის და ‘რუსთავის’ კვალ, ზონიდან პლეი ოფის კიდევ ერთი მონაწილის ვინაობას დიდი ალბათობით დასკვნითი ტური გაარკვევს.

 

ფოტო: თენგიზ გიორგაძე