რეგიონული ლიგა | ზემო იმერლები ფინალს მიუახლოვდნენ

რეგიონული ლიგის პლეი ოფის მეორე ეტაპზე 2-მატჩა ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც ზონებში გამარჯვებული გუნდები პირველ შეხვედრებს სტუმრად ატარებდნენ. დასავლეთ ზონის გამარჯვებული ჭიათურას ‘მათე’ დედაქალაქში, აღმოსავლეთის მეორე ადგილოსან ‘ივერიელს’ ვაზისუბნის სარაგბო სტადიონზე დაუპირისპირდა. დასავლეთის მეორე ადგილოსანმა ‘კოლხი რაინდებმა’ კი აღმოსავლეთის გამარჯვებულ ‘რუსთავს’ „პარკი არენაზე“ უმასპინძლეს.

ფოთში გამართული მატჩის პირველი ნახევარი ქვემო ქართლელთა სრული უპირატესობით წარიმართა. კახა უჩავას შეგირდთა საგრძნობი უპირატესობა კვაჭ  უჩა აღაშვილისა და მარბიელ ზვიად ღამბარაშვილის დადებულ ლელოებში აისახა, რომელთა გარდასახვა სტუმართა შუამარბ თორნიკე კიკნაძეს არ გაჭირვებია. კოლხები კი ტაიმში თავიანთი მგეზავის ლევან ბარკავას ეულ ჯარიმას გამორჩნენ – 14:3.

მეორე ნახევარში თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. კოლხები მობილურად, სწრაფად ამოქმედდნენ და უპირატესობა სტატიკაშიც მოიპოვეს. ქვემო ქართლელები კი მოულოდნელად პასიურ თამაშსა და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდნენ. მართალია, მასპინძელთა მარბიელ ნოდარ გურგენიძის ლელოს გარდასახვა ბარკავას გაუცუდდა, თუმცა დარჩენილ დროში კოლხთა მგეზავმა წყვილი ჯარიმის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ბარკავას საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანაც შეეძლო, თუმცა ბოლო წუთებზე ლევანს სამიზნემ მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან უმტყუნა – 14:14. აღსანიშნავია, რომ ‘რუსთავმა’ მიმდინარე სეზონში შეხვედრის მოგება პირველად ვერ მოახერხა.

‘ივერიელმა’, წყვილში ფავორიტ ჭიათურას ‘მათესთან’ აქტიურად დაწყო შეხვედრა და შესვენებაზე შუამარბ გელა ფოლადიშვილის გატანილი ლელოთი 7-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მასპინძელთა კაპიტანმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმში ‘მათემ’ ტემპს უმატა, რამდენიმე მწვავე მომენტიც შექმნა და ერთ-ერთი მათგანი ლელოთი სტუმართა ფულბეკმა ნიკა კობიაშვილმა დააბოლოვა. კობიაშვილმა ზუსტ გარდასახვას, დარჩენილ დროში 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო – 13:7. ‘მათემ’ ფინალში გასვლაზე სერიოზული განცხადი გააკეთა. ფავორიტს საპასუხო შეხვედრაში მრავალრიცხოვანი ზემო იმერელი ქომაგის აქტიური მხარდაჭერა არ მოაკლდება, რაც გოჩა კვაჭანტირაძის ბიჭების შანსს ერთიორად ზრდის.

ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრები რუსთავსა და ჭიათურაში მომავალ უქმეებზე გაიმართება და წყვილებში გამარჯვებულები 2 მატჩის ჯამური შედეგით გამოვლინდებიან.