რეგიონული ლიგა | ზემო იმერლები პირველ ლიგაში დაბრუნდნენ

‘რუსთავი’-ჭიათურის ‘მათეს’ რეგიონული ლიგის ფინალური შეხვედრა, დებულების თანახმად ნეიტრალურ სტადიონზე, გორის სარაგბო არენაზე გაიმართა. ქვემო ქართლელები ლიგის სატიტულო შეხვედრამდე დაუმარცხებლად მივიდნენ. რუსთაველთა ახალბედა გუნდის დამრიგებელმა კახა უჩავამ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე იახლა და უმოკლეს პერიოდში საკუთარი სათამაშო ხელწერის მქონე სოლიდური კოლექტივიც შეკრა, რომელიც რეგულარული სეზონის მანძილზე მეტოქეებს კლასით აღემატებოდა და მოგების შანსსაც არ უტოვებდა.

გასული სეზონის მიწურულს, კლასში დაქვეითებულ ზემო იმერელთა გუნდში კი კარდინალური ცვლილებები განხორციელდა. ‘მათეს’ სოლიდური მეოხიც გამოუჩნდა და თან მზრუნველობის ხელი ქალაქის ხელნმძღვანელობამაც გაუწოდა. ზემო იმერლებს სათავეში გამოცდილი სპეციალისტი გოჩა კვაჭანტირაძე ჩაუდგა, ვინაც თავისი ლეგენდარული წინამორბედის, ქართული რაგბის ცოცხალი ლეგენდის ზურაბ ხარშილაძის მიერ წლების წინ დაწყებული საქმე წარმატებით განაგრძო. ‘მათე’, რომელიც ძირათადად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, სეზონის მანძილზე თამაშის ხარისხს მეთოდურად აუმჯობესებდა და ფინალურ შეხვედრას ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში შეხვდა.

მრავალრიცხოვანი ქომაგის აქტიური მრადაჭერით მეტოქეებმა უშეღავათო ბრძოლა პირველივი წუთებიდან გააჩაღეს. მატჩის პირველ ნახევარში ზემო იმერელთა დაცვა პრაქტიკულად შეუცდომლად მოქმედებდა. დიდ საბრძოლო სულისკვეთებასთან ერთად, ‘მათეს’ მორაგბეები თავიანთი დამრიგებლის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდნენ და ქვემო ქართლელები მგეზავ ნიკა ბეჟუაშვილის გატანილ ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 11 ქულა დააგროვეს და შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ – 11:3. ‘მათეს’ მგეზავ ნიკა სამხარაძის გატანილ წყვილ ჯარიმას, ზემო იმერელთა ბურჯის მერაბ მენაბდის გარდაუსახავი ლელოც დაერთო.

მეორე ტაიმში ‘რუსთავი’ საგრძნობლად გააქტიურდა, რასაც მეტოქის მხრიდან უხვი ჯარიმა და მთლიანობაში მიღებული 4 ყვითელი ბარათიც მოყვა. უჩავას შეგირდებმა ჯერ მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის ტექნიკური ლელო გამოიმუშავეს, ბეჟუაშვილის გატანილი ჯარიმითა და ქვემო ქართლელთა კვაჭ უჩა აღაშვილის დადებული ლელოთი უპირატესობა გაიმყარეს – 18:11.

‘მათემ’, ხსენებული პრობლემების მიუხედავად  მატჩის დასკვნით ნაწილში შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოამჟღავნა და შეხვედრაში გარდატეხის შეტანაც მოახერხა. ჭიათურელთა ერთ-ერთ ლიდერ, ფულბეკ ნიკა კობიაშვილის გატანილი ლელო სამხარაძემ გარდასახა და ანგარიშიც გაათანაბრა. მართალია, ‘რუსთავი’ მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა, თუმცა ‘მათემ’ თავი კარგად დაიცვა და შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე, საკუთარ 22-მეტრიან ზონაში ფრთაზე სწრაფად გაშლილი ოვალი მაღალ სიჩქარეზე, სპრინტერული მანევრით, გამარჯვების მომტან ლელოდ ფრთა ნიკა მაჭარაშვილმა აქცია – 23:18.

‘მათე’ პირველ ლიგაში 1-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ‘რუსთავს’ კი კლასში ასამაღლებლად პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასულ გორის ‘ჯიქთან’ 2-რაუნდიანი დაპირისპირება მოწევს. ‘ჯიქი’-‘რუსთავის’ აღმოსავლური დერბის პირველი შეხვედრა ქვემო ქართლის დედაქალაქში, „ხარები არენაზე“ 29 მაისს გაიმართება.

ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ‘მათეს’ ფულბეკი ნიკა კობიაშვილი დასახელდა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ დააჯილდოვა. მონაწილე გუნდებს მედლები რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ და ვეტერანმა მორაგბე გია ლაბაძემ გადასცეს. ‘მათეს’ კაპიტანმა იოსებ ბიწაძემ კი ტრადიციული ფოიერვერკის თანხლებით, ლიგის საჩემპიონო თასი სოსო ტყემალაძისგან ჩაიბარა.