რეგიონული ლიგა | დასავლეთში ‘მათემ’ ვადამდე იპირველა

რეგიონული ლიგის დასკვნითი ტურის წინ ორგანიზატორებმა დარჩენილი გადადებული შეხვედრებით კალენდარი სრულად „გაასწორეს“. გასულ უქმეებზე გამართულმა შეხვედრებმა რეგულარული სეზონის ბოლო ტური პრაქტიკულად ფორმალობად აქცია.

დასავლეთ ზონაში მესამე ადგილზე მყოფმა ‘დინოზავრმა’ ბონუს-ქულით გამარჯვება უბრძოლველად მოიპოვა, თუმცა პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. წყალტუბოელებს თამაშზე ზესტაფონის ‘არწივები’ არ გამოუცხადდა, რის გამოც დებულების თანახმად ზაზა ჩირგაძის ბიჭებს 5-ქულიანი გამარჯვება მიენიჭათ. მართალია, დასკვნით ტურში ‘დინოზავრი’ შესაძლოა ქულებით მეორე ადგილზე მყოფ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ გაუთანაბრდეს, თუმცა კოლხები იმერლებს უკეთესი პირისპირ ბალანსით აღემატებიან და შესაბამასიდ პლეი ოფის საგზურიც დაბევებული აქვთ. ფოთელები ლიგის საჩემპიონო პლეი ოფის 2-რაუნდიან 1/2-ში აღმოსავლეთ ზონის გამარჯვებულ ‘რუსთავს’ დაუპირისპირდებიან და როგორც საკუთარი ზონის მეორეადგილოსანი, პირველ შეხვედრას „პარკი არენაზე“ გამართავენ.

ჭიათურას მათემ’ კი ვანის ‘აიეტთან’ საშინაო შეხვედრის ბონუსით მოგებით (72:0), პლეი ოფში თამაშის უფლების მოპოვებასთან ერთად, დასავლეთ ზონაში პირველი ადგილიც გაინაღდა. მართალია, ზემო იმერლებს საცხრილო ქულებით შესაძლოა ფოთელები გაუტოლდნენ, თუმცა გოჩა კვაჭანტირაძის ბიჭებს კოლხებთან უკეთესი პირისპირ ბალანსი გააჩნიათ და შესაბამისად პირველი ადგილიც განაღდებული აქვთ. ‘მათეს’ საჩემპიონო ნახევარფინალში პაექრობა აღმოსავლეთის მეორე ადგილოსანთან მოუწევს.

ზემო იმერლები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ და ვანელებს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს. ‘მათე’ სისწრაფეზე მოქმედებდა, ოვალს კარგად შლიდა და სტუმრებს ხაზს იოლად უჭრიდა. მღლეტელმა ლევან ყაველაშვილმა და მარბიელმა მამია მანდარიამ „დუბლი“ შეასრულეს. გატანილი ლელოთი და  6 ზუსტად შესრულებული გარდასახვით, ‘მათეს’ ფულბეკი ნიკო ღავთაძე მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ იქცა.

აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზე მყოფმა ‘ივერიელმა’ პრინციპულ მეტოქე ‘დინამოსთან’ განცდილი მარცხით პლეი ოფის გზა ოდნავ დაიგრძელა. უაღრესად დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. მატჩის მიწურულს ფულბეკ თორნიკე ხურცილავას გარდაუსახავი ლელოთი ‘ივერიელი’ ანგარიშში 2 ქულით დაწინაურდა, თუმცა „დინამოელთა“ ერთ-ერთ ბოლო მიძალებაზე შუამარბმა როპატი დაგიამ ივარგა, ვისმა დადებულმა ლელომ ვაჟა პაიჭაძის ბიჭებს სეზონში მესამე მარცხი აგემა – 21:18.

მართალია, ‘დინამომ’ კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა მოიგო, თუმცა ‘რაშებთან’ მატჩის მიწურულს მიღებულმა ლელომ სერგო რამიშვილის გუნდი ცხრილში მეოთხე ადგილზე დატოვა და თან პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსიც დააკარგინა. ‘დინამო’ მთელი შეხვედრის მანძილზე უპირატესობას ფლობდა, 4 ლელოს გატანაც მოახერხა (კვაჭი ლევან პირმისაშვილი „დუბლი“), თუმცა ბოლო წუთებზე ‘რაშების’ მღლეტელ შოთა სხირტლაძის დადებულმა ლელომ ქართული რაგბის უხნეს გუნდს ბონუსით მოგება და მესამე ადგილზე ანაცვლება არ დაანება – 28:17.

‘ივერიელმა’ კი ‘დინამოსთან’ აღებულ ნუგეშ-ქულას, ცხრილის ბოლოსწინა საფეხურზე მყოფ თელავის ‘ქისთან’ დაგეგმილი პრემიით გამარჯვება დაურთო – 65:5. ფავორიტმა, კახელებს 11 ლელო დაუდო. შედეგიანი თამაშით ‘ივერიელის’ შუამარბი და კაპიტანი გელა ფოლადიშვილი გამოირჩა, ვინაც შესრულებულ „დუბლთან“ ერთად, 5 გარდასახვაც გამოიყენა.

‘ივერიელის’ მდევარმა ‘წიქარამ’ სეზონში მე-9 გამარჯვება გაიფორმა, თუმცა საშური პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლო. ‘დევებთან’ დაპირისპირებაში დათო სტეფანოვის ბიჭები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, 5 ლელოს გატანაც მოახერხეს (ფრთა დავით ჭეჭვაძე „დუბლი“), თუმცა ‘დევების’ მარბიელ შოთა წიწილაშვილის მატჩის მიწურულს გატანილმა ლელომ ‘წიქარა’ ბონუსის გარეშე დატოვა – 33:21.

‘ივერიელმა’ 45 ქულა დააგროვა და დასკვნითი ტურის წინ, მდევრებს ‘წიქარასა’ და ‘დინამოს’ შესაბამისად 4 და 5 ქულით უსწრებს. სეზონის ბოლო შეხვედრას ‘ივერიელი’ მოუგებლად მყოფ ‘ივერიას’ წინააღმდეგ გამართავს და რთულად წარმოსადგენია, რომ ფავორიტმა უქულოდ მყოფ და თან ყველა მაჩვენებლით ლიგის ღრმა აუტსაიდერთან პოზიტიური შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხოს. პლეი ოფში მოსახვედრად პაიჭაძის ბიჭებს ‘ივერიასთან’ შეხვედრაში ხელს ნუგეშ-ქულაც კი ყოფნით, რადგან ‘წიქარასთან’ უკეთესი პირისპირ ბალანსი გააჩნიათ.