რეგიონული ლიგა | გაზრდილი მონაწილეებითა და შეცვლილი ფორმატით

სეზონის წინ რეგიონულ ლიგაში მონაწილეთა რიცხვი სარეკორდოდ, 19 გუნდამდე გაიზარდა, რის გამოც საშეჯიბრო კომიტეტს პირველობის ფორმატში გარკვეული კორექტივების შეტანა მოუხდა. დასავლეთ ჯგუფში მონაწილე 8 გუნდი რეგულარულ სეზონში 2 წრედ (14 ტურად) იასპარეზებს და მოწინავე ორეული პლეი ოფში ითამაშებს.

აღმოსავლეთ ჯგუფში კი 11 გუნდის თავმოყრის გამო, რეგულარული სეზონი 2 ეტაპად გაიმართება. 1-წრიანი შეჯიბრების შედეგად გამოვლენილი მოწინავე ექვსეული კვლავ 1-წრედ იასპარეზებს (თან გუნდებს პირველ ეტაპზე ჩატარებული ყველა შეხვედრის შედეგი და დაგროვილი ქულები გადაყვებათ), რის შემდგომ პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები დასავლეთის ჯგუფის 2 წარმატებულ გუნდთან ჭიდილში 2-რაუნდიან (შინ და გასვლაზე) პლეი ოფში ფინალური შეხვედრის მონაწილეებს გამოავლენენ. სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. რეგიონული ლიგის ჩემპიონი ზედა ლიგაში ასვლაზე პირველი ლიგის მე-8 ადგილოსანთან დუელში იბრძოლებს, ლიგის მეორე ადგილოსანი კი ზედა ლიგის საგზურს პირველი ლიგის მე-7 ადგილოსანს შეეცილება. აღსანიშნავია, რომ რეგიონული ლიგის გუნდები კლასით მაღლად მყოფ მეტოქეებთან 1-მატჩა შეხვედრებს საკუთარ არენებზე გამართავენ.

აღმოსავლეთის ჯგუფი (მეორე ტური)

თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ‘ჭადარმა’ ლიგის დებიუტანტ ‘არაგველებს’ უმასპინძლა. კახელთა საგრძნობი უპირატესობა 8 გატანილ ლელოსა და დამაჯერებელ გამარჯვებაში აისახა – 50:7. მასპინძელთა ფრთა გიორგი გახუტიშვილმა პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა, რასაც 5 გადასახვაც დაურთო და მატჩის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ შეიქნა. ‘ჭადარის’ ახალი მთავარი მწვრთნელი თენგიზ ცისკარიშვილი კვართის კედელზე ჩამოკიდებას არ ჩქარობს და თავის მდიდარ გამოცდილებას ახალგაზრდა შეგირდებს უშუალოდ მოედანზეც უზიარებს. ‘ჭადარმა’ სეზონის მეორე სადებიუტო შეხვედრაც მოიგო და 9 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

‘პატარძეულმა’ პირველობის სადებიუტო შეხვედრა ვაზისუბანში, ‘ივერიელთან’ აღმავლობით ჩაატარა და მატჩი ბონუსით – 50:17 მოიგო. გარე კახელთა შემადგენლობაში დიდ 10-ში თამაშის გამოცდილების მქონე რამდენიმე მორაგბე ასპარეზობს, რომელთა ოსტატობამ თავი განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარში იჩინა. ‘ივერიელმა’ მატჩის დებიუტში 10 ქულით დაწინაურებაც მოახერხა, თუმცა გარე კახელებს შეხვედრის შემოტრიალება არ გაჭირვებიათ და მეტოქეს მთლიანობაში 8 ლელო დაუდეს. „დუბლით“ შუამარბები: მურაზ გიორგაძე და გიორგი ზუკაკიშვილი გამოირჩნენ. ‘პატარძეულის’ მარბიელმა ვეფხია უსტიაშვილმა მოლით ასევე წყვილი ლელოს გატანა მოახერხა.

ლიგის დებიუტანტმა ‘სოხუმმა’ პირველი გამარჯვება ბონუსით მოიპოვა. გიგა მაქაძის შეგირდებმა ქართული რაგბის უხნეს კლუბ ‘ივერიას’ ვაზისუბანში 6 ლელო დაუდეს და მეტოქე ოდენ 2 ლელოს დააჯერეს. ‘ივერიას’ შუამარბმა გიგა ძებნიაურმა „დუბლი“ შეასრულა. ‘სოხუმის’ ფულბეკმა პაატა ღარიბაშვილმა პირად აქტივში ასევე წყვილი ლელო ჩაიწერა.

მეორე ტურში განსაკურებული სიმძაფრით ‘დევებისა’ და ‘გარდასახვას’ შეხვედრა გამოირჩა. დედაქალაქურ დერბიში, კაპიტან და მგეზავ დავით ფურცელაძის 4 გატანილი ჯარიმით ‘დევებმა’ პირველი ნახევარი 2-ქულიანი სხვაობით მოიგეს. მეორე ტაიმში უპირატესობას ლიგის დებიუტანტი დაეუფლა. ფრთა თედო დევიძემ „დუბლი“ შეასრულა, რამაც ‘გარდასასხვა’ ბონუს-ქულით მოგებას მიუახლოვა. ‘დევებმა’ ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის მიწურულს მხტომელ ზაზა იაკობიძის გატანილი ლელოთი მეტოქეს პრემია არ დაანებეს, საკუთრივ კი ნუგეშ-ქულას გამორჩნენ, რამაც სანდრო ლომთაძის შეგირდებს 6 ქულით ცხრილში მესამე ადგილზე განთავსების შესაძლებლობა მისცა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა მუხიანში გაიმართა. ‘ლაშარმა’ ფავორიტ ‘რუსთავს’ უმასპინძლა. ქვემო ქართლელებს მიმდინარე სეზონში გიორგი ჯიმშელაძე დამრიგებლობს და გუნდის მთავარ მიზანს ზედა ლიგაში ანაცვლება წარმოადგენს. ფავორიტი საგძნობ უპირატესობას ფლობდა, რაც რუსთაველთა გატანილ 12 უპასუხო ლელოსა და „მშრალი“ ანგარიშით დამაჯერებელ გამარჯვებაში აისახა – 76:0. სტუმართა 19 წლის ფრთა გიგი ალექსანდრიამ „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა. ‘რუსთავმა’ მეორე გასვლითი შეხვედრაც ბონუსით მოიგო და 10 ქულით ცხრილის სათავეში მოექცა.

დასავლეთის ჯგუფი (მეორე ტური)

ტურის გამორჩეული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. მასპინძლის როლში მყოფ წყალტუბოს ‘დინოზავრს’ ამბიციურმა სამტრედიას ‘ფენიქსმა’ მოულოდნელად ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ზაზა ჩირგაძის შეგირდები პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, „მტრედებს“ 13 უპასუხო ლელო დაუდეს და სეზონის მეორე მატჩშიც ბონუსის თანხლებით, „მშრალი“ ანგარიშით – 73:0 იმარჯვეს. „დუბლით“ მარბიელი ბადრი დანგაძე, ფულბეკი იაგო ხაბულიანი და ფრთა დათო ჩაუჩიძე გამოირჩნენ. წყალტუბოელთა ჩატარებულ შეხვედრათა თამაშის ხარისხმა ამთავითვე ნათლად ცხადყო, რომ ლიგის ტიტულის ერთ-ერთი მთავარი მაძიებელი ‘დინოზავრი’ იქნება.

წყალტუბოელთა მსგავსად, საწყის 2 ტურში ქულათა მაქსიმუმი (10) ფოთის ‘კოლხი რაინდებმა’ და ვანის ‘აიეტმაც’ დააგროვეს.

კოლხებმა მშობლიურ „პარკი არენაზე“ ჩოხატაურის ‘ჯანს’ 7 დადებული ლელოთი (45:0) მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაუწყვიტეს. ფოთელთა მოთამაშე-მწვრთნელმა ირაკლი სასანიამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, თუმცა მეოთხე ლელოს ეფექტურად გატანის წარუმატებელი მცდელობისას  მასპინძელთა ვეტერანი ფრთა სერიოზულად დაშავდა. კოლხებმა მეორე ნახევარში საკუთარ მონაგარს კიდევ 2 გარდასახული ლელო წაუმატეს და იოლი გამარჯვებაც მოიპოვეს – 59:5.

ვანის ‘აიეტი’, ქედას ბათუმში ეწვია და სულორში დაგეგმილი 5 ქულით დაბრუნდა – 57:5. ვანელთა ფულბეკმა ბექა აბრამალაძემ „დუბლი“ შეასრულა. სეზონის წინ ‘აიეტი’ საგრძნობლად გაძლიერდა და ბაკურ ბარამიძის შეგირდებს შორს მიმავალი მიზნები ამოძრავებთ.

ლიგის დებიუტანტ ბათუმის ‘მეკობრეებს’ საკუთარი არენის უქონლობის გამო ‘ზუგდიდთან’ საშინაო შეხვედრის გამართვა ფოთში მოუხდათ. პირველ ტურში ხელმოცარულ მეტოქეთა დაპირისპირებაში უკეთ აჭარლები გამოიყურებოდნენ. ირაკლი ცნობილაძის ბიჭებმა მეგრელებზე 2-ით მეტი, 5 ლელო გაიტანეს და პირველი გამარჯვებაც გაიფორმეს – 34:19. ‘მეკობრეთა’ მხტომელმა ნუკრი გოგიტიძემ „დუბლის“ შესრულება მოახერხა.