რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთში დაუმარცხებელი მხოლოდ ‘რუსთავი’ დარჩა

უქმეებზე, რეგიონულ ლიგაში მხოლოდ აღმოსავლეთ ჯგუფის გუნდებმა ითამაშეს. რეგულარულ სეზონში ამერის ბინადრები ჯერ 11 ტურად, 1-წრიან შეჯიბრებას მართავენ, რომლის დამთავრების შემდეგ აღმოსავლეთის ფინალში თამაშის უფლების მოსაპოვებლად ბრძოლას მოწინავე ექვსეული ასევე 1 წრედ განაგრძობს და თან გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულებიც სრულად გადაყვებათ.

აღმოსავლეთში პირველობამ ეკვატორი გადალახა და მეექვსე ტურის შემდეგ დაუმარცხებელი მხოლოდ ჯგუფის ლიდერი ‘რუსთავი’ დარჩა. ‘წიქარას’ სეზონში პირველი მარცხი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითების ფასად დაუჯდა. მომდევნო ტურში ‘წიქარას’ ჯგუფის ლიდერთან რუსთავში ურთულესი შეხვედრა ელის. ლიგის დებიუტანტმა ‘გარდასახვამ’ მეორე ადგილზე პირველად აინაცვლა და მესამე ადგილზე მყოფ ‘სოხუმს’ 1 ქულით უსწრებს, ხოლო ლიდერ ‘რუსთავს’ 5 ქულით ჩამორჩება.

ლიგის კიდევ ერთმა დებიუტანტმა ‘პატარძეულმა’ მეხუთე პოზიცია გაიმყარა. მოწინავე ექვსეულის მიჯნაზე კი ცხრილში 9-9 ქულით ტოლ-სწორად მყოფნი ‘ჭადარი’ და ‘ივერიელი’ რჩებიან. მეტოქენი ერთურთში უძლიერესს მომდევნო ტურში თელავში გაარკვევენ. ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსს 7 ქულის მქონე ‘დევებიც’ ინარჩუნებენ, რომელთაც მომდევნო ტურში დაპირისპირება მდევარ ‘არაგველებთან’ მოუწევთ.

‘რუსთავმა’ აუტსაიდერთა სიახლოვეს მყოფ ‘არაგველებს’ საშინაო შეხვედრაში 9 უპასუხო ლელო დაუდო და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 53:0 მოიგო. გიორგი ჯიმშელაძის შეგირდთაგან „დუბლით“ ფრთა გიგი ალექსანდრია და მგეზავი ნიკა ბეჟუაშვილი გამოირჩნენ. ‘რუსთავმა’ პირველობაზე ჩატარებული ექვსივე მატჩი მოიგო და პრემიალური ქულის აღება მხოლოდ 1 შეხვედრაში ვერ მოახერხა.

ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ლიდერთა სამეულში მყოფი გუნდების, ‘წიქარასა’ და ‘სოხუმის’ დაპირისპირება იწვევდა. ‘სოხუმმა’ მეტოქეს თავიდანვე მაღალ ტემპში შეუტია, მარბიელ გიორგი კიპაროიძისა და მგეზავ გიგი ჭინჭარაულის გატანილი ლელოებით შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მართალია, ‘სოხუმის’ მოთამაშე-მწვრთნელთა დუეტმა: გიგა მაქაძემ და ლევან ტიტველაშვილმა ძირითადი შემადგენლობის 5 მორაგბე მოისაკლისეს, თუმცა მეტი თავდადებისა და ხშირი აგრესიული ბოჭვების ხარჯზე მოპოვებული უპირატესობა პროდუქტიულად გამოიყენეს.

მეორე ტაიმში ფრთა მიშო გოცირიძის ლელოთი (ფულბეკმა პაატა ღარიბაშვილმა 2 გარდასახვას, 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო) ‘სოხუმმა’ უპირატესობა 17-ქულამდე გაზარდა. ბოლო 20 წუთში კი ‘წიქარამ’ მეტოქის გადაღლილობითა და უკეთესი მარქაფას ყოლის ფაქტორით ისარგებლა და ჯერ მხტომელმა ნუგზარ ჯოჯუამ მოახერხა ლელოს დადება, ბოლო წუთებზე კი მგეზავ ლუკა ზუხბაიას გატანილი ჯარიმით ნუგეშ-ქულასაც გამორჩა – 25:18.

„ავჭალა არენაზე“, ლიგის დებიუტანტმა ‘გარდასახვამ’ თელავის ‘ჭადარს’ უმასპინძლა. მართალია, ლაშა აზალაძის ბიჭები მატჩის დებიუტში კვაჭ ნიკა ჯიმშელეიშვილის ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა კახელები ორგანიზებულად, რაციონალურად მოქმედებდნენ. სტუმართა ფულბეკმა ლაშა სირაძემ ჯერ თავისი გუნდის კაპიტნის ვანო თუშიშვილის ლელო გარდასახა, რასაც გატანილი ჯარიმაც დაურთო და ‘ჭადარი’ შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმი კი ფიზიკურად უკეთ მომზადებულ ‘გარდასახვას’ უპირატესობით წარიმართა. აზალაძის შეგირდთა უპირატესობა განსაკუთრებით მატჩის ბოლო 20 წუთში გამოიკვეთა. დებიუტანტმა აღნიშნულ პერიოდში 4 ლელოს გატანა მოახერხა. მარბიელ ლუკა ქამუშაძის დადებულმა ლელომ ‘გარდასახვას’ პრემიალური ქულით მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოაგებინა – 37:20.

პატარძეულში, ადგილობრივ კლუბს ‘დევებმა’ გარკვეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. გარე კახელები მარბიელ ლაშა მუჩიაშვილისა და მხტომელ გიორგი უსტიაშვილის გატანილ ლელოთა წყალობით შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში თორღვა ქაცანაშვილის შეგირდებმა ტემპს უმატეს, ‘დევებზე’ ზეწოლა გააძლიერეს და მონაგარს კიდევ 4 ლელო შემატეს. ‘პატარძეულის’ ჰავბეკმა შაქრო სუხაშვილმა 6-ივე ზუსტად შესრულებულ გარდასახვასთან ერთად ლელოს დადებაც მოახერხა. ‘დევები’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს მეორე ტაიმის შუაწელს მარბიელ გიორგი ოთარაშვილის გატანილი ლელოთი გადაურჩნენ – 42:7.