რეგიონული ლიგა | ამერ-იმერში ლიდერობას ‘წიქარა’ და ‘დინოზავრი’ აგრძელებენ

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთში მეორე ეტაპზე პლეი ოფის ორი საგზურისთვის ბრძოლას ზედა ექვსეული ერთ წრედ აგრძელებს. გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები სრულად გადაჰყვათ. წყვილში მასპინძლობის უფლებით პირველ ეტაპზე მეტოქესთან სტუმრად მყოფი გუნდი სარგებლობს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი ორივე ეტაპზე დაფიქსირებულ ჯამურ პირისპირ ბალანსს მიენიჭება. აღმოსავლეთის გამარჯვებული 2-მატჩა პლეი ოფში დასავლეთის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება, ხოლო აღმოსავლეთის მეორე ადგილოსანი კი ურთიერთობას დასავლეთის გამარჯვებულთან გაარკვევს. დასავლეთიდან კი პლეი ოფის მონაწილენი 2-წრიანი შეჯიბრების შემდეგ გაირკვევა.

აღმოსავლეთის ზედა ექვსეულის ლიდერი ‘წიქარა’ პირველ ტურში თელავში ‘ჭადარს’ ესტუმრა. „კავკასიონი არენაზე“ მასპინძელთა ახალგაზრდა კოლექტივმა ფავორიტს პირველ ტაიმში ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და 2 გარდასახული ლელოთი გიორგი ბარნოვის ბიჭები მხოლოდ 10-ქულიან უპირატესობას დააჯერა.

მეორე ტაიმში ფიზიკურად უკეთ მომზადებულმა ‘წიქარამ’ ტემპს უმატა და  სივრცეზე მოპოვებული უპირატესობა მთლიანობაში 7 გატანილ ლელოშიც ასახა. ‘წიქარას’ მარბიელმა გიორგი მანჯიკაშვილმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო სტუმართა მგეზავმა ლუკა ზუხბაიამ 6 გარდასახვა გამოიყენა და 5 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა – 62:19. ‘წიქარამ’ 50 საცხრილო ქულას მოუყარა თავი და მდევარ ‘რუსთავთან’ უპირატესობა 2-ქულამდე გაზარდა.

‘რუსთავი’, პატარძეულში ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდა და ტაიმ-ნახევრის მანძილზე უპირატესობასაც ფლობდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვემო ქართლელებმა გარე კახელები ეულ ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი ფრთა ზუკა ბენდელიანის, ბურჯ გიორგი ჭელიძისა და მგეზავ ნიკა ბეჟუაშვილის გატანილი ლელოებით 19 ქულით დაწინაურდნენ და საშურ ბონუს-ქულასაც მიუახლოვდნენ.

შეხვედრის ბოლო 20 წუთი კი მასპინძელთა სრული კარნახით წარიმართა, რასაც გარე კახელთა 2 გატანილი უპასუხო ლელო მოჰყვა. მატჩის ბოლო წუთზე ‘პატარძეულის’ გამოცდილმა შუამარბმა მურაზ გიორგაძემ რაქიდან დროულად გამოტანილი ოვალი ძალისმიერი ლელოთი დააგვირგვინა, რითაც საკუთარ გუნდს ნუგეშ-ქულა მოუპოვა – 22:15.

‘გარდასახვა’-‘სოხუმის’ ტურის გამორჩეულ შეხვედრას „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა. ცხრილში მეტოქეებს სულ 1 ქულა აშორებდათ და მოწინავე ორეულში მოხვედრის შანსს მხოლოდ მატჩში გამარჯვებული გუნდი ინარჩუნებდა. პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ‘გარდასახვამ’ მეტოქეზე ერთით მეტი, 2 ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა შესვენებაზე ანგარიშში მინიმალური უპირატესობით ‘სოხუმი’ წავიდა.

მეორე ტაიმში ‘სოხუმის’ უპირატესობა გამოიკვეთა. გიგა მაქაძისა და ლევან ტიტველაშვილის შეგირდებმა სტატიკაში იძალეს, მეტოქეს 3 ლელო დაუდეს და მატჩიც დამაჯერებლად – 41:17 მოიგეს. ‘სოხუმის’ მოგებაში ლომის წილი ფულბეკმა პაატა ღარიბაშვილმა დაიდო, ვინაც გატანილ ლელოსთან ერთად, 3 გარდასახვა გამოიყენა და 5 ჯარიმაც ძელებს შუა ზუსტად გაატარა. ‘სოხუმი’ ცხრილში მესამე პოზიციაზე რჩება და ‘რუსთავს’ კვლავინდებურად 5 ქულით ჩამორჩება.

დასავლეთში მეორე წრე ფავორიტთა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ლიდერმა წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ ჩოხატაურის ‘ჯანს’ სეზონის რეკორდული სხვაობით მოუგო. ქუთაისში, „აია არენაზე“ ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა გურულებს 19 უპასუხო ლელო დაუდეს. იმერელთა კაპიტანი და მარბიელი ბადრი დანგაძე „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა. ძლიერი ქარის მიუხედავად, წყალტუბოელთა მგეზავმა გიორგი ჭოლაძემ 12 გარდასახვა გამოიყენა – 119:0. ‘დინოზავრი’ ლიდერობას მაქსიმალური შედეგით, 40 ქულით აგრძელებს და მდევარ ფოთის ‘კოლხი რაინდებს’ კვლავინდებურად 5 ქულით უსწრებს.

ლიდერის მსგავსად, ფოთელებმაც დაგეგმილი პრემიით, „მშრალი“ ანგარიშით იმარჯვეს. „პარკი არენაზე“, ზღვისპირულ დერბიში კოლხებმა ბათუმის ‘მეკობრეებს’ 5 უპასუხო ლელო დაუდეს. ფოთელები უპირატესად დაცვაში ხისტი და საიმედო თამაშით გამოირჩნენ. მასპინძელთა მხრიდან ლელოს გატანა პირველ ნახევარში მხტომელმა დავით ცირამუამ და მარბიელმა ლუკა დოლბაიამ მოახერხეს. აჭარელთა მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართული ბურჯის ადენი კუმარიტოვის მეორე ტაიმში გატანილმა ლელომ დაუსვა – 29:0. ისიც აღსანიშნავია, რომ კოლხებმა მესამე ადილზე მყოფ ვანის ‘აიეტთან’ სხვაობა 7-ქულამდე გაზარდეს.